Apple-მა საბოლოოდ დაასახელა ის აპლიკაციები და თამაშები, რომლებიც სწორ ღილაკებს აჭერს ხელს, როცა საქმე დიზაინს, ინოვაციებსა და მომხმარებელთა პირველ ადგილზე დაყენებას ეხება. რაღა თქმა უნდა, Apple Design Awards 2024 წლის გამარჯვებულებზე ვსაუბრობთ, რომელიც გამოცდილებათა ფართო ასორტიმენტს აერთიანებს.
„შთამაგონებელია იმის ნახვა, თუ როგორ იყენებენ დეველოპერები ჩვენს ტექნოლოგიებს გამორჩეული აპლიკაციებისა და თამაშების შესაქმნელად, რომლებიც მომხმარებელთა ცხოვრებას აუმჯობესებს. ამ წლის გამარჯვებულები ნათელს ჰფენენ იმას, თუ როგორ შეუძლია აპლიკაციებს ძლიერი გამოცდილებების შექმნა და ჩვენ მოხარულები ვართ მათი შრომის აღნიშვნით“, — აცხადებს სუზან პრესკოტი, Apple-ის ვიცე-პრეზიდენტი.
Delight and Fun-ის, Inclusivity-ის, Innovation-ის, Interaction-ის, Social Impact-ისა და Visuals & Graphics-ის კატეგორიებთან ერთად Apple Design Awards წელს პირველად გვთავაზობს Spatial Computing-ის კატეგორიას. ახლა კი გამარჯვებულებზე გადავიდეთ და ის 14 აპლიკაცია თუ თამაში ვნახოთ, რომლებიც წელს საუკეთესოთა შორის მოხვდა:
Delight and Fun
App: Bears Gratitude by Isuru Wanasinghe (Australia)
დღიურის მსგავსი აპლიკაციაა, რომელიც მადლიერების ჩვევად ქცევაში და პოზიტიური მსოფლმხედველობის განვითარებაში ეხმარება მომხმარებლებს. დათვის ილუსტრაციებსა და პასტელურ ფერებს იყენებს, რათა სასიამოვნო ატმოსფერო შექმნას მისი ყოველდღიური მომხმარებლებისთვის. აპლიკაცია მათ შთამაგონებელ ციტატებს უზიარებს, რათა დაეხმარონ ცხოვრების პოზიტიურ ასპექტებზე ფოკუსირებაში. ჩანაწერების დასრულების შემდგომ ვირტუალური სტიკერებითაც კი აჯილდოებს.
Game: NYT Games by The New York Times Company (United States)
არც მეტი, არც ნაკლები, აქ New York Times-ის თამაშების აპლიკაციაზე საუბრობენ, რომელიც თავსატეხებს, კროსვორდებსა და ფაზლებს სთავაზობს მომხმარებლებს. Wordle-სა და Sudoku-საც კი, რომლითაც გართობა ყველა დონის მოთამაშეს შეუძლია.
Inclusivity
App: Oko by AYES (Belgium)
ნავიგაციის ხელსაწყოა მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის. ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, რათა მიმართულებები შესთავაზოს მათ და ხმოვანი გზავნილებითა თუ ვიბრაციებით უთხრას საგზაო მოძრაობის ნიშნების შესახებ. ასე Oko სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებს დამოუკიდებლად და თავდაჯერებულად გადაადგილების საშუალებას აძლევს.
Game: Crayola Adventures by Red Games Co. (United States)
შემოქმედებითი აპლიკაციაა ბავშვებისთვის, რომლებიც მათ ინტერაქციული სთორითელინგის გაფერადების საშუალებას აძლევს. აქ მათ საკუთარი პერსონაჟებისა და სამყაროების შექმნაც შეუძლიათ…
Innovation
App: Procreate Dreams by Procreate (Australia)
არტისტებსა და ანიმატორებს 2D ანიმაციების შექმნას სთავაზობს, ძლიერი და მომხმარებელზე მორგებული ინტერფეისით, რომელიც საშუალებას აძლევს მათ, ილუსტრაციები ანიმაციური ეფექტებით, აუდიოთა და ვიდეო ინტეგრაციებით გააცოცხლონ. ფუნჯების მრავალფეროვნებაცაა, რათა ნებისმიერი ანიმაციის დახატვა შეძლონ.
Game: Lost in Play by Happy Juice Games (Israel)
ფაზლის მსგავსი თამაშია, რომელიც ცოტათი უცნაურ სახლში ვითარდება, მომხმარებლები კი და-ძმის ბედზე არიან პასუხისმგებელნი. ხელით შესრულებული ნახატები აქ კლასიკურ მულტფილმებს მოგაგონებთ, რაც მას იდეალურს ხდის ოჯახთან ერთად გასართობად.
Interaction
App: Crouton by Devin Davies (New Zealand)
რეცეპტების მენეჯერი აპლიკაციაა, რომელიც iOS-ზე, iPadOS-ზე, macOS-სა და ეფლის სხვა მოწყობილობებზეა ხელმისაწვდომი. განსხვავებული წყაროებიდან რეცეპტების შენახვის საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, იქნება ეს ვებგვერდი თუ რეცეპტების წიგნები. ბუნებრივია, აპლიკაციას სკანირების ფუნქციაც აქვს. მზადების პროცესში ნაბიჯ-ნაბიჯ მოგყვებათ და კვირის რაციონსაც თავადვე გთავაზობთ.
Game: Rytmos by Floppy Club (Denmark)
გასართობი ფაზლის მსგავსი თამაშია, რომლითაც თავისუფალ დროს შეგიძლიათ, ისიამოვნოთ. თუმცა აქ კუბიკების მსგავსი პლანეტების აწყობა მუსიკის შექმნას ნიშნავს. განსხვავებული კულტურის მუსიკებიც შეგიძლიათ მოიძიოთ და ინსტრუმენტებიც, რათა მელოდიებს საკუთარი ხედვა შემატოთ.
Social Impact
App: Gentler Streak Fitness Tracker by Gentler Stories (Slovenia)
ფიტნესაპლიკაციაა, რომლისთვისაც პრიორიტეტი მომხმარებლის კეთილდღეობაა, თქვენი აქტივობების მონაცემებს პერსონალიზებული სავარჯიშო გეგმის შესადგენად იყენებს, ყოველდღიურ უკუკავშირსაც გაძლევთ, რათა ბალანსი შეინარჩუნოთ.
Game: The Wreck by The Pixel Hunt (France)
სათავგადასავლო თამაშია, რომელიც 36 წლის ქალ ჯუნონს გვაცნობს, რომელიც კარიერულ რყევებსა და დაძაბულ ურთიერთობებს უმკლავდება, როცა კლინიკაში მიდის დედის ავარიაში მოხვედრის შემდეგ. ამ ტრავმული დღის განმეორებით მომხმარებელი მას წარსულთან დაპირისპირებაში და სწორი არჩევანის გაკეთებაში უნდა დაეხმაროს, რომელიც პოტენციურად გაფუჭებულ ურთოერთობებსაც გამოასწორებს.
Visuals and Graphics
App: Rooms by Things, Inc. (United States)
აქ 3D სივრცეების შექმნა და მოწყობა შეგიძლიათ.
Game: Lies of P by NEOWIZ (South Korea)
პინოქიოს როლის მორგებას გთავაზობთ, რომელიც ბნელ სამყაროში მოხვდა. ნარატივს კი თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ქმნით.
Spatial Computing
App: djay pro – DJ App & AI Mixer by algoriddim GmbH (Germany)
დამწყები და პროფესიონალი დიჯეებისთვისაა შექმნილი. ადგილობრივ მუსიკას ისეთი სტრიმინგ სერვისების მუსიკებთან აერთიანებს, როგორიც Apple Music გახლავთ. თავისივე Neural Mix ტექნოლოგიით საშუალებას გაძლევთ, მუსიკა დაანაწევროთ ბიტების, ინსტრუმენტებისა თუ ვოკალის მიხედვით. მოკლედ იდეალური ხელსაწყოა დიჯეებისთვის არსებული უნარების გასავითარებლად.
Game: Blackbox by Shapes and Stories (United States)
ეს კი უკვე Apple Vision Pro-სთვის შეიქმნა, ჩარჩოს მიღმა ფიქრისკენ და ყველა შესაძლებლობის კვლევისკენ გიბიძგებთ. თქვენ ირგვლივ არსებულ სამყაროს ლამაზი დეტალებით აცოცხლებს, სადაც თითოეული თავსატეხის ამოსხსნა რაღაც ჯადოსნურ ხრიკზე დაუფლებას ჰგავს.