მსოფლიოს მასშტაბით, Apple-ს ათასობით მაღაზია აქვს, თუმცა, აქამდე, არც ერთი მათგანი არ ყოფილა წყალზე. Straits Times-ის ცნობით, პირველი ასეთი მაღაზია სინგაპურში, მალე გაიხსნება. გუმბათოვანი შენობა მაღაზიის გარდა სხვა ფუნქციებსაც შეითავსებს. ის ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების დაკავშირებას, მათში შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ახალი პროდუქტების შექმნაში ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
Apple-ის ოფიციალური განცხადებით, სინგაპურში ახალი სივრცის გახსნა დასტურდება, თუმცა, ცნობილი არ არის, ზუსტად როდის ამოქმედდება მაღაზია.

სინგაპურში ამ შენობას Crystal Pavilion-ის სახელით იცნობენ, რომელიც ერთ დროს ღამის კლუბის სახით ფუნქციონირებდა. Apple-მა მისი ინტერიერი და ექსტერიერი გარდაქმნა. კომპანიამ შენობა მინის პანელებით დაფარა, რაც სინგაპურის ცის არეკვლას ხდის შესაძლებელს, ხოლო ღამით, გუმბათოვანი Crystal Pavilion სპეციალური განათებით დაიფარება. შენობაში შეღწევა წყალქვეშა გვირაბით იქნება შესაძლებელი, რომელიც ახლომდებარე მოლიდან იწყება.
ეს Apple-ის მესამე მაღაზია იქნება სინგაპურში. პირველი 2017 წელს, ხოლო მეორე 2019 წელს გაიხსნა. ახლა კი, კორონავირუსის პერიოდში, ფიზიკური მაღაზიის გახსნა საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილებაა, რომელიც, ერთი მხრივ პანდემიასთან დაკავშირებულ Apple-ის იმედიან დამოკიდებულებასაც აცხადებს.