სხეულის ენით კომუნიკაციის უმეტესი ნაწილი თვალებს ეთმობა — არ აქვს მნიშვნელობა, ქუჩაში ვესაუბრებით ვინმეს თუ ვირტუალური ზარის საშუალებით. თუმცა Apple-ის ახალი ფუნქცია იმისკენაა მიმართული, რომ ციფრულ სამყაროში მორცხვ ადამიანებს თვალების კონტაქტის პრობლემა მოუხსნას.
კერძოდ, Inverse იტყობინება, რომ ყველა iPhone-ს, რომელიც მუშაობს iOS 14 ან უფრო ახალი ვერსიით, ჯადოსნური ფუნქცია აქვს, სახელწოდებით Eye Contact. მისი გააქტიურებისას, ეკრანზე ისე ჩანს, თითქოს კამერას პირდაპირ უყურებთ — მაშინაც კი, როცა რეალურად სხვაგან იყურებით. აღნიშნული მახასიათებელი FaceTime-ისთვის შეიქმნა და ეფლის ARKit პლატფორმით იკვებება, რომელიც რეალურ სამყაროში 3D ობიექტების რეალისტურ რენდირებას უზრუნველყოფს.
საგულისხმოა, რომ „თვალის კონტაქტი“ ჯერ კიდევ 2020 წელს ამოქმედდა, როცა ონლაინ შეხვედრები პოპულარობის პიკში იყო… თუმცა მის ბეტა ვერსიას Attention Correction ერქვა და ნაკლებად ეფექტურად ახერხებდა დავალების შესრულებას. „FaceTime-ს შეუძლია ვიდეო ზარები უფრო ბუნებრივი გახადოს, რადგან ის თვალის კონტაქტის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ“, — განმარტავს ტექნიკური გიგანტი.
რა თქმა უნდა, თუ ტექნოლოგიის მიერ შექმნილი იერი გაწუხებთ, შეგიძლიათ, ეს ფუნქცია მარტივად გამორთოთ: შეხვალთ პარამეტრებში, იპოვით “FaceTime”-ს და დააჭერთ Eye Contact-ს.