in

9 აპლიკაცია ფოტოებისა და ვიდეოების დამუშავებისთვის

ფოტო-ვიდეო კონტენტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. არ არის აუცილებელი, პროფესიონალები ვიყოთ იმისთვის, რომ ჩვენი გალერეა მრავალფეროვანი ფოტოებითა და ვიდეომასალით იყოს სავსე. სოციალურმა ქსელებმა ვიზუალური კონტენტი საკმაოდ გაზარდა და თითოეული ჩვენგანიც მოიცვა. იმის გარდა, რომ კარგი კამერა გვჭირდება ხარისხიანი ფოტოს გადასაღებად, არსებობს უამრავი ციფრული ინსტრუმენტი, რომელიც ფოტოებს, ვიდეოებს ამუშავებს და მათ უფრო მიმზიდველსა და ეფექტურს ხდის. 

იმის მიუხედავად, რომ სამოყვარულო ფოტო-ვიდეოს ეფექტები ინსტაგრამს, ფეისბუკსა და ტიკ-ტოკსაც აქვთ, არსებობს სხვა პლატფორმებიც, რომლებიც უშუალოდ ვიზუალური მასალის დამუშავებისთვისაა განკუთვნილი. ძირითადად, ესენი მობილური აპლიკაციები არის ხოლმე. როდესაც ძებნას იწყებთ, შეიძლება უამრავი მსგავსი აპლიკაცია იპოვოთ, მაგრამ თუ თავად არ ნახავთ და გატესტავთ, მხოლოდ სთორში მითითებული მოკლე აღწერით ვერ გაიგებთ, რაში უნდა გამოიყენოთ და რა შესაძლებლობები აქვს.

ფოტოგრაფები, ვლოგერები – ის ადამიანები არიან, ვინც მსგავს საკითხებში ჩვენზე უკეთ ერკვევა. ამიტომ რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ იმისთვის, რომ გაგვერკვია, რომელ აპლიკაციებს და რატომ იყენებენ ისინი საუკეთესო ხარისხის ფოტოებისა და ვიდეოების დასამუშავებლად. 

მობილური აპლიკაციები, რომლებსაც მე ფოტოების დასამუშავებლად ვიყენებ, ძირითადად ორია. ერთი Snapseed და მეორე Lightroom. ორივე ფოტოების რედაქტორია და საერთო ჯამში, ერთი და იგივე დანიშნულება აქვს. Snapseed-ს უფრო გამოვარჩევდი იმით, რომ უფასოა და თან უკვე დამახსოვრებული პარამეტრების ე.წ. Preset-ების მარტივი გამოყენება შეიძლება, რომელსაც შემდეგ სხვა ფოტოებზეც ვიყენებ მსგავსი სტილის შედეგის მისაღებად. ასევე ინტერფეისში საკმაოდ მოსახერხებლად არის მოთავსებული ინსტრუმენტების პანელი და მარტივად ხდება მათი გამოყენება. Რაც შეეხება Lightroom-ს, მას ძირითადი შესაძლებლობები გახსნილი აქვს უფასოდ, მაგრამ გარკვეული რედაქტირების ფუნქციები მხოლოდ ფასიან ვერსიაშია ხელმისაწვდომი. Მეორე მხრივ, შედეგობრივად ხარისხს Lightroom თითქოს უფრო უნარჩუნებს ფოტოებს, ვიდრე Snapseed. ვინაიდან ფოტოების დამუშავებაში Lightroom მეტად შეზღუდულია, ვიდრე Snapseed. ამიტომ, როცა ბევრი რამის რედაქტირება მჭირდება ფოტოებზე, ვიყენებ Snapseed-ს, ხოლო როცა ხარისხზე უფრო მეტ აქცენტს ვაკეთებ მაშინ Lightroom-ს”, – გიორგი შერმაზანაშვილი, ფოტოგრაფი და ბლოგერი.

„ფოტოებისთვის, პირველ რიგში, lightroom, ბევრი ფოტოს ერთად შეყრის შესაძლებლობა აქვს, არის გამზადებული ფილტრები და ასევე შეგიძლია თავადაც შექმნა სხვადასხვა ფილტრი. presets for lightroom – FLTR , აქ არის უფასო და ფასიანი უკვე გამზადებული ფილტრები, და რაც საინტერესოა ჩემთვის IG Effects, ინსტაგრამ სთორი ეფექტებია იგივე, გამოყენებისას ინსტას კამერაზე გადაგიყვანს. 

ასევე ვიყენებ Snapseed-ს, რომელიც ბევრმა იცის. რაც შეეხება ვიდეოებს, აქ ჩემთვის მოსახერხებელია InShot აპლიკაცია”, – მარიამ უშხვანი, ფოტოგრაფი.

გარდა ჩვენი რესპონდენტებისა, ჩვენ გადავხედეთ კიდევ რამდენიმე ცნობილ აპლიკაციას და მოკლედ ჩამოგითვლით მათ. აქედან ზოგი მხოლოდ ფოტოებისთვის, ზოგი ვიდეოებისთვის გამოიყენება, ზოგიერთი კი ორივესთვის.

  1. Adobe Photoshop Camera – ის განკუთვნილია როგორც ანდროიდების, ისე iOS-ებისთვის. მუშაობს ხელოვნური ინტელექტით და გეხმარებათ კადრების დაყენებაში ჯერ კიდევ გადაღებამდე. 
  2. Picsart – ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი აპლიკაციაა, როგორც მოყვარულებისთვის, ისე პროფესიონალებისთვისაც. ის არა მხოლოდ ფოტოების, არამედ ვიდეოების დასამუშავებლადაც გამოდგება და დაახლოებით 150 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.
  3. Pixlr – თუკი ფოტოების მსუბუქად დამუშავება, დახვეწა და პირდაპირ აპლიკაციიდან სოციალურ ქსელში გაზიარება გსურთ, მაშინ ეს აპლიკაცია თქვენთვისაა ზედგამოჭრილი. მის გამოყენებას კომფორტულს მარტივი ინტერფეისიც ქმნის, ამიტომ ფოტოებით თამაში კიდევ უფრო სასიამოვნო იქნება.
  4. Google photo – მიუხედავად იმისა, რომ დამუშავებისა და რედაქტირების თვალსაზრისით, გუგლის ეს აპლიკაცია ზემოთ ჩამოთვლილებს ცოტა ჩამოუვარდება, მას აქვს სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციები, რომლებიც ამ აპს აქტუალობას არ უკარგავს. იგი ავტომატურად ქმნის თქვენი ფოტოების ბიბლიოთეკას და განათავსებს მათ ღრუბლოვან სერვერზე. ამიტომ მაშინაც კი, თუ ტელეფონი დაკარგეთ ან გაგიფუჭდათ, ფოტოგალერეას ვერ დაკარგავთ. აპლიკაციის ახალ მოწყობილობაში ჩამოტვირთვით ყველა მედია ფაილი აღდგება.

5. Prisma – სხვა აპლიკაციებისგან ოდნავ განსხვავებულ დამუშავებას გთავაზობთ. მისი საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ ფოტოები ვან გოგის ან პიკასოს ნამუშევრებად აქციოთ. იგი იყენებს ჭკვიან AI-ს, რათა გამოიყენოს ეფექტები ცნობილ მხატვრებზე დაყრდნობით.

6. Adobe Premiere Rush – არის უფასო მობილური და დესკტოპის ვიდეო რედაქტირების აპლიკაცია შემოქმედი ადამიანებისთვის. ტელეფონით იქნებით თუ კომპიუტერით, ის საშუალებას გაძლევთ, გადაიღოთ, დაარედაქტიროთ და გააზიაროთ მაღალი ხარისხის ვიდეოები.

7. Snapseed – ეს არ არის აპლიკაცია ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის, არამედ ის სერიოზული ფოტოგრაფებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც სურთ ან სჭირდებათ დროის დახარჯვა საუკეთესო გამოსახულების შესაქმნელად, განსაკუთრებით როცა მოგზაურობენ. მას აქვს უმაღლესი დონის რედაქტირების ხელსაწყოების სრული სპექტრი. 

8. Adobe Lightroom – ესეც ფოტოების რედაქტირებისა და დამუშავების მთელი სისტემაა, მორგებული როგორც მობილურებზე, ისე კომპიუტერზე. იგი ინახავს მთელ ბიბლიოთეკას, როგორც ორიგინალ, ისე უკვე დამუშავებულ ფოტოებს. მას აქვს როგორც ფასიანი, პრემიუმ ვერსია, სრული პროფესიონალური ფუნქციონალით, ისე უფასო, შედარებით „ლაითი” ვარიანტიც.

9. Inshot – ვიდეოების დასარედაქტირებელი უფასო აპლიკაციაა მობილურებისთვის. მას აქვს ის მინიმალური საჭიროების ხელსაწყოები, რომლებიც ნორმალური ვიდეორედაქტირებისთვის დაგეხმარებათ და რაც მთავარია, საკმაოდ ხარისხიან ვიდეოებსაც აგენერირებს. 

 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Audi და Porsche ფორმულა 1-ს უერთდებიან

იური სუძუკის ახალი მოწყობილობა საკუთარი ფონური ხმაურის შექმნაში დაგეხმარებათ