in

ჰიუსტონ, არანაირი პრობლემა არ გვაქვს! – გიყვებით ქართულ Apollo 11-სა და მის „კოსმოსურ“ მისიებზე

Startauperi
Startauperi

Apollo 11, ჩვენს სამყაროში, ცნობილია, როგორც მთვარისკენ მიმავალი პირველი პილოტირებული მისიის სახელწოდება, 1969 წლის 20 ივლისს, ნილ არმსტრონგისა და ედვინ ოლდრინის მთვარეზე ფეხის დადგმით რომ დასრულდა. თუმცა დღეს, ქართულ Apollo 11-ზე უნდა გიამბოთ. საკუთარი რესურსებიდან გამომდინარე, ისეთი გლობალური მიზნები რომ აქვს, მთვარეზე ფეხის დადგმას თავისუფლად რომ შევადარებთ.

Apollo 11 პროგრამული უზრუნველყოფის (software development) კომპანიაა, რომელიც ქართული ინტელექტუალური რესურსის უცხოურ ბაზარზე ექსპორტს აწარმოებს. ქართულთან ერთად, Apollo 11 ევროპისა და ამერიკის ბაზარზე მოღვაწე მსხვილ და საშუალო ზომის კომპანიებს ემსახურება.

სტარტაპი IT სფეროს სამმა პროფესიონალმა: ირაკლი სვანიძემ, ზურა სეხნიაშვილმა და გუგა გრიგოლიამ დააფუძნეს. 2017 წელს, ერთად ჩამოაყალიბეს Apollo 11-ის  გუნდი, რომელიც თავდაპირველად, 5 თანამშრომლისგან შედგებოდა, დღეს კი, მათი რიცხვი 30-ს უტოლდება.

ჩვენი სტარტაპი მუშაობს ისეთ მასშტაბურ პროექტებზე, როგორებიცაა დიდი კორპორაციების სრულად გაციფრულება და ძველმოდური offline ბიზნესმოდელიდან სრულად ავტომატიზირებულ პროცესებზე გადართვა; ვქმნით ინტრანეტ სისტემებს, რომლებიც კომპანიებს ეხმარება, ეფექტურად მართონ რესურსები, რაც იქ მომუშავე ადამიანების ცხოვრების ხარისხსა თუ სამუშაო პროცესებს საგრძნობლად აუმჯობესებს, – განმარტავენ Apollo 11-ის გუნდში. 

ბრენდის გლობალური მიზანია, საქართველოში IT სფეროს განვითარების დონე გაზარდოს და ის მსოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა, წარმოაჩინოს. 

M: ვის ემსახურება Apollo 11-ის გუნდი?
იქიდან გამომდინარე, რომ 100%-ით უცხოურ ბაზარს ვემსახურებით, სამიზნე სეგმენტი საქართველოსა და ჩვენი მოღვაწეობის არეალში განსხვავებულია.

ამიტომ, ამ შემთხვევაში, ყურადღებას საქართველოს ბაზარზე არსებულ სეგმენტზე გავამახვილებთ:

  • ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს, ან ზოგადად, IT-სფეროს სიახლეები აინტერესებს;
  • ნებისმიერი ადამიანი, ვისაც უნდა, რომ დაეუფლოს ამ სფეროს (ჩვენი საგანმანათლებლო Youtube Channel-ის აუდიტორია);
  • Software development მიმართულების სტუდენტები და სფეროს პროფესიონალები.

M: უფრო ვრცლად მოგვიყევით თქვენს საგანმანათლებლო მიმართულებაზე…
ჩვენი youtube-არხი ახალი წამოწყებაა, რომელიც ცოდნისა და გამოცდილების საქართველოში ფართოდ გადაცემასა და გავრცელებას ემსახურება. დღესდღეობით, როდესაც ონლაინ განათლებასა და ონლაინ მოძიებული რესურსებით პროფესიის სწავლას ამხელა დრო ეთმობა, საკუთარი ცოდნის გაუზიარებლობა არასწორი იქნებოდა.

youtube-არხზე ბოლო 2 თვეა, რაც აქტიურად ვდებთ პოდკასტებს, ტუტორიალებს და სხვა. ქართულ ენაზე 7 საათიანი PHP-ის კურსი ჩავწერეთ სრულიად დამწყებთათვის, რომელმაც ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა და დაგვანახა, რომ საჭირო და დროულია მსგავსი საგანმანათლებლო რესურსების შექმნა საქართველოს ბაზარზე.

გარდა ამისა, ყოველკვირეულად, 10 წუთიან ვიდეოებს ვწერთ ჩვენი სფეროსთვის აქტუალურ თემებზე (მაგალითად, „როგორ გამოვიყენოთ სტაჟირება ეფექტური განვითარებისთვის“; რომელ ტექნოლოგიაზე სჯობს სხვადასხვა ტიპის ვებაპლიკაციის შექმნა“ და სხვა.).M: რაც შეეხება Apollo 11-ის რედიზაინს, რატომ გახდა ამ კუთხით ცვლილებები საჭირო და ვინ იმუშავა თქვენი ვიზუალური სიმბოლოს განახლებაზე?
დაარსების დღიდან, ძალიან დიდი მასშტაბებით ვიზრდებით რა, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ბრენდის ცნობადობის ამაღლების დროა. კომპანიის სახელი – Apollo 11 უკვე ისედაც ბევრს ამბობდა და კონცეფციის ჩამოყალიბების პროცესში ერთგვარ ხაზს უკვე ისედაც ქმნიდა.

ცვლილება ლოგომ განიცადა. გვინდოდა, რომ მანამდე არსებული ვიზუალური სიმბოლოს კონცეფცია არ შეგვეცვალა, რადგან ძალიან კარგად და ზუსტად ასახავდა კომპანიის ხასიათს. შევცვალეთ ლოგოს ფერი და ტიპოგრაფიაც უფრო „კოსმოსური“ გავხადეთ.

რედიზაინზე დიზაინერმა ირაკლი დოლიძემ იმუშავა.M: როგორ იკვეთება სტარტაპის მისია მის სახელთან?
Apollo 11-ის მისიაა, გახდეს ერთგვარი IT Hub საქართველოში და საკუთარი უნიკალური საერთაშორისო გამოცდილება გააზიაროს. 

მეორე მხრივ, საქართველოს სახელი დაუმკვიდროს მსოფლიოს ტექნოლოგიურ რუკაზე – როგორც Tech Skilled ქვეყანა. (ამჟამად, საქართველოს ცნობადობა ამ მიმართულებით, თითქმის, არ არსებობს;  მიგვაჩნია, რომ მაღალი ხარისხის Tech სერვისების შეთავაზების შედეგად, შევძლებთ, საქართველო მსოფლიო IT სამყაროს გავაცნოთ).

ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ Apollo 11 ნილ არმსტრონგი იქნებოდა, 21-ე საუკუნეში software დეველოპერად რომ დაბადებულიყო.

ახალგაზრდა, ინოვაციური, ენთუზიასტი, თავისუფალი, რისკიანი ნილ არმსტრონგი, რომელმაც უდიდესი გამოცდილება დააგროვა IT სფეროში და თავის გრძელვადიან მისიად მიიჩნევს, ამ საუკუნეშიც გრანდიოზული ცვლილებები მოუტანოს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს.

M: საინტერესო ელ-ფოსტა გაქვთ – [email protected]
ჩვენი გუნდი, პირობითად, დაყოფილია რამდენიმე „დეპარტამენტად“. გვყავს გამოცდილი დეველოპერები, პროექტების მენეჯერები და დამწყები დეველოპერები (სტაჟიორები).პროექტების მენეჯერებს – Houston-ებს ვუწოდებთ;
დეველოპერებს – Astronaut-ებს;
სტაჟიორებს – Penguinaut-ებს.

რედიზაინის ფარგლებში, თითოეული გუნდისთვის დამახასიათებელი სამკერდე ნიშანი შევქმენით და სხვადასხვა აქსესუარის დასაბრენდად (ჰუდებზე, მაიკებზე, ჭიქებზე და ა.შ) გამოვიყენეთ. 

აქვე გეტყვით, რომ Apollo 11-ში ბოლო თვეებია, ასეთი ტრადიცია დავამკვიდრეთ:

სტაჟიორი ჩვენს გუნდს რომ შემოუერთდება, პინგუინაუტის (ანუ სტაჟიორის) ვიზუალის მქონე საჩუქრები (ჰუდი, ჭიქა, სტიკერები და ა.შ) გადაეცემა. ხოლო მას შემდეგ, რაც „შატლის მართვას“ ისწავლის და პინგვინავტობიდან ნამდვილი ასტრონავტი გახდება, დემონსტრაციულად გადაეცემა ასტრონავტის ბეიჯი და ჰუდი. ამით გვინდა, აღვნიშნოთ მისი პროფესიული განვითარება და კიდევ უფრო მეტი მოტივაცია შევუქმნათ, უფრო დიდი ენერგიით განაგრძოს აწ უკვე დამსახურებული ასტრონავტობა. 

M: Apollo 11-ის პირველი ნაბიჯი ნათელია… რას იტყვით შემდეგზე? როგორ ხედავთ თქვენს განვითარების პერსპექტივებს?
ვგეგმავთ, ჩვენს საგანმანათლებლო არხს კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი მივცეთ და მეტი რესურსი შევქმნათ დამწყები დეველოპერებისთვის. გარდა ამისა, გრძელვადიან პერიოდში გვინდა, საქართველოში ჩვენი კომპანიის ცნობადობა გავზარდოთ და არა მხოლოდ ამ სფეროში მყოფმა აუდიტორიამ, არამედ ფართო მასებმა იცოდნენ Apollo 11-ის შესახებ. 

რაც შეეხება, უშუალოდ, ბიზნესსაქმიანობას, ვაპირებთ, საკუთარი SaaS და open source პროდუქტების შექმნას; ამ მიმართულებით, უკვე საკმაოდ დიდი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული და სამომავლოდ გვინდა, SaaS პროდუქტები გლობალური ბაზრისთვისაც შევქმნათ.

გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლეც! 2020 წლის ბოლოს, Apollo 11 ბრიტანული IT საკონსულტაციო ჯგუფის – Centigen-ის წევრი კომპანია ხდება, რაც კიდევ უფრო ფართოდ გაგვიღებს კარს, უფრო დიდ მასშტაბებზე გავიდეთ და გაგვიმარტივდეს საერთაშორისო ბაზარზე საქმიანობა.

ავტორი: თიკა გეგენავა

„რატომ ქართული“ – პროექტი ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და მეწარმეების მხარდასაჭერად

5 რჩევა, როგორ გავაკეთოთ „თიმბილდინგი“ ონლაინ მუშაობისას