in

App Store-ში რეკლამის განთავსების ახალი გზები ინერგება

Apple ცდილობს, ახალი სარეკლამო ერთეულები განათავსოს App Store-ში. რეკლამის ტექნოლოგიების, მარკეტინგისა და რეკლამის ექსპერტები კი განმარტავენ პოტენციურ სარგებელსა და გამოწვევებს იმ ბრენდებისთვის, რომლებიც ცდილობენ გამოიყენონ ახალი შესაძლებლობა.

უფრო კონკრეტულად რომ განვიხილოთ, App Store-ის ცალკეული აპლიკაციების გვერდებზე შესვლისას მომხმარებლები მსგავსი წარწერით შეხვდებიან რეკლამებს: „შეიძლება მოგეწონოთ“. ამრიგად, ეს არის სხვა აპლიკაციების რეკომენდირებისთვის განკუთვნილი რეკლამები. ამასთან, 9to5Mac ანგარიშის მიხედვით, ბრენდები, რომლებიც აქ რეკლამირებას გადაწყვეტენ, კონკრეტულ აპლიკაციას ვერ აირჩევენ რეკლამის განსათავსებლად. თუმცა, რა თქმა უნდა, გვერდის, აპლიკაციისა და რეკლამის ტიპს შორის კონტექსტური კავშირი იქნება.

საგულისხმოა, რომ ახალი ფორმატების ეფლის გაფართოებულ სარეკლამო ბიზნესს ავსებს. ტექნიკური გიგანტი უკვე Search ჩანართში და ძიების შედეგებში ახორციელებს რეკლამების ამ სახით განთავსებას. კერძოდ, გასულ სექტემბერში, როგორც რეკლამის განმთავსებლების, ასევე მონაცემთა კონფიდენციალურობის დამცველების მზარდი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, კომპანიამ გამოუშვა განახლება, რომელიც მომხმარებლებს ეკითხება, სურთ თუ არა პერსონალიზებული რეკლამის მიღება App Store-ში.

„Apple Search Ads ყველა ზომის დეველოპერებს აძლევს შესაძლებლობას, განავითარონ თავიანთი ბიზნესი. როგორც ჩვენი სხვა სარეკლამო შეთავაზებები, ეს ახალი რეკლამის განთავსებები აგებულია იმავე საფუძველზე — ისინი შეიცავს მხოლოდ App Store-ის დამტკიცებული გვერდებიდან მიღებულ კონტენტს და მკაცრ კონფიდენციალურობის სტანდარტებს იცავს“, — აცხადებენ კომპანიაში.

სარგებელი რეკლამის განმთავსებლებისთვის აშკარაა. ეს სიახლე მათ მეტ სივრცეს ანიჭებს ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად. იქიდან გამომდინარე, რომ სააგენტოები და მარკეტერები ხშირად ებრძვიან ატრიბუციას, ეფლის სიახლე აპლიკაციებზე დაფუძნებულ ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, უფრო ფართო ცნობადობის რეკლამებით მიმართონ დაინტერესებულ აუდიტორიას. ეს განსაკუთრებით კარგია იმ ბრენდებისთვის, რომლებიც აპლიკაციების ჩამოტვირთვების გაზრდას განიხილავენ, როგორც ფართო მარკეტინგული კამპანიის საფუძველს.

როგორც დარგის ექსპერტები ვარაუდობენ, ეს ნაბიჯი ეფლის უფრო ფართო სარეკლამო სტრატეგიის ნაწილია — კომპანია წლების განმავლობაში ავითარებდა ახალ გზებს მონაცემთა და პრემიუმ სარეკლამო ინვენტარის მონეტიზაციისთვის. ამრიგად, ეს უბრალოდ კიდევ ერთი მეთოდია მილიონობით მომხმარებლის ინტერაქციისა და მონეტიზაციის ბერკეტების გამოსაყენებლად.

ამის პარალელურად, ინდუსტრიის ზოგიერთი წარმომადგენელი ფიქრობს, რომ აღნიშნული სიახლე ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოიწვევს. ამასთან, შეიძლება, ზოგიერთისთვის ეს განცხადება გამოწვევად ჩანდეს კონფიდენციალურობის შესახებ ნარატივის მიმართ, რომელსაც Apple ბოლო რამდენიმე კვარტალში ავრცელებს… თუმცა, როგორც კომპანია გვპირდება, კონფიდენციალურობა მაქსიმალურად დაცული იქნება ინტერაქციის ყველა დონეზე.

სამსახურში ფავორიტების არსებობის დადებითი მხარე

ისტორიაში პირველად აივ ინფიცირებულ ადამიანს გული გადაუნერგეს