„სხვა ხილი“ – ასე ჰქვია ვაშლის სიდრს, რომლის შეფუთვასაც ახლა გაგაცნობთ. წითელში, ყვითელში, მწვანესა და თეთრში გადაწყვეტილი ვიზუალური იდენტობა ტიპოგრაფიკული ლოგოთია წარმოდგენილი და მასზე გრაფიკოსმა დიზაინერმა ანანო ღირსიაშვილმა იმუშავა. დიზაინერის თქმით, მისი დავალება იყო ქართული წარმოების სიდრისთვის ეტიკეტი და ლოგო შეექმნა.
ანანო ღირსიაშვილი: „ვინაიდან, სიდრის მთავარი ინგრედიენტი ვაშლია, პროდუქტის და ბრიფის გაცნობის შემდეგ, მთავარ ამოცანად იქცა ფერადი და ცოცხალი ვიზუალის შექმნა, ვაშლის ელემენტებით.
მუშაობის პროცესში, ორიენტირად ავიღე ბრიფის მთავარი მიზანი, ანუ, ავირჩიე ვაშლის სხვადასხვა სახეობის ფერი და სამუშაო პალიტრა შევკარი. ამასთან ერთად, შთაგონება იყო ვაშლის ნაყოფის ზრდის პროცესისთვის განუყოფელი ელემენტები: მზე, ფოთლები და ის ბუნებრივი გარემო, რომელშიც ის ვითარდება. სწორედ ამ ინსპირაციით მივედი ბრიფის გადაწყვეტამდე.
რაც შეეხება ლოგოზე მუშაობის პროცესს, კონცეფციის შემუშავებისას მქონდა გარკვეული მიმართულებები. თითოეული მათგანი დავამუშავე, განვიხილე და რამდენიმე ვარიანტის შექმნის შემდეგ, მივედი საბოლოო გადაწყვეტამდე – შექმნილიყო ტიფოგრაფიკული ლოგო, რომელიც იქნებოდა მხოლოდ ქართულ ენაზე. მუშაობისას ეტიკეტი თავისთავად ვიზუალურად დატვირთული გამოვიდა, ამიტომ ვიფიქრე, უმჯობესი იქნებოდა სიმსუბუქის შემოტანა. ასეც მოვიქეცი, ტექსტი კონკრეტულ ფორმებში მოვაქციე და მივიღე ის ლოგო, რომელიც უკვე საბოლოო სახით თქვენც იხილეთ.“
ავტორი: თამარ მეფარიშვილი