2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად, ბრენდები სულ უფრო მეტად აქტიურობენ და სხვადასხვა კამპანიას გვთავაზობენ. საქმეში, რა თქმა უნდა, Apple-იც ჩაერთო, თუმცა სხვებისგან ბევრად განსხვავებული სტრატეგია და ორიგინალური ხედვა შემოგვთავაზა. Apple-ის ოლიმპიადისთვის განკუთვნილი რეკლამა მასშტაბური კამპანიის — Shot on iPhone — ნაწილია და მომავლის ჩემპიონების წარმოჩენას ემსახურება.
2036 Hopefuls — ასე ჰქვია Aplle-ის ნამუშევარს და მის ფარგლებში მთელი მსოფლიოდან იმ წარმატებულ სპორტსმენებს მოუყარეს თავი, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება.
პროექტისთვის ფოტოები ცნობილმა სპორტულმა ფოტოგრაფმა, საერთაშორისო ფოტოგრაფიის დიდების დარბაზის წევრმა, უოლტერ აიოსმა გადაიღო. ის წარსულში ისეთ დიდებულ სუპერვარსკვლავებთან მუშაობდა, როგორებიც არიან მუჰამედ ალი, მაიკლ ჯორდანი და სერენა უილიამსი. სხვადასხვა დროს მის მიერ გადაღებული ფოტოები 300-ჯერ აღმოჩენილა სპორტული ჟურნალების გარეკანებზე.
პროექტის ფარგლებში ძალიან ბევრ ქალაქში გამოჩნდა ბილბორდები, რომლებზეც დამწყები კალათბურთელები, მოცურავეები, ტანმოვარჯიშეები და სერფერები არიან გამოსახულნი. ამ ქალაქებს შორისაა ლოს-ანჯელესი, ნიუ-იორკი, ჩიკაგო და მაიამი. ბილბორდებზე დაინახავთ 6 წლის ინდოელ თავდამსხმელს, რომელიც 2024 წლის PPJ Sari Cup-ზე საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ასევე გოლფის 6 წლის მოთამაშეს, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე იყო 2023 წლის სინგაპურის Junior Development Tour ტურნირში.
2036 Hopefuls ბრენდის ძველი რეკლამის, Baby Face-ის ერთგვარი გაგრძელებაა. ორივე რეკლამა მშობლებს მოუწოდებს გადაიღონ განსაკუთრებული მომენტები შვილებთან ერთად.