Apple-ის ყურსასმენების ხაზში ახალი მოდელი გამოჩნდა – თუმცა, ერთი შეხედვით, შეიძლება იფიქროთ, რომ კომპანიამ უბრალოდ ძველი პროდუქტი შემოგვთავაზა. AirPods Max 2 წარმოადგენს პირველ სერიოზულ განახლებას იმ ერთადერთი ყურსასმენების შემდეგ, რომლებიც Apple-მა 2020 წელს გამოუშვა. მართალია, 2024 წელს მცირე კორექტირება ვიხილეთ, როცა Lightning პორტი USB-C-ით შეიცვალა, მაგრამ კომპანიამ მაშინ ამ მოდელს ისევ AirPods Max უწოდა.
ახლა კი, როცა AirPods Max 2 ოფიციალურად ხელმისაწვდომია, აღმოჩნდა, რომ სიახლეების სია ისევ ძალიან მოკლეა. ერთი კვირის განმავლობაში ახალი ყურსასმენების ტესტირებისას, შევეცადე გამერკვია, რამდენად ღირს ეს მოდელი იმ ფასად, რასაც გვთავაზობენ.
დიზაინი, ფერები და ელემენტი – უცვლელი მოცემულობა
ყურსასმენების მიმოხილვისას იშვიათად ხდება, რომ დიზაინზე, წონასა და ზომებზე საუბარი ერთიანად, ყოველგვარი ცვლილების ხაზგასმის გარეშე მიწევდეს. მიზეზი მარტივია: ფიზიკურად ისინი ზუსტად ისეთია, როგორიც წინა მოდელი. არც ფერების პალიტრა შეცვლილა – მომხმარებელს ისევ Midnight, Starlight, Blue, Purple და Orange ვარიანტებიდან უწევს არჩევანის გაკეთება.
მომხმარებელთა ნაწილი ხშირად ჩივის წონის გამო. 386.2 გრამი ნამდვილად მძიმეა. შედარებისთვის, ისეთი კონკურენტები, როგორებიცაა Sony-ს WH-1000XM6 და Bose-ის QuietComfort Ultra, დაახლოებით 130 გრამით მსუბუქია.
ყურსასმენები მხოლოდ შიგნით იკეცება და ამ მდგომარეობაში ყოველი მოძრაობისას ყურსასმენების ერთმანეთზე ხახუნისა და დაკაწრვის რისკი ძალიან მაღალია. ამიტომ, Apple-ის Smart Case-ის ტარება პრაქტიკულად აუცილებელია, თუმცა სამწუხაროა, რომ ქეისიც ზუსტად ისეთივე დარჩა.
ლურჯი ფერი მოლოდინზე ბევრად სასიამოვნო აღმოჩნდა, რადგან ის უფრო ვერცხლისფერში გადადის, ვიდრე კლასიკურ ლურჯში. ის საკმაოდ შესამჩნევია და Midnight-თან შედარებით უფრო ყურადღებამისაქცევია, ამიტომ, თუ რაიმე სადა და შეუმჩნეველი გსურთ, ეს ვარიანტი არ გამოგადგებათ. თუმცა, ცოტა უცნაურია, რომ Apple-მა ახალი მოდელისთვის ერთი ახალი ფერიც კი არ დაამატა.
რაც შეეხება ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობას, ხმაურის ჩახშობის რეჟიმში ისევ 20 საათია მითითებული და პრაქტიკაშიც ძველსა და ახალ მოდელს შორის განსხვავება არ მიგრძნია.
ხმის ჟღერადობა
ყურსასმენების შერჩევისას ხმის ხარისხი პრიორიტეტული უნდა იყოს. Apple-მა AirPods Max 2-ის აპარატურული ნაწილი ფაქტობრივად უცვლელი დატოვა და მთავარი სიახლე მხოლოდ ახალი H2 ჩიპის დამატებაა. ორივე მოდელი ჟღერს ბრწყინვალედ, გვთავაზობს ფართო ხმოვან სცენას და დეტალების სიუხვეს ყველა სიხშირეზე. ბასები და მაღალი სიხშირეები მკვეთრია, შუა სიხშირეები კი ოდნავ ჩახშობილი.
გაუმჯობესებული ხმაურის ჩახშობა და ახალი პროგრამული ფუნქციები
Apple-ის მტკიცებით, ახალი H2 ჩიპი ხმაურის ჩახშობას ძველ მოდელთან შედარებით 1.5-ჯერ აუმჯობესებს. მიუხედავად ამისა, ხმაურის ჩახშობის კუთხით AirPods Max 2 მაინც ვერ იკავებს ლიდერ პოზიციას. მართალია პირდაპირი შედარება რთულია, რადგან სხვადასხვა ტიპის ყურსასმენებზე ვსაუბრობთ, მაგრამ Apple-ისავე AirPods Pro 3 ამ ამოცანას ბევრად უკეთ უმკლავდება. ხმაურიან ქუჩაში AirPods Pro 3-ის ტარებისას გარე ხმები თითქმის სრულად ქრება, მაშინ როცა AirPods Max 2 მხოლოდ ამსუბუქებს ფონურ ხმაურს.
AirPods Pro 3-ის ხსენება აქ ლოგიკურია, რადგან მასაც H2 ჩიპი აქვს და ახალი AirPods Max 2 პრაქტიკულად ახლა დაეწია მას ფუნქციებით. ამიერიდან, Max 2-ის მფლობელებსაც შეეძლებათ გამოიყენონ Adaptive Audio, Conversation Awareness, Live Translation და სხვა სასარგებლო ფუნქციები. AirPods Max 2 კვლავ რჩება გამორჩეულ პროდუქტად. მართალია, 549 დოლარად უფრო უკეთესი ხმის მქონე მოდელების პოვნაც შეიძლება, მაგრამ ამდენი ჭკვიანი ფუნქციის ერთ პროდუქტში მიღება გაგიჭირდებათ.
თუმცა, როგორც მეორე თაობის პროდუქტი, ის იმედგაცრუებას ტოვებს. ფაქტობრივად, იგივე მოდელი მივიღეთ, სადაც ერთადერთი რეალური სიახლე H2 ჩიპია. ამან ახალი პროგრამული ფუნქციები და უკეთესი ხმაურის ჩახშობა მოიტანა, მაგრამ ცვლილებების სია აქ მთავრდება. ფასიც ისევ იგივეა და ბევრად აღემატება კონკურენტების – Sony-ს, Bose-ისა თუ Sennheiser-ის ანალოგებს.
წყარო: Mashable














