მყისიერი შეტყობინებების, „Seen“-ისა და მესიჯის წერის მაჩვენებელი სამი წერტილის ეპოქაში, როცა სწრაფი კომუნიკაცია ნორმად იქცა, სრულიად საპირისპირო ტრენდი იბადება.
დეველოპერ ნოა იარობინოს მიერ სულ რაღაც სამ კვირაში შექმნილი iOS აპლიკაცია, Carrier Pidge, თქვენს შეტყობინებას ვირტუალურ მტრედს აბამს, რომელიც საათში დაახლოებით 177 კილომეტრის სიჩქარით მიფრინავს. მიწოდების დრო გამგზავნსა და მიმღებს შორის არსებულ რეალურ GPS დისტანციაზეა დამოკიდებული. თუ მეგობარი ახლოსაა, მესიჯი რამდენიმე წამში მივა, მაგრამ ქვეყნის მეორე ბოლოში გაგზავნას შესაძლოა საათები დასჭირდეს. მიმღები წერილს ვერ წაიკითხავს, სანამ მტრედი დანიშნულების ადგილამდე არ მიაღწევს, გამგზავნს კი შეუძლია, მის ფრენას რუკაზე დააკვირდეს. ამასთან, პროცესი არც ისე საიმედოა: მტრედის სიჩქარე შესაძლოა 25%-ით იცვლებოდეს, ხოლო 0.2%-იანი შანსია, რომ ჩიტი გზაში დაიკარგოს (ან მოკვდეს) და წერილი ადრესატამდე საერთოდ ვერ მივიდეს. შესაბამისად, ყოველი გაგზავნილი მესიჯი პატარა თავგადასავალია.
Carrier Pidge ამ მიდგომაში მარტო არ არის. მსგავსი ფილოსოფიის მატარებელია ლოგან მენდელსონის მიერ შექმნილი აპლიკაცია Roost, რომელიც მომხმარებელს შიკრიკების უფრო ფართო არჩევანს სთავაზობს. გსურთ წერილი შედარებით სწრაფად მივიდეს? აირჩიეთ შევარდენი. არსად გეჩქარებათ? გაგზავნეთ კოლიბრით. ხოლო თუ ჩიტების სისწრაფეც არ გაკმაყოფილებთ, აპლიკაციაში ლოკოკინები და კუებიც არიან. ამ პარადოქსულმა იდეამ უკვე უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა. მას შემდეგ, რაც Threads-ზე ვირუსულად გავრცელდა პოსტი, სადაც მომხმარებლები აპლიკაციაში შექსპირის ეპოქის ინგლისურით საუბრობდნენ, Roost-ის აუდიტორია სამ დღეში 10 000-დან 100 000-მდე გაიზარდა, დღეს კი უკვე 300 000-ს უახლოვდება.
რატომ მოსწონთ ადამიანებს შეფერხებული კომუნიკაცია? შემქმნელები მიიჩნევენ, რომ ეს ხსნის იმ წნეხს, რაც თანამედროვე მიმოწერას ახლავს. როცა ორივე მხარემ იცის, რომ მესიჯს სიტყვასიტყვით ჩიტი მოაფრენს, მყისიერი პასუხის მოლოდინი ქრება. ის, რაც ერთი შეხედვით უაზროდ შენელებული კომუნიკაციაა, სინამდვილეში ადამიანებს აძლევს უფლებას, ტელეფონის მუდმივ შემოწმებას თავი დაანებონ.
სისწრაფით შეპყრობილ სამყაროში ეს აპლიკაციები კომუნიკაციის მოძველებულ, ნელ მეთოდებს იყენებენ იმისთვის, რომ თანამედროვე მიმოწერას ცოტათი მეტი სიმშვიდე დაუბრუნონ.













