როგორც ჩანს, ის დრო, როდესაც ყველა iPhone ბრტყელი მართკუთხა ფორმის იყო, დასასრულს უახლოვდება. ხმები იმაზე, რომ Apple 2026 წელს თავის პირველ დასაკეც ტელეფონს გამოუშვებს, სულ უფრო ვრცელდება და მეტიც – სულ ახლახან ამას დაემატა კიდევ ერთი ინფორმაცია მეორე დასაკეც iPhone-ზე მუშაობის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის პირველი დასაკეცი iPhone-ის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ არ არის ცნობილი, კომპანია შესაძლოა უკვე მუშაობდეს უფრო პატარა მოწყობილობაზე, რომელიც პირველს მალე მოჰყვება. Bloomberg-ის ჟურნალისტის, მარკ გურმანის ინფორმაციით, Apple იკვლევს „კვადრატულ, დასაკეც ტელეფონს“, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს მოწყობილობა ამ ეტაპზე მხოლოდ განხილვის დონეზეა და შორს არის გარანტიისგან, რომ საბოლოოდ ბაზარზე გამოვა.
თუ ეს გეგმები რეალობად იქცევა და Apple მართლაც გამოუშვებს უფრო პატარა დასაკეც iPhone-ს, ეს ნიშნავს, რომ კომპანია მზად არის კონკურენციისთვის უკვე არსებულ მოდელებთან, მათ შორის Samsung-ის უახლეს Galaxy Z Flip 7-თან და Motorola-ს განახლებულ Razr-თან. ანგარიშში ასევე იკვეთება, რომ Apple საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი თავისი პირველი დასაკეცი iPhone-ის წარმატების მიმართ, რომლის გამოშვებაც, გავრცელებული ხმების მიხედვით, მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება, და უკვე წინასწარ ამზადებს შემდგომ ნაბიჯებს შესაძლო მოთხოვნის ასათვისებლად.
აღსანიშნავია, რომ დასაკეც iPhone-ზე საუბარი პირველად არ გვესმის. ადრეც იწერებოდა, რომ Apple-მა პროტოტიპებიც კი შექმნა. პარალელურად, კომპანია ასევე განიხილავს უფრო დიდ დასაკეც მოწყობილობას, რომელიც წიგნივით გაიხსნება, თუმცა ამის შესახებ ჯერ მეტი არაფერია ცნობილი.












