11
Sep
2019

საით მიდის Apple, ანუ დეტალურად, 2019 წლის მეორე ღონისძიების შესახებ

11 Sep 2019

Alta
Alta


10 სექტემბერს, ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple პრეზენტაცია გამართა და კალიფორნიაში, სტივ ჯობსის თეატრში, თუ მსოფლიოს მასშტაბით, ეკრანებთან შეკრებილ ადამიანებს პირველად წარუდგინა iPhone-ის ახალი თაობა. თუმცა, ეს ერთადერთი სიახლე არ იყო, რომლის შესახებაც პრეზენტაციიდან გავიგეთ. ახალი iPad, ახალი Apple Watch, ასევე, Apple Arcade-ისა და Apple TV+-ის გამოსვლის თარიღები. რაც მთავარია, iPhone 11 Pro, რომელსაც საზოგადოებაში ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუ პრეზენტაციისთვის თვალის მიდევნება ვერ შეძელით, ჩვენ მოგიყვებით მთავარ დეტალებს, რომელიც Apple-ის ღონისძიებაზე გაცხადდა და ასევე, ვეცდებით გაგცეთ პასუხი კითხვაზე – საით მიდის ეფლი?

თბილისის დროით, ზუსტად 21 საათზე, პრეზენტაცია Apple-ის CEO-მ – ტიმ კუკმა დაიწყო, სიტყვებით – “Give people wonderful tools, and they’ll do wonderful things”. ეს იყო მინიშნება Apple-ის მიზნებზე, თუმცა, ბოლო დროს Apple მომხმარებლისთვის არამხოლოდ ინსტრუმენტის – მოწყობილობების შეთავაზებაზე ზრუნავს, არამედ იმ სერვისების მიწოდებაზეც, რომელიც დღეისათვის ბაზარზე ძალიან აქტუალური და მოთხოვნადია. უფრო კონკრეტულად – თამაშებისა და შოუების.

Apple Arcade
Apple Arcade – თამაშების გამოწერის პლატფორმა 19 სექტემბრიდან ამოქმედდება და ის 150 ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი, მისი ფასი, ყოველთვიურად, $4.99 იქნება, ხოლო პირველი 1 თვე მისით სარგებლობა, ან უფრო სწორად, მისი გამოცდა, უფასოდ შეგეძლებათ. Apple Arcade-ზე იპოვით ექსკლუზიურ თამაშებს, რომლებიც სპეციალურად ამ პლატფორმისთვისაა შექმნილი. ცნობილია, რომ Apple Arcade-ის შექმნა App Store-ზე არსებული თამაშების პოპულარობიდან გამომდინარე გადაწყდა. ეს არის თამაშების გამოწერის სერვისი სხვადასხვა მოწყობილობისთვის, იქნება ეს მობილური, კომპიუტერი თუ ტელევიზორი. აქ თამაშები ყოველთვიურად განახლდება, დასაწყისისთვის კი, პლატფორმაზე 100-ზე მეტი თამაში იქნება.

Apple TV+
წინა კონფერენციაზე ეფლმა ბევრი ისაუბრა Apple TV+-ზე და კონტენტზე, რომელიც მისი საშუალებით გავრცელდება. ეს იქნება დოკუმენტური, მხატვრული, საბავშვო, თუ სხვა ტიპის შოუების ერთობლიობა. ამჯერად, ეფლმა Apple TV+-ის გამოსვლის თარიღი და პირობები დააზუსტა. სერვისი 1 ნოემბრიდან, 100-ზე მეტ ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი და მისი ფასი, ყოველთვიურად, $4.99-ია. სიახლეა ისიც, რომ მომხმარებლებს, Apple TV+, კომპანიის ახალი მოწყობილობების – iPhone, iPad, Mac-ის ყიდვის შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში უფასოდ ექნებათ. კონფერენციაზე გვაჩვენეს ერთ-ერთი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალ SEE-ს თრეილერი, სადაც კაცობრიობა მხედველობის უნარის გარეშე ვითარდება. სერიალი, სადაც ჯეისონ მომოა მონაწილეობს, Apple TV+-ზე, სხვა შოუებთან ერთად გავა.

iPad
პრეზენტაციაზე Apple-მა ახალი, მეშვიდე თაობის iPad გვაჩვენა, რომელსაც 10.2 ინჩიანი ეკრანი ექნება. ახალი მოდელის შექმნისას მთავარი აქცენტი მულტითასქინგის საჭიროებაზე გააკეთეს, ამიტომაც, მას A10 Fusion ჩიპი აქვს, რომელიც მოწყობილობას იმაზე 2-ჯერ სწრაფად აქცევს, ვიდრე ბაზარზე პოპულარული პერსონალური კომპიუტერებია. გარდა ამისა, ახალ iPad-ს აქვს სპეციალურ კლავიატურასთან დაკავშირების ფუნქცია, 8 მეგაპიქსელიანი კამერა, Apple Pencil, რომლითაც ეკრანზე წერას შეძლებთ და შექმნილია 100% გადამუშავებადი ალუმინისგან. iPad გამოვა როგორც ვერცხლისფერი, ასევე ოქროსფერი კორპუსით. მისი ფასი 329 დოლარიდან (სტუდენტებისთვის 299 დოლარიდან) იწყება. შეკვეთის გაკეთების შემთხვევაში, მომხმარებლები მის მიღებას სექტემბრის ბოლოს შეძლებენ.

Apple Watch
ახალ Apple Watch-ს, წინამორბედებისგან განსხვავებით, მუდმივად მანათობელი ეკრანი ექნება და ეს ერთადერთი განმასხვავებელი არ არის. მას ექნება კომპასი, მისი დახმარებით საგანგებო სიტუაციების სამსახურთან დაკავშირება საერთაშორისო მასშტაბით – 150 ქვეყანაში შეგეძლებათ. ამისათვის გვერდითა ღილაკზე დაყოვნებით დაჭერაა საჭირო. Apple Watch-ის მეხუთე სერიაში, მიჩიგანის უნივერსიტეტთან ერთად ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, გაუმჯობესებულია ჯანმრთელობის აპლიკაციების მოქმედებაც. როგორც წინამორბედების, ახალი Apple Watch-ის ელემენტიც 18 საათი გაგიძლებთ. მისი დახმარებით მუსიკის მოსმენა, ვიდეოზარის განხორციელება, თუ მეტროში (ამერიკაში) მგზავრობაა შესაძლებელი.

სერიას აქვს ვერცხლისფერი, ოქროსფერი და ნაცრისფერი, სრულად გადამუშავებადი ალუმინის კორპუსი და შეიცავს ეკო-მეგობრულ მასალებს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ შეიძინოთ ტიტანიუმის, კერამიკისა და ფოლადის კარკასიანი მოდელები. საათის ღირებულება $399-$499 იქნება და ბაზარზე 20 სექტემბრიდან გამოჩნდება. აღსანიშნავია, რომ ახალი Apple Watch-ის გამოსვლის შემდეგ, მესამე სერიის მოდელების ფასი 279 დოლარიდან 199 დოლარამდე შემცირდა.

ახალი iPhone
პრეზენტაციაზე ჯერ iPhone 11 -ზე ისაუბრეს. მოკლედ ჩამოვთვლით მის მონაცემებს. ორმაგი კამერა, ერთი მათგანი 12MP-იანი, ფართო კუთხის (26mm f/1.8) კამერაა, ხოლო მეორე ულტრა ფართო, ასევე 12 მეგაპიქსელიანი (13mm f/2.4). ახალ მოდელს 6.1 დიუმიანი ეკრანი აქვს და 36%-ით გაუმჯობესებული ფლეში. მასში ჩაშენებულია ახალი ღამის რეჟიმი, რომელიც დაბალი განათების პირობებში, გამოსახულებისა და ფერების სიმკვეთრეს უზრუნველყოფს. სმარტფონის სელფი კამერა 12 მეგაპიქსელია და შეუძლია 4K სლოუ-მოუშენ ვიდეოების გადაღება. (ამ კუთხით, ეფლმა ახალი ტერმინი – Slofies გამოიყენა, რაც სლოუ-მოუშენ სელფებს აღნიშნავს და სავარაუდოდ, მისი დამკვიდრება სწორედ iPhone 11-ს დაუკავშირდება). რაც მთავარია, iPhone 11-ის ჩიპს – A13 Bionic საუკეთესო წარმადობა გააჩნია (A12-თან შედარებით, რომელიც iPhone XR-ს ჰქონდა, ის 20%-ით სწრაფია). ამის ხაზგასასმელად პრეზენტაციაზე შედარებითი სლაიდიც გვაჩვენეს და არ მოერიდნენ კონკურენტების დასახელებასაც:

პრეზენტაციაზე განაცხადეს, რომ ეს მოდელი ყველაზე მაღალი ხარისხის ვიდეოს იღებს და ამით საუკეთესოა თანამედროვე სმარტფონებში. iPhone 11-ში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია სტაბილიზაციაც. გარდა ამისა, სმარტფონი გამოირჩევა უსწრაფესი Face ID-ით და აქვს 1 საათით მეტი ხანგრძლივობის ელემენტი, iPhone XR-თან შედარებით. რაც შეეხება გამძლეობას, iPhone 11-ს შეუძლია წყალში ორი მეტრის სიღრმეზე 30 წუთი გაძლოს. მის ფუნქციონირებას ვერც მასზე გადაქცეული ცხელი ყავა შეუშლის ხელს. iPhone 11-ის ღირებულება კი 699 დოლარია.

რაც შეეხება iPhone 11 Pro-ს, მას წამში 1 ტრილიონი ოპერაციის შესრულება შეუძლია, რითაც ის უსწრაფესად შეიძლება ჩაითვალოს. მას აქვს OLED ეკრანი, iPhone 11 Pro 5.8 ინჩის ზომისაა, ხოლო მისი მოზრდილი ვერსია – Max 6.5 ინჩიანია. iPhone 11-გან ის, iPhone 11 Pro-ს მსგავსად, მესამე კამერით განსხვავდება. ყველა კრიტერიუმით, Pro, სულ მცირე, 20%-ით სჯობს სხვა სმარტფონებს. რაც შეეხება მის სიცოცხლისუნარიანობას, 11 Pro 5 საათით დიდხანს ძლებს, XR-თან შედარებით. Pro-ს აქვს სამი უკანა კამერა – სამივე 12 მეგაპიქსელიანია: ერთი უზრუნველყოფს გადაღების ფართო კუთხეს, მეორე – ტელეფოტოს, მესამე კი ულტრაფართო, 120 გრადუსიან გადაღების კუთხეს. Zoom შესაძლებელია 0.5x, 1x და 2x-ით. სმარტფონი სინათლის არსებულ რესურსს საუკეთესოდ იყენებს, მაღალი ხარისხსის ფოტოს გადასაღებად. რაც შეეხება ვიდეოს, სამივე უკანა კამერა 4K ხარისხის ვიდეოს 60 fps-ით იღებს და გააჩნია აუდიო ზუმის ფუნქციაც. iPhone 11 Pro $999, iPhone 11 Pro Max – $1099 ეღირება. სმარტფონების წინასწარი შეკვეთა 13 სექტემბერიდან დაიწყება, ხელმისაწვდომი კი 20 სექტემბრიდან იქნება.

და ბოლოს, კითხვა – „საით მიდის Apple?“ ბრენდის მომხმარებლებს რამდენიმე თვეა უჩნდებათ. მოწყობილობების წარმოებიდან, იქცევა, თუ არა ის მედიასერვისის მიმწოდებელ კომპანიად? წინა კონფერენციისგან განსხვავებით, 10 სექტემბერს, ეფლისგან შედარებით დაბალანსებული პასუხები მივიღეთ, რადგან მისი მიმდინარეობისას საუბარი იყო როგორც Apple-ისთვის ახალ სერვისებზე – გეიმინგი, თუ მედია ინდუსტრია, ასევე, კომპანიის მიერ შექმნილ ახალ მოწყობილობებზე. ღონისძიების ზოგადი შეფასება მაკის მომხმარებელთა პლატფორმა Gemug-ის წარმომადგენლ – დიმიტრი გოგელიასგან მივიღეთ:

10 სექტემბრის ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ეფლი ნელ-ნელა ჰარდვერული კომპანიიდან სერვისების მიმწოდებელ კომპანიად გარდაიქნება. ამაზე მიუთითებს ბოლო კვარტლის ფინანსური შედეგებიც, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ იზრდება სერვისებიდან მიღებული შემოსავლები და კლებულობს ჰარდის გაყიდვები. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ უახლოეს პერსპექტივაში ეფლი შეწყვეტს ტელეფონების, კომპიუტერების ან ტაბლეტების გამოშვებას. მაგრამ, როგორც ნებისმიერი ბიზნესი, ის მიისწრაფვის მოგება ნახოს იმ სეგმენტში, რომელიც ახლა ყველაზე მომგებიანია. მომავალში, ეფლის მოსაზრებით, სერვისები გახდება ძირითადი შემოსავლის წყარო. რაც შეეხება ტელფონის წარმოდგენილ მოდელებს, სავარაუდოა, რომ iPhone 11 დაკლებული ფასით (699 დოლარი), გახდება კომპანიის გაყიდვების რეკორდსმენი. ისევე როგორც ეს 1 წლის წინ მოხდა, iPhone XR-ის შემთხვევაში. რაც ნათლად აჩვენებს, რომ ბაზარი იაფფასიან (შედარებით), მაგრამ მაღალი ხარისხის სმარტფონებს ითხოვს“, – დიმიტრი გოგელია.

აღსანიშნავია, რომ iPhone-ის ახალი მოდელების გამოსვლასთან ერთად, მისი ძველი მოდელების ფასი შემცირდა. ასე გამოიყურება iPhone-ების ფასი, ამ ეტაპზე:

ალბათ, ნახევარი, ან ერთი წელი ძალიან ცოტა დროა გარდამტეხი ცვლილებებისთვის. სმარტფონები ერთმანეთს სულ უფრო ემსგავსებიან და ჩვენ არ ვიცით, რამდენად ახლოს, ან შორს ვართ სმარტფონების რევოლუციასთან, ანუ მომენტთან, როცა მისი მწარმოებლები მომხმარებლისთვის ნამდვილი, გარდამტეხი ინოვაციის შემოთავაზებას შეძლებენ. მანამდე კი, შესაძლოა სხვადასხვა ინდუსტრიაში ძალების მოსინჯვა, კომერციულად, ძალიან გამართლებულიც კი იყოს.

ავტორი: ხატია თორდუა

განხილვა