თუ ბებიების, ბაბუების ან უბრალოდ იმ ადამიანების დახმარება ხშირად გიწევთ, რომლებსაც ტექნოლოგიების „არ ესმით“, არ იციან, როგორ დაგირეკონ, როგორ მოგწერონ ან გამოგიგზავნონ ფოტო, ახლა Apple საუკეთესო ვარიანტს გთავაზობთ. იგი Assistive Access-ს შემეცნებითი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისა და ასაკოვნებისთვის ქმნის, რომლებისთვისაც რთულია თანამედროვე მოწყობილობების გამოყენება. აქ აპლიკაციები და სხვადასხვა ფუნქცია უკვე ისეა განაწილებული, რომ მომხმარებლებისგან ნაკლები ძალისხმევა სჭირდებოდეს და მათ მეტად მარტივად და სწრაფად შეძლონ საჭირო აპლიკაციებში შესვლა.
Assistive Access მხოლოდ ერთ აპლიკაციაში აერთიანებს Phone-ისა და FaceTime-ის გამოცდილებებს. შეტყობინებების, კამერის, ფოტოებისა და მუსიკის აპლიკაციებიც კონტრასტული ღილაკებითა და უფრო დიდი ტექსტითაა მოცემული, რაც მომხმარებლებს მის პოვნას უმარტივებს. საინტერესოა ისიც, რომ ასაკოვან ადამიანებს შეტყობინებების შესვლისას ემოჯები და ერთი ღილაკი დახვდებათ, რომლითაც ხმოვანი შეტყობინების ჩაწერას მარტივად მოახერხებენ.
„ინტელექტუალური და განვითარების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე საზოგადოება სავსეა შემოქმედებითობით, მაგრამ ტექნოლოგია ამ ინდივიდებისთვის ხშირად ქმნის ფიზიკურ, ვიზუალურ და ცოდნის ბარიერებს. ხოლო ფუნქციის ქონა, რომელიც iPhone-სა და iPad-ზე მათთვის ხელმისაწვდომ გამოცდილებას უზრუნველყოფს, განათლების, დასაქმების, უსაფრთხოებისა და ავტონომიურობისკენ უფრო მეტ ღია კარს ნიშნავს, ეს გულისხმობს სამყაროსა და არსებული პოტენციალის გაფართოებას“, — აცხადებს ქეითი შმიდი, National Program Initiatives-ის ხელმძღვანელი.
მართალია, Apple-ს ჯერ არ განუცხადებია ფუნქციის გაშვების ოფიციალური თარიღები, მაგრამ როგორც ამბობს, იგი წლის ბოლოსთვის მზად უნდა იყოს. ვარაუდობენ, რომ უფრო მეტი დეტალი WWDC-ზე გახდება ცნობილი, როცა კომპანია iOS 17-სა და iPadOS 17-ს წარადგენს…