ტექნოლოგიური სამყარო Apple-ის ყოველწლიური გრანდიოზული ღონისძიებისთვის ემზადება. ტრადიციულად, სექტემბრის დასაწყისში ტექნოგიგანტი თავის უახლეს ინოვაციებს წარადგენს. წელს, Apple iPhone-ის ოთხი ახალი მოდელის წარდგენას გეგმავს. ტექნოლოგიური სექტორიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს iPhone 17, iPhone 17 Pro, iPhone 17 Pro Max და სრულიად ახალი მოდელი – სავარაუდოდ სახელწოდებით iPhone 17 Air. ეს უკანასკნელი ჩაანაცვლებს Plus მოდელს და, როგორც ექსპერტები ამბობენ, იქნება ყველაზე თხელი iPhone, რაც აქამდე არსებულა, 5-6 მმ სისქით.
Air მოდელს ექნება დაახლოებით 6.5-დუიმიანი ეკრანი, თუმცა მოწყობილობის სისქის შესამცირებლად, კომპანიას კომპრომისებზე წასვლა მოუწია. ახალ მოდელს ექნება მხოლოდ ერთი 48MP უკანა კამერა, ნაცვლად სტანდარტული ორი ან სამი ობიექტივისა და სავარაუდოდ, უფრო პატარა ბატარეაც.
ტექნოლოგიური წყაროების ცნობით, ახალი iPhone-ების სერიას ექნება 24MP-იანი წინა კამერა, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა წინა მოდელების 12MP-სთან შედარებით. საბაზისო და Air მოდელები ასევე აღიჭურვება 120Hz განახლების სიხშირის მქონე ეკრანებით, რითაც Apple საბოლოოდ დაეწევა კონკურენტებს, რომლებმაც ეს ტექნოლოგია წლების წინ დანერგეს არაფლაგმან მოდელებშიც კი.
iOS 26 – რევოლუციური განახლება
ახალი iPhone-ები გაეშვება iOS 26-ით, რომელიც, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან განახლებას წლების განმავლობაში. ოპერაციული სისტემა გვთავაზობს “Liquid Glass” ვიზუალურ ენას, სადაც აპლიკაციების ხატულები და სხვა ელემენტები თხევადი მინის ეფექტით გამოჩნდება.
Messages აპლიკაცია ფუნდამენტურად გარდაქმნილია, განსაკუთრებით ჯგუფური ჩატების კუთხით – მომხმარებლებს შეეძლებათ მორგებული ფონების დაყენება და გამოკითხვების ჩატარება.
Photos აპლიკაციაც რადიკალურად გამარტივდა. მრავალი ჩანართის ნაცვლად, ახალი ვერსია გვთავაზობს მხოლოდ ორს – “Library” და “Collections”, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გაცილებით ინტუიციურად იმუშაონ ფოტოებთან და ვიდეოებთან.
Apple Watch
ტრადიციისამებრ, ღონისძიებაზე მოსალოდნელია Apple Watch-ის სერიის განახლებაც. ინდუსტრიული წყაროების მიხედვით, გაირკვა, რომ იქნება ახალი Apple Watch Ultra 3 მოდელი 5G მხარდაჭერით, ახალი პროცესორითა და სატელიტური შეტყობინებების ფუნქციით. ეს განსაკუთრებით სასარგებლო იქნება აქტიური ცხოვრების წესის მქონე მომხმარებლებისთვის.
ასევე მოსალოდნელია Apple Watch Series 11-ის და შესაძლოა ახალი, ეკონომიური SE მოდელის წარდგენაც. თუმცა ინსაიდერული წყაროების ცნობით, ახალი მოდელები არ შემოგვთავაზებენ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წინა თაობასთან შედარებით, რაც შესაძლოა იმედგაცრუების მიზეზი გახდეს განახლების მსურველთათვის.
AirPods Pro 3
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის, ბევრი ტექნოლოგიური ანალიტიკოსი ვარაუდობს AirPods Pro 3-ის გამოჩენას ამავე ღონისძიებაზე. ბოლო განახლებიდან ორი წლის გასვლის შემდეგ, დროა, Apple-მა განაახლოს თავისი პრემიუმ ყურსასმენები.
Bloomberg-ის ცნობით, ახალი AirPods Pro შეიძლება წარმოდგენილი იყოს განახლებული დიზაინით და დამატებითი ჯანმრთელობის ფუნქციებით, როგორიცაა გულისცემის სიხშირის მონიტორინგი და ტემპერატურის გაზომვა.
საინტერესოა, რომ iOS 26-ის საჯარო ბეტა-ვერსიაში ნაპოვნი მინიშნებები მიუთითებს რეალური დროის ენის თარგმნის ფუნქციების დამატებაზე AirPods-ისთვის, თუმცა ჯერ უცნობია, ეს ფუნქცია მხოლოდ ახალ მოდელებზე იქნება ხელმისაწვდომი თუ ძველებზეც.
რა არ უნდა ველოდოთ
მიუხედავად სიახლეების მრავალფეროვანი ჩამონათვალისა, ზოგიერთი ნამდვილად სანატრელი პროდუქტის გამოჩენა ჯერ არ არის მოსალოდნელი. დაკეცვადი iPhone, რომელზეც ბევრს საუბრობენ, სავარაუდოდ 2026 წლამდე არ გამოჩნდება ბაზარზე. ასევე ნაკლებად სავარაუდოა ახალი MacBook-ების წარდგენა, რადგან ტრადიციულად მათ ცალკე ღონისძიებებზე წარმოადგენენ ხოლმე ოქტომბერში ან გაზაფხულზე.
ასევე, ნაკლებად მოსალოდნელია ახალი HomePod-ისა თუ Apple TV-ის შესახებ ინფორმაცია, თუმცა, როგორც ინდუსტრიული წყაროები ირწმუნებიან, ეს პროდუქტები შესაძლოა 2025 წლის ბოლოსკენ წარადგინონ.
წყარო: Mashable














