Apple-ის მიერ გამოქვეყნებული ვაკანსიებით თუ ვიმსჯელებთ, კომპანია 6G ტექნოლოგიაზე მომუშავე ინჟინრებს ეძებს. ასე კომპანიას აღარ მოუწევს, ისეთ პარტნიორებს დაეყრდნოს, როგორიცაა Qualcomm.
ვაკანსიებს შორისაა “უსადენო სისტემების კვლევის ინჟინერი – 5G/6G” და “RAN1 / RAN4 სტანდარტების ინჟინერი”. როგორც Apple იუწყება, დასაქმებული შეუერთდება გუნდს, რომელიც უშუალოდ განსაზღვრავს და შეისწავლის შემდეგი თაობის სტანდარტებს – 6G-ის, უკაბელო საკომუნიკაციო სისტემას.
როგორც ჩანს, Apple-ს არ სურს, რომელიმე სხვა კომპანიაზე იყოს დამოკიდებული. გასული წლის ბოლოს პირველი 5G iPhone 12 ჩაუშვა მოხმარებაში, რომელშიც Qualcomm მოდემია გამოყენებული. ბოლოდროინდელი ცნობები კი ცხადყოფს, რომ „ეფლი“ საკუთარი მოდემების შექმნას გეგმავს. მსგავსი ვითარებაა Intel ჩიპებთან დაკავშირებითაც, რომლებიც ახლო მომავალში Apple-ის პროდუქციის უმეტესობაში ჩანაცვლდება – კომპანია Mac-ისთვის საკუთარ სილიციუმს ავითარებს.
თანაც, Apple, Google და LG-სთან ერთად შეუერთდა ინდუსტრიულ ჯგუფს “Next G Alliance”, რათა ერთობლივი ძალებით იმუშაონ 6G-ის სპეციფიკის დადგენაზე. თუმცა მიუხედავად უკვე აქტიური მუშაობისა, როგორც ამბობენ, 6G ქსელს კიდევ რამდენიმე წელი ვერ ვიხილავთ. მიზეზი ცხადია, ჯერ 5G ქსელი საჭიროებს დახვეწას და ყველასათვის ხელმისაწვდომობას.