ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ Apple-ის რეკლამებსა თუ სხვა მარკეტინგულ მასალებში მოწყობილობების ვიზუალზე საათის მაჩვენებელი მუდამ ერთ დროს აჩვენებს: 9:41. ცხადია, ეს შემთხვევითობა არაა და მიზანმიმართულ გადაწყვეტას წარმოადგენს…
9:41-ის ტრადიცია ჯერ კიდევ სტივ ჯობსის ეპოქაში დაიწყო, როდესაც ბრენდი პირველ ნაბიჯებს დგამდა სმარტფონების მიმართულებით. ეფლის თანადამფუძნებელს სურდა, პრეზენტაციის დაწყებიდან დაახლოებით 40 წუთის შემდეგ გამოევლინა მთავარი ვარსკვლავი — iPhone. ვინაიდან პრეზენტაცია დილის 9 საათზე იწყებოდა, აუდიტორიის წევრების საათების რეალურ და პროდუქტის ვიზუალზე ნაჩვენებ საათს შორის მსგავსება დამატებითი ხიბლი უნდა ყოფილიყო… თავდაპირველად ივარაუდეს, რომ ეს დრო 9:42 უნდა ყოფილიყო, თუმცა რეპეტიციის დროს ერთ წუთზე ადრე მოუწიათ აიფონის წარდგენა.
მსგავსი გათვლების მიუხედავად, Apple-მა იცოდა, რომ ყოველთვის ზუსტად ვერ დაემთხვეოდა რეალურ დროს… ამიტომაც თანმიმდევრულობის შესანარჩუნებლად, პროდუქტებზე „გაყინეს“ ეს კონკრეტული საათი. ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი გრძელვადიან მემკვიდრეობად იქცა, რომელიც ბრენდის თითქმის ყველა მარკეტინგულ მასალაშია გამოყენებული.