მთვარე გეოლოგიურად აქტიური დაახლოებით 3.7-2.5 მილიარდი წლის წინ იყო, რაც გულისხმობს მიწისძვრებს, ვულკანურ ამოფრქვევებსა და გაზების გაჟონვას. და მიუხედავად ასეთი ინერტულობისა ახლა, იგი კვლავ განიცდის მცირე სეისმურ ცვლილებებს, რეგულარულადაც ხდება და ცნობილია, როგორც moonquakes — „მთვარის ბიძგები“.
აპოლოს მისიების წყალობით, მეცნიერებმა ეს აქტივობაც გაზომეს და გამოავლინეს, რომ ზუსტი რეგულარობით ხდება, ემთხვევა მზის ამოსვლისა და ჩასვლის პიკს ცაზე. ასე კი moonquakes „მთვარის მაღვიძარას“ ჰგავს, რაც შეიძლება გამოსადეგი იყოს სამომავლო მისიებისა თუ მთვარის მაცხოვრებლებისთვის. როგორც მკვლევრები ამბობენ, „პერიოდულად ყოველ 5-6 წუთში ხდებოდა, რაც დედამიწისთვის ყოველი 5-6 საათის აქტივობაა, ის წარმოუდგენლად რეგულარული და განმეორებადი იყო“.
ხოლო რაც შეეხება უშუალოდ ტემპერატურული ცვლილებებით გამოწვეულ moonquakes-ს, მთვარის უჰაერო გარემო იმას ნიშნავს, რომ არც მზისგან გამოსული სითბო ნარჩუნდება და არც მზის ნათება ათბობს ზედაპირს. შესაბამისად, ქერქის ტემპერატურა დღისით 120 გრადუსს აღწევს, ხოლო ღამით -133 გრადუსამდე ჩამოდის. ეს კი ქერქის სწრაფ გაფართოებასა და შეკუმშვას იწვევს, რასაც მცირე სეისმურ მოვლენებამდე მივყავართ.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ 1972 წელს Apollo 17-ის მისიის ფარგლებში მოათავსეს სეისმომეტრები მთვარეზე ამ აქტივობის გასაზომად. ოქტომბრიდან მაისამდე, ანუ 9 თვის მონაცემები შეგროვდა, რომლებიც ამ დრომდე ხელშეუხებელი იყო… ახლა კი მეცნიერებმა მანქანური სწავლების მოდელით გაანალიზეს, აჩვენეს, რომ არა მარტო ზუსტი რეგულარობით ხდება, არამედ დილის სეისმური ცვლილებები საღამოსგან განსხვავებულია. აქტივობის წყაროც კი დაადგინეს, რომ დილის ბიძგები სეისმომეტრიდან, თავად Apollo 17-დან რამდენიმე ასეულ მეტრში მოდიოდა.
მართალია, თერმული ბიძგები ძალიან პატარაა იმისათვის, რომ მთვარის ზედაპირზე ვინმემ იგრძნოს, მაგრამ მიღებული შედეგები მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვაწვდის, რითაც მომავალი ლენდერები და აღჭურვილობა შეგვიძლია შევქმნათ. ამასთან, სამომავლო ბაზების სტრუქტურაზეც გაგვაცნობს ინფორმაციას, იქნება ეს Artemis Base Camp, the International Lunar Research Station (ILRS), თუ ESA-ს Moon Village, სადაც ისეთ მასალებს გამოიყენებენ, რომ ადგილობრივი ბიძგების თავიდან აცილება შეძლონ.
მეტიც, სეისმური აქტივობები ციური სხეულების შიდა ნაწილის გასაგებად ძალიან მნიშვნელოვანია, შესაძლოა, ასე შიდა სტრუქტურები ან მის შიგნით არსებული მასალები დაადგინონ.
„ვიმედოვნებთ, რომ ზედაპირის ქვეშ არსებული კრატერების რუკის შედგენას შევძლებთ. მთვარის სამხრეთ პოლუსის კრატერებში ისეთი რეგიონებია, რომლებსაც მზის სინათლე ჯერ არასდროს უნახავს და თუ ჩვენ აქ რამდენიმე სეისმომეტრის ჩადგმას მოვახერხებთ, შესაძლოა, ყინულსაც მივაგნოთ“, — აცხადებს ალენ ჰასკერი, მკვლევარი.
მიუხედავად იმისა, რომ მთვარეზე არც ტექტონიკური და არც ვულკანური აქტივობებია, მკვლევრებს ჯერ კიდევ მრავალი კითხვა აქვთ მის შიდა სტრუქტურასთან დაკავშირდებით.
„მნიშვნელოვანია, არსებული მონაცემებიდან რაც შეიძლება მეტი გავიგოთ, რათა ჩავატაროთ ექსპერიმენტები და მისიები, რომლებიც სწორ კითხვებს უპასუხებს. დედამიწის გარდა, მთვარე ერთადერთი პლანეტარული ობიექტია, რომელსაც ერთზე მეტი სეისმომეტრი ერთდროულად ჰქონია. ეს კი გვაძლევს საშუალებას, ზედმიწევნით შევისწავლოთ სხვა სხეული“, — აცხადებენ მკვლევრები.