წარმოიდგინეთ, ლაპარაკს ცდილობთ, მაგრამ შესაბამის სიტყვებს ვერ პოულობთ და შემდეგ, როცა ამას საბოლოოდ ახერხებთ, ვერავინ იგებს, რას ამბობთ. ვერც იმას ხვდებით, რასაც სხვები გეუბნებიან — აი, დაახლოებით ასეთია აფაზიით ცხოვრება… მას ტვინის დაზიანება იწვევს, რასაც გავლენა აქვს მეტყველებასა და ენის გაგებაზე. ხშირად ეს ინსულტის ან ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგია.
აფაზია იმაზე უფრო გავრცელებულიც კია, ვიდრე პარკინსონის დაავადება, ცერებრალური დამბლა, გაფანტული სკლეროზი ან კუნთების დისტროფია. ძალიან ცოტას საუბრობენ ამაზე, რაც ალბათ იმის შედეგიცაა, რომ აფაზიის მქონე ადამიანებს უჭირთ საუბარი… თუმცა მსახიობმა ბრიუს უილისმა საკუთარი აფაზიის დიაგნოზის შესახებ საჯაროდ განაცხადა.
მეტიც, ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, 60 გაზომვად მდგომარეობას შორის აფაზიას ცხოვრების ხარისხზე იმაზე უფრო დიდი ნეგატიური გავლენა აქვს, ვიდრე კიბოსა და ალცჰაიმერს.
მწერალი ჯუდიტ ჰანა ვაისი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც აფაზიაზე საუბარი გადაწყვიტა. იგი 16 წლის წინ ავარიაში მოყვა, თავის ტვინის დაზიანებამ კი ამ დიაგნოზამდე მიიყვანა. ახლა საუბრობს, როგორი იყო დაავადებასთან ერთად ცხოვრება პირველ წლებში და როგორ შეძლო მასთან გამკლავება.
სტატიკურად დარჩენილი ტვინი
როგორც მის ნაწერებში ვკითხულობთ, დაზიანების პირველივე დღეებში ენას თითქმის ვერ ამოძრავებდა და უცნაურ ხმებს გამოსცემდა. როცა ეუბნებოდნენ, კონკრეტული სიტყვები წარმოეთქვა, იქნებოდა ეს სპილო, ვაშლი თუ სხვა რამ, გული უჩქარდებოდა და ოფლიანდებოდა. მისთვის ნავიგაციაც კი რთული იყო პატარა სივრცეში ან პატარა რაღაცებზე. არც იმას ჰქონდა აზრი, სპეციალური სახელები ან მინიშნებები რომ დაეხვედრებინათ კარებზე. თანაც, არ ჰქონდა უნარი ვინმესთვის ეთქვა, რომ „არ შეეძლო“.
„თუ წყლის დალევა მინდოდა, ამის იმიტაციას ვაკეთებდი, რადგან ვერ ვიპოვე სიტყვა ბოთლი, წყალი, წყურვილი ან დალევა. თითქმის საერთოდ არ ვლაპარაკობდი, მაგრამ თუ დავაპირებდი, პანიკა მეწყებოდა. ავარიის შემდეგ სიტყვების გაერთიანება დავიწყე, ვთქვი „თეთრი ცა“, რაც თოვლს ნიშნავდა“, — ამბობს ის.
ავარიიდან 16 წელზე მეტი გავიდა და მას 2-3 დღეში ერთხელ საუბარი შეუძლია…
გამოჯანმრთელება და გამკლავება
ჯუდიტის მკურნალობის მეთოდები მის მიერ შემუშავებულ თერაპიებს ეფუძნება. როგორც ამბობს, ავარიიდან 1 წელში აუდიოწიგნების მოსმენა დაიწყო, თითო წინადადებას აჩერებდა და მის სიტყვებს იმეორებდა, თუმცა ახლა ასე უკვე აღარ აკეთებს და უბრალოდ უსმენს. ამასთან, ყველაფერს იწერდა, რისი სახელიც ახსენდებოდა, შემდეგ კი ეს ყველაფერი წიგნად გააერთიანა.
ის, რაც აფაზიის შესახებ ვიცით
აქ შესაძლებლობასა და შეზღუდულ შესაძლებლობას შორის ზღვარი წაშლილია, რადგან აფაზიის მქონე ადამიანებს ზოგჯერ რაღაც შეუძლიათ, ზოგჯერ კი არა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება მათ შინაგან სამყაროში და მათ ირგვლივ მოცემულ დროს. საკუთარი შეზღუდვების გაგებაც კი რთულია, რადგან ეს ყველა წუთში იცვლება… აფაზიას ვერ განვმარტავთ ან აღვწერთ ერთი ტაქტიკით თუ მკურნალობის მეთოდით. მის მიერ მოყენებული ზიანი ცვლადია და უნიკალური ნებისმიერი ადამიანისთვის.
„აქ მთავარია ის, თუ რამდენად ბევრს იმუშავებენ აფაზიის მქონე ადამიანები ძალიან პატარა შედეგების მისაღწევად“, — ამბობს ჯუდიტი, მწერალი და ჯერ გამოუქვეყნებელი მემუარის Away With Words-ის ავტორი.