in

რა პროდუქტები ვიხილეთ Apple-ის 7 სექტემბრის ღონისძიებაზე?

სულ რამდენიმე წუთია, რაც Apple-ის საშემოდგომო კონფერენცია დასრულდა, რომელიც 3 პროდუქტთან დაკავშირებულ ცვლილებებს დაეთმო — iPhone, Apple Watch და Airpods. ვიდრე უშუალოდ მათ აღწერაზე გადავიდოდეთ და მათ ახალ მახასიათებლებს გაგაცნობდეთ, ტიმ კუკის სიტყვებს გეტყვით, რომელშიც აშკარად ჩანს, როგორია კომპანიის ხედვა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროდუქტების შექმნისას. მისი თქმით, მხოლოდ ეფლს შეუძლია ასეთი იდეალური ინტეგრაციის მიღწევა, როგორიც ზემოხსენებულ სამ მოწყობილობას აკავშირებს… 

Apple Watch Series 8

ალბათ, ეფლის საათის ვიზუალზე ყურადღების გამახვილება ზედმეტი იქნება, რადგან ყველამ ვიცით, რამდენად მაღალ დონეზე აქვთ ეს სფერო აყვანილი. ფუნქციების თვალსაზრისით კი, განახლებული ჭკვიანი საათი იმდენად საინტერესო სიახლეებს გვთავაზობს, რომ შეიძლება საუკეთესო მათგანის გამორჩევა გაგიჭირდეთ კიდეც.

დარწმუნებული ვარ, ყველამ კარგად იცით, ბოლო პერიოდში რამდენად აქტუალური გახდა ქალთა ჯანმრთელობაზე „მარკეტინგულად საუბარი“ — იქნება ეს შესაბამისი პროდუქტების გამოშვება თუ რეკლამების შექმნა და კამპანიების გამოშვება. სწორედ ამას უკავშირდება Series 8-ის ერთ-ერთი ახალი ფუნქცია. ეს უკანასკნელი ქალებს მენსტრუაციული ციკლისა და ოვულაციის კონტროლში დაეხმარება. მას შეუძლია, აღმოაჩინოს ციკლის დარღვევები, რაც შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემებზე მიუთითებდეს. თანაც, ეს მონაცემები დაშიფრულია მოწყობილობაზე და მხოლოდ პაროლით ან ბიომეტრიული ID-ით შეიძლება მათი ნახვა.

გარდა ამისა, საათის ეს სერია გაზომავს თქვენი სხეულის ტემპერატურას, გულისცემას და იმასაც კი მიხვდება, რომ წაიქეცით. ტემპერატურა ხშირად ბევრი სხვა პრობლემის მაცნეა, მაგრამ ამასთანავე, ოვულაციის პერიოდშიც დიდ როლს ასრულებს. ამიტომაც, ეს მახასიათებელი ორმაგად მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის.

და ეს ყველაფერი არ არის… როგორც აცხადებენ, საათს უნიკალური ფუნქცია ემატება, სახელწოდებით “Crash Detection”. მას იმის დადგენა შეუძლიათ, თუ სერიოზულ ავიაკატასტროფაში მოხვდით და ამ შემთხვევაში სასწრაფო დახმარების სამსახურს აწვდის ინფორმაციას. ამიტომაცაა, რომ კომპანია თამამად აცხადებს: „ჩვენს საათს თქვენი გადარჩენა შეუძლია“.

ამასთან, საათი აღჭურვილია ორი ახალი მოძრაობის სენსორით: გაუმჯობესებული გიროსკოპი და ახალი აქსელერომეტრი. საათის მუშაობის ხანგრძლივობა 18 საათია, ხოლო power mode-ის გააქტიურების შემთხვევაში — 36. მხოლოდ GPS-ის მხარდამჭერის მქონე მოწყობილობის ფასი $399-დან იწყება, ფიჭური კავშირის მხარდაჭერისას კი — $499-დან.

Apple Watch 8 ფერები მოიცავს Midnight, Starlight, Silver, Project Red და რამდენიმე კომპანიის რემენს, მათ შორის ჰერმესის.

Apple Watch SE 2

ახლა კი Apple Watch SE 2-ზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც ვარჯიშის დროს აქტივობის, გულისცემის სიხშირის კონტროლის, დაცემის ამოცნობასა და გადაუდებელი SOS სიგნალის გაგზავნაში დაგეხმარებათ. ამასთან, მას Apple Watch 8-ის ანალოგიური მოძრაობის სენსორი აქვს ავტოსაგზაო შემთხვევის დასაფიქსირებლად.

ამ მოდელს უფრო „ოჯახური“ ხასიათი გამოარჩევს. არ დაიბნეთ, ყველაფერს მარტივად აგიხსნით — მოკლედ, თუ თქვენს შვილებს აიფონი არ აქვთ და საერთოდაც არ გინდათ, სმარტფონთან დიდი დრო გაატარონ, შეგიძლიათ, მათი საათები თქვენს აიფონს დაუკავშიროთ. ისინი ჩვეულებრივ შეძლებენ მოწყობილობაზე შეტყობინებების მიღებას და Apple Watch SE 2-ით მხარდაჭერილი აქტივობების შესრულებას.

მისი ეკრანი 30%-ით უფრო დიდია ვიდრე Apple Watch 3 და 20%-ით უფრო სწრაფი ვიდრე ორიგინალი SE. აღნიშნული მოდელის ფასი $249-დან იწყება.

Apple Watch Ultra

ეს არის ერთ-ერთი პირველი ყველაზე დიდი დადასტურებული ჭორი: Apple Watch Ultra. კორპუსი დამზადებულია ტიტანისგან, წინა შუშა კი საფირონისაა, რათა მკაცრ გარემოს ადვილად გაუძლოს. საათს დამატებითი, მეორე დინამიკი და მიკროფონი აქვს, რაც ხმაურიან გარემოში ამარტივებს ხმის მკვეთრად მიღება/გადაცემას.

იმისათვის, რომ Apple Watch Ultra კომფორტულად გამოიყენონ თავგადასავლების მოყვარულებმა, ერთი დამუხტვით, 36 საათით მუშაობს. თანაც, ამ დროის გაზრდა 60 საათამდეც შეიძლება, ბატარეის ოპტიმიზაციის ახალი ფუნქციით. რახან თავგადასავლები ვახსენეთ, იმასაც გეტყვით, რომ საათის ღამის რეჟიმს შეუძლია, ინტერფეისი ნათელი წითელი გახადოს, რაც სიბნელეში უკეთესი ხილვადობის გამოცდილებას გთავაზობთ.

Apple ამბობს, რომ Apple Watch Ultra-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფუნქცია გაუმჯობესებული GPS სიზუსტეა. მკვრივ გარემოში, როგორიცაა მაღალი ცათამბჯენები ან მაღალი ხეები, საათი აღჭურვილია სპეციალური ტექნოლოგიით, რათა ზუსტი GPS შედეგები უზრუნველყოს. მოქმედების ღილაკი საათზე იძლევა უფრო ზუსტი ვარჯიშის საშუალებას, ხოლო ახალი ფუნქცია ავტომატურად ამოიცნობს სარბენ ბილიკზე შეხების დროს.

როგორც კომპანია აცხადებს, იგი შექმნილია ექსტრემალური ტემპერატურისთვის. ასევე, მოიცავს კომპასის განახლებულ აპლიკაციას, თქვენი მდებარეობის გაუმჯობესებული ხედვით და ძირითადი პუნქტების მონიშვნის გზებით. გარდა ამისა, საათს აქვს ჩაშენებული 86 დეციბელის სირენა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში.

ამ მოდელის ფასი 799 დოლარიდან იწყება.

AirPods Pro 

Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა, განახლებული AirPods Pro წარადგინა, რომელიც მისი თქმით, ყველაზე პოპულარული მოდელია. ახალი Pro ყურსასმენები აღჭურვილია განახლებული დამუშავების ჩიპით, რათა ხმის გაუმჯობესებული ხარისხი მივიღოთ. ხმის ახალი დრაივერები კი უფრო მეტ დეტალს გამოკვეთს რაიმეს მოსმენის დროს.

გარდა ამისა, არის სივრცითი აუდიო, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ხმა ყველა მხრიდან მოდის. ამასთან, ამ მოდელში პოპულარული აქტიური ხმაურის გაუქმების ფუნქცია ორჯერ უკეთესია, ვიდრე  წინა შემთხვევებში. გამჭვირვალობის რეჟიმი კი ახლომდებარე ხმაურის შემცირებას უწყობს ხელს.

ახალი AirPods Pro მხარს უჭერს 30 საათამდე მოსმენის დროს. თანაც, მის კორპუსს დაემატა დინამიკი, რომელიც გაფრთხილებთ ბატარეის მოახლოებულ დაცლას… AirPods Pro ქეისის დამუხტვა შესაძლებელია Apple Watch დამტენის გამოყენებით.

მისი ფასი $249-დან იწყება.

ახლა კი დიდი სიახლე: iPhone 14

iPhone 14 და iPhone 14 Plus, შესაბამისად 6.1 და 6.7 დიუმიანი ეკრანებით, OLED Super Retina დისპლეით, კერამიკული დამცავი მინით და მაღალი კლასის ალუმინის კორპუსით გამოირჩევა. ისინი ხუთ ფერშია ხელმისაწვდომი: midnight, starlight, light blue, purple და red. ამასთან, ისინი აღჭურვილია A15 Bionic ჩიპით, ამიტომ, ბუნებრივია, უფრო სწრაფად და უკეთესად იმუშავებს, ვიდრე წინა მოდელები.

სმარტფონს 12-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა აქვს, უფრო დიდი სენსორით და სწრაფი დიაფრაგმით. ასევე, გაუმჯობესებულია დაბალ შუქზე გადაღების შესაძლებლობებიც, რასაც Deep Fusion ტექნოლოგია უზრუნველყოფს — დაბალი განათების პირობებში ფოტოებში მეტი დეტალი და ფერი გამოჩნდება. ამასთანავე, განახლდება ვიდეოს გადაღებასთან დაკავშირებული შესაძლებლობები — სტაბილიზაციის ახალი რეჟიმი, სახელწოდებით მოქმედების რეჟიმი, ვიდეოს უფრო სტაბილურს გახდის, უფრო აქტიური მოვლენების გადაღებისას.

თუ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერია, ცდებით… Apple ელექტრონულ SIM-ებზე გადადის. ამავდროულად, iPhone 14-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არის ზემოთ ხსენებული Crash Detection — როგორც საათის შემთხვევაში, აქაც სასწრაფო დახმარებას ავტომატურად დაუკავშირდება სმარტფონი. iPhone ასევე დაამატებს საგანგებო SOS სიგნალს თანამგზავრის საშუალებით. ტელეფონს ექნება სპეციალური ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც, iPhone 14-ის ანტენებს საკომუნიკაციო თანამგზავრებთან დაკავშირება შეეძლებათ.

ახალი iPhone-ების ფასი $799-დან იწყება. მათი წინასწარი შეკვეთა შესაძლებელია 9 სექტემბერს. iPhone 14 გაყიდვაში 16 სექტემბერს გამოვა, ხოლო iPhone 14 Plus — 7 ოქტომბერს.

არ დაგავიწყდეთ iPhone 14 Pro

გეგონათ, რომ მხოლოდ ორი iPhone 14 იყო? Pro მოდელები დამზადებულია ქირურგიული უჟანგავი ფოლადისგან ოთხ ფერში: pace black, silver, gold და deep purple. დიზაინში კვლავ შენარჩუნებულია ე. წ. დინამიკური კუნძული. ის გვაწვდის დახვეწილ შეტყობინებებს, როგორიცაა თქვენი AirPods დაკავშირებულია ან თქვენი ტელეფონი იმუხტება. მას ასევე შეუძლია აჩვენოს ფონური აქტივობა. როგორც ჩანს, ამ სივრცის ბევრად უფრო ჭკვიანური გამოყენებაა.

Pro და Pro Max მოდელებს ახალი დისპლეები აქვს, რომლებიც უფრო ნათელი და მკაფიოა, ვიდრე წინა მოდელები. მათ ასევე მოჰყვება always on ეკრანი — ისეთი ელემენტები, როგორიცაა დრო, ვიჯეტები და ცოცხალი მოქმედება, ყოველთვის ხელმისაწვდომია. ამასთან, მოდელები აღჭურვილია Apple A16 ჩიპით, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტურობაზე, ეკრანზე და კამერის მუშაობაზე. Apple აცხადებს, რომ ჩიპი 40%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე კონკურენტ ტელეფონებზე.

ახალ Pro მოდელებს 48-მეგაპიქსელიანი კამერა ექნება, ოთხპიქსელიანი სენსორით, რომელსაც Apple-ის თქმით, შეუძლია უკეთ მოერგოს თქვენ მიერ გადაღებულ ფოტოს.  როგორც ცნობილია, მას მაღალი ხარისხის ფოტოების გადაღება ყველა სახის პირობებში შეუძლია. ასევე, არის 12MP 2x ტელეფოტო ობიექტივი და ახალი 12MP ულტრა ფართო კუთხის კამერა. ამრიგად, ახალი iPhone-ით ბევრად უფრო ადვილია პროფესიონალური ხარისხის ფოტოების გადაღება.

როგორ მივიღოთ მაქსიმუმი ჩვენი მონაცემებისგან? — 5 გზა

აი, როგორ მუშაობს IT ადმინისტრაციული ასისტენტი