დღეს, 8 მარტს Apple-ის მორიგი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც უკვე კარგად ნაცნობი პროდუქციის განახლებული ვერსიები ვიხილეთ. სტატიაში კი მოკლე შეჯამებას გთავაზობთ, თუ რა სიურპრიზები შემოგვთავაზა კომპანიამ გაზაფხულის კონფერენციაზე — ახალი iPad Air-დან დაწყებული 5G-ით მხარდაჭერილი iPhone SE-თი დამთავრებული.
iPhone SE და iPhone 13
როგორც ტიმ კუკმა აღნიშნა, მომხმარებლებს განსაკუთრებით მოსწონთ iPhone SE, თავისი ვიზუალისა და კომპაქტურობის გამო. ამიტომაც, აღნიშნული მოდელი ძველ დიზაინს ინარჩუნებს, თუმცა აღჭურვილია A15 ბიონიკური ჩიპით, აქვს 5G-ის მხარდაჭერა და iOS 15-ის ყველა განახლება. მისი ყიდვა 18 მარტიდან იქნება შესაძლებელი, ფასი კი $429-ს მიაღწევს.
რაც შეეხება, iPhone 13-ს, მისი განახლება მხოლოდ ორი ფერის დამატებას მოიცავს: Bold new green და Alpine green.
iPad Air
“ახალი და კიდევ უფრო შთამბეჭდავი” — ასე წარადგინა ეფლმა iPad Air. ეს უკანასკნელი M1 ჩიპითაა აღჭურვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოწყობილობა ორჯერ სწრაფია, ვიდრე ნებისმიერი ვინდოუს ლეპტოპი. ასევე, მის ძირითად ცენტრს 5G ინტერნეტი წარმოადგენს.
აიპადი აღჭურვილია 12-მეგაპიქსელიანი, ულტრა გაფართოების მქონე კამერით და 4K ვიდეოს გადაღების შესაძლებლობით. მისი ელემენტი იმდენად მდგრადია, რომ მთელი დღის განმავლობაში დატვირთვით მუშაობის დროსაც კი არ საჭიროებს დამუხტვას.
iPad Air 5 ფერში იქნება წარმოდგენილი და მისი ფასი კვლავ $599 იქნება.
M1 ULTRA
ახალი, ინოვაციური M1 Ultra მრავალსაფეხურიან არქიტექტურას იყენებს, სახელწოდებით UltraFusion, 2,5 ტბ/წმ გამტარობის მეშვეობით. აქ არის 114 მილიარდი ტრანზისტორი, რაც 7-ჯერ მეტია ვიდრე M1-ის შემთხვევაში იყო. რეალურად, ერთ ჩიპში ორი ერთიანდება…
ამ ჩიპში მეხსიერების გამტარუნარიანობა არის 800 გბ/წმ. ხოლო ერთიანი მეხსიერება 128 გიგაბაიტს აღწევს. მასში უზრუნველყოფილია 20-ბირთვიანი CPU და 64-ბირთვიანი GPU — ანუ, 8-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე M1 ჩიპი.
Mac Studio
და აი, ისიც — ნამდვილად უახლესი და უნიკალური პროდუქტი Mac Studio, რომელიც Apple M1 Ultra პროცესორის ძალას იყენებს. მოწყობილობას სპეციალური გაგრილების სისტემა აქვს და უკანა მხარეს 2 000 იდეალურად დამუშავებული პერფორაცია გვხვდება.
უკანა პანელი აღჭურვილია ოთხი Thunderbolt პორტით, 2 USB A პორტით, HDMI და Pro Audio ჯეკით. მასში ჩაშენებულია Wi-Fi 6 და Bluetooth 5. გარდა ამისა, წინა მხარეს გვხვდება ორი USB-C პორტი და SD ბარათის სლოტი, რომელიც ფოტოების იმპორტისთვისაა განკუთვნილი.
Mac Studio M1 Max 2.5-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე 27 დუიმიანი iMac Pro და ამასთან, 3.4-ჯერ უფრო სწრაფი გრაფიკა აქვს. Mac Studio ასევე 3-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე წინა Mac Pro. თანაც, შეგიძლიათ, მოწყობილობა დააკავშიროთ 4-მდე Pro XDR ეკრანთან და 4K ტელევიზორთან. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ Mac Studio 128 გიგაბაიტამდე ერთჯერად მეხსიერებას გვთავაზობს…
Apple Studio-ს ახალი ეკრანი
ეს არის 27-დუიმიანი 5K დისპლეი, რომელიც A13 ბიონიკური ჩიპით მუშაობს. მას გააჩნია მოწინავე 12-მეგაპიქსელიანი ულტრაფართო კუთხის კამერა — როგორც iPad-ს.
გარდა ამისა, ის მაღალი ხარისხის ხმის სისტემას უზრუნველყოფს 6 დინამიკით და სივრცითი აუდიოს მხარდაჭერით. Apple ამ პროდუქტს აუდიოსა და ვიდეოს საუკეთესო კომბინაციას უწოდებს…
უკანა მხარეს მოთავსებულია სამი USB-C პორტი, ასევე Thunderbolt პორტი 96 ვტ-მდე Mac-ების დასაკავშირებლად.
ახალი Mac Studio-ს ფასი $1 999 იქნება M1 Max-ის მხარდაჭერის შემთხვევაში, ხოლო M1 Ultra კონფიგურაციით, მისი ფასი 3 999 დოლარამდე გაიზრდება. Apple Studio Display-ის ფასი კი $1 599-დან დაიწყება.