in

iPhone 15 და სხვა სიახლეები, რომლებიც Apple-ის 12 სექტემბერის ღონისძიებაზე დაანონსდა

სულ რამდენიმე წუთის წინ Apple-ის საშემოდგომო კონფერენცია დასრულდა, რომელიც ყველასათვის ნაცნობ და საყვარელ მოწყობილობებთან დაკავშირებულ ცვლილებებს მიეძღვნა. თუმცა ვიდრე უშუალოდ მათ განხილვაზე გადავალთ, ბრენდის მსგავსად უნდა გავაკეთოთ შესავალი — როგორც ჩანს, ეფლმა გადაწყვიტა, მომხმარებლებისთვის მეტი კავშირის შეგრძნება აღეძრა და მისი ტექნოლოგიების უდიდესი როლისთვის გაესვა ხაზი. სწორედ ამ მიზნით, ტიმ კუკის გამოჩენას წინ უძღოდა ემოციური ვიდეორგოლი, რომელშიც ადამიანები თავიანთ ამბებს გვიზიარებდნენ, თუ როგორ გადაარჩინა ეფლის მოწყობილობებმა მათი სიცოცხლე….

„არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე სიცოცხლის გადარჩენის ხელშეწყობა“, — აღნიშნა ტიმ კუკმა და სიახლეების გაზიარებას შეუდგა.

Apple Watch

როგორც კუკმა თქვა, ეს მოწყობილობა მუდამ ჩვენთანაა — „თუ სახლში გრჩებათ, დარწმუნებული ვარ, უკან ბრუნდებით მის ასაღებად“. ამჯერად კი ბრენდი აპირებს, გამოცდილება კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს, თავისი Apple Vision Pro საათით. უახლესი კონტროლის მექანიზმით, მას უკვე თითის ანაბეჭდის ფუნქცია დაემატა, რაც პერსონალიზაციის დონეს ზრდის.

გარდა ამისა, მასში ინტეგრირებული Siri მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ჯანმრთელობის მონაცემებზე მიიღონ წვდომა: მაგალითად, „როგორ მეძინა წუხელ?“ ამასთანავე, სერია 9-ის შემთხვევაში კარნახის ფუნქცია 25%-ით ზუსტია წინამორბედისგან განსხვავებით. თანაც მას ოთხბირთვიანი ძრავა აქვს, რომელიც 2-ჯერ სწრაფია ამოცანების შესრულების თვალსაზრისით. ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა კი ერთი დამუხტვის შემდეგ 18 საათს აღწევს — ცხადია, უწყვეტი გამოყენებისას.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ახალი S9 SiP ჩიპი — ის სერია 8-ის ჩიპთან შედარებით 30%-ით სწრაფია. Ultra Wideband მხარდაჭერის წყალობით კი, Watch Series 9 გაძლევთ საშუალებას, დაკარგულ iPhone-ს მარტივად მიაგნოთ — ეს დაახლოებით AirTag-ის მსგავსია.

საგულისხმოა, რომ Apple Watch ამჟამად კონტროლდება ისეთი ჟესტებით, როგორებიცაა მაჯის აწევა ან ეკრანის ხელით დაფარვა. ახალ მოდელს კი ახალი ჟესტიც ემატება — საუბარია Double Tap-ზე. ამისათვის ცერა ან საჩვენებელი თითის ორჯერ შეხებაა საჭირო და ფუნქციით მარტივად ისარგებლებთ ზარის საპასუხოდ ან გასათიშად. ამასთანავე, შესაძლებელია ტაიმერის გაჩერება, მაღვიძარას გათიშვა და მუსიკის ჩართვა/გათიშვა… რომ აღარაფერი ვთქვათ Smart Stack-ის გახსნაზე.

ხოლო WatchOS 10-ით შეგიძლიათ გამოიყენოთ NameDrop, რათა სხვა ადამიანის Apple Watch-თან საკონტაქტო ინფორმაციის გაზიარება შეძლოთ.

და რაც ყველაზე მთავარია დღევანდელ რეალობაში, ბრენდმა ინტეგრირებული კრეატიული ვიდეორგოლით გაუსვა ხაზი, თუ როგორ იყენებენ ეკოლოგიურად სუფთა მასალებს. მათ შორისაა 100%-ით გადამუშავებული კობალტი Apple Watch S9-ის ბატარეაში. სპორტული სამაჯურის კი 82% გადამუშავებული მატერიისგან შედგება. თანაც ამას ისიც ემატება, რომ ეფლის ყველა წარმოება ახლა 100% სუფთა ელექტროენერგიით იკვებება. „ვგეგმავთ, 2030 წლისთვის სრულად ნახშირბად-ნეიტრალური ბიზნესი ვიყოთ“.

ასევე, ბრენდმა შეიმუშავა ახალი ტექსტილი, სახელწოდებით FineWoven — მისი 68% გადამუშავებულ მასალას წარმოადგენს. ჰერმესთან პარტნიორობის შედეგად კი ახალი კრეატიული სამაჯურები შეიქმნა — დახვეწილი, კლასიკურისა და სპორტულის სინთეზი. აქვე გეტყვით, რომ ეფლი და Nike-იც თანამშრომლობენ საათებისთვის განკუთვნილი სამაჯურების შესაქმნელად.

Apple Watch Ultra

კონფერენციაზე Apple Watch Ultra 2 ვიხილეთ, რომელიც მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც მოგზაურობა და დიდ მანძილებზე სიარული განსაკუთრებით იზიდავთ. ამ შემთხვევაშიც, საათი აღჭურვილია S9 SiP ჩიპით, გააჩნია Double Tap ფუნქცია, Siri და Ultra Wideband. ამასთანავე, მასზე ღამის რეჟიმი ავტომატურად ჩაირთვება სიბნელეში, რისთვისაც ატმოსფერული სინათლის სენსორს ეყრდნობა.

გარდა ამისა, შესაძლებელია Bluetooth აქსესუარების დაკავშირება, რათა მაგალითად, ველოსიპედის სიჩქარე ან სიმძლავრე გაზომოთ. ბატარეის გამოყენება 36 საათამდე გაიზარდა, ხოლო დაბალი ენერგიის რეჟიმში — 72 საათამდე. ასევე, 95%-მდე გაიზარდა გადამუშავებული მასალების შემცველობის დონე.

მთლიანობაში, Ultra 2-ს შედარებით მცირე განახლებები შეეხო.

iPhone 15

ახლა კი iPhone 15, სრულიად ახალი, მშვენიერი დიზაინით. Super Retina XDR დისპლეი OLED-ით, მისი მაქსიმალური HDR სიკაშკაშე 1600 ნიტს წარმოადგენს, მაქსიმალური გარე სიკაშკაშე კი — 2000 ნიტს. შესაბამისად, 2-ჯერ ნათელია, ვიდრე წინამორბედი.

ვარდისფერი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, შავი — სწორედ ამ ფერებში გადაწყდა მოდელის გამოშვება. ამ შემთხვევაშიც ბრენდმა გადამუშავებულ მასალებზე აიღო ორიენტირი და შიგთავსში 75% რეციკლირებული ალუმუნი გამოიყენა, 100% გადამუშავებული კობალტი ბატარეაში და 100% რეციკლირებული სპილენძი MagSafe დამტენში.

75% გადამუშავებული ალუმინი შიგთავსში, 100% რეციკლირებული კობალტი ბატარეაში და 100% რეციკლირებული სპილენძის ფოლგა მთავარ ლოგიკურ დაფაში და MagSafe დამტენში.

რაც შეეხება კამერას, ის 48-მეგაპიქსელიანია, ოთხპიქსელიანი სენსორით და 100%-იანი ფოკუსირებული პიქსელით. იყენებს 2x მასშტაბირებას ფოტოებისთვის და გააჩნია ახალი თაობის პორტრეტის რეჟიმი — კერძოდ, აღარაა საჭირო, მისი ხელით დაყენება… სანაცვლოდ, სმარტფონი ავტომატურად ამოიცნობს, როდესაც ობიექტივში ადამიანი მოექცევა და მომხმარებელს საშუალებას მისცემს, აღნიშნული რეჟიმი აირჩიოს. ასევე, აღსანიშნავია გაუმჯობესებული ფოკუსი და სიღრმის კონტროლი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ერთიდან მეორე ობიექტზე ფოკუსი გადაღების შემდეგ გადაიტანოთ.

გარდა ამისა, გაუმჯობესებულია ღამის რეჟიმი და ჭკვიანი HDR საშუალებას გაძლევთ, ცა და ვარსკვლავები თუ სხვა ციური სხეულები იდეალურად დააფიქსიროთ.

ამასთანავე, განახლდა Ultra Wideband, რადგან აიფონს ახალი მეორე თაობის ჩიპი აქვს, რომელიც სხვა მოწყობილობებს 3-ჯერ მეტი სიზუსტით უკავშირდება. ზარების აუდიო ხარისხი კი უფრო მოწინავე მანქანური სწავლების მოდელითაა განახლებული, რომელიც კონკრეტული მომხმარებლის ხმას ანიჭებს უპირატესობას და ხმის იზოლაციასაც იყენებს.

რაც შეეხება დამტენს, როგორც იცით, ბრენდი საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტს „დაემორჩილა“ და iPhone 15-ს USB C-ით დამუხტავთ. თანაც იმავე კაბელს შეუძლია დამუხტოს Mac, iPad, iPhone და AirPods Pro მე-2 თაობაც კი.

iPhone 15 Pro

ჩვენი Pro მოდელები წარმოადგენს Apple-ის საუკეთესო ინოვაციებს“, — აღნიშნა ტიმმა და ასე გადავედით ყველა თაობის გამორჩეულ მოდელებზე. უახლესი iPhone 15 Pro სრულად ტიტანისგანაა დამზადებული. „ყველაზე Pro iPhone, რომელიც ოდესმე შეგვიქმნია!“

როგორც კონფერენციაზე აღნიშნეს, ეს მოდელი ინდუსტრიის მოწინავე ინოვაციებითა და ისეთი ფუნქციებითაა აღჭურვილი, რომლებიც ყველა მომხმარებელს მოეწონება. მისი ახალი, ტიტანის მასალა პრემიუმ კლასს განეკუთვნება — შედეგად, სმარტფონი გაცილებით ძლიერი და გამძლეა წინამორბედებთან შედარებით, თუმცა, ამავდროულად, ყველაზე მსუბუქიცაა. ამ სიმსუბუქეს კი იდეალურად შეესაბამება კონტურული კიდეები, ყველაზე თხელი საზღვრებით.

„ყველა მასალას, რომელსაც iPhone-ისთვის ვირჩევთ, ზედმიწევნით შევისწავლით. ხელახლა ვაფასებთ ყველა სტრუქტურულ კომპონენტს, რათა წარმოებასა და დიზაინში სრული გარღვევა მოვახდინოთ“, — აღნიშნა ბრენდის წარმომადგენელმა. ამიტომაცაა, რომ ტიტანთან ერთად, PVD საფარიც გამოიყენეს, როგორც დამატებითი დამცავი.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ უკანა შუშა უფრო ადვილად იცვლება. ალუმინის მთელი ქვეკონსტრუქცია კი 100%-ით გადამუშავებული მასალისგანაა დამზადებული. დიზაინში აშკარა ცვლილებას წარმოადგენს ასევე „მოქმედების ღილაკის“ დამატება, რომელზეც თითის ხანგრძლივად დაჭერის შემდეგ, მრავალი ფუნქციის ჩანართი გამოჩნდება, მომხმარებელი კი სასურველს აირჩევს. ცხადია, აღნიშნული ღილაკი უფრო მეტ კომფორტს და მრავალფეროვნებას ანიჭებს iPhone-ის გამოცდილებას…

სტრუქტურული თვალსაზრისით, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ Bionic-ის ნაცვლად, უახლესი iPhone 15 Pro და Pro Max მოდელები ახალი A17 Pro ჩიპითაა აღჭურვილი. ეს არის ინდუსტრიის პირველი 3-ნანომეტრიანი ჩიპი. გააჩნია 6-ბირთვიანი CPU, ორმაგი შესრულება და ოთხმაგი ეფექტურობა. გარდა ამისა, გამოარჩევს 16-ბირთვიანი ნერვული ძრავა, 2-ჯერ უფრო სწრაფი ვიდრე ადრე — სხვა სიტყვებით, წამში 35 ტრილიონამდე ოპერაციის დამუშავება შეუძლია. უფრო ზუსტი ავტომატური კორექტირებისა და კომპოზიციიდან ობიექტის ამოსაღებად კი მანქანური სწავლება გამოიყენება.

საგულისხმოა ისიც, რომ ბრენდი განსაკუთრებით ზრუნავს თამაშების განვითარებაზე. A17 Pro კი მის პლატფორმას მეტად აუმჯობესებს, ქმნის სივრცეს ახალი თაობის მობილური თამაშებისთვის.

რაც შეეხება კამერას, როგორც თავად გვარწმუნებენ, iPhone 15 Pro-ს კამერა 7 ლინზის ეკვივალენტია. უფრო დახვეწილი 48-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, უფრო დიდი სენსორით, შთამბეჭდავია პროფესიული ფოტოების გადასაღებად. გაცილებით უკეთ იღებს პორტრეტისა და ღამის რეჟიმში. მთლიანობაში, მთავარ კამერას უმცირესი დეტალების დაფიქსირება შეუძლია. ამასთანავე, შთამბეჭდავ სივრცით ვიდეოებს იღებს, რომელთა ყურებაც Apple Vision Pro-ზეც შეიძლება.

„iPhone 15 Pro კამერის სისტემა სცილდება იმ საზღვრებს, რისი გადაღებაც სმარტფონით შეგიძლიათ“.

მსგავსი ფოტოებისა და ვიდეოების დიდი მარაგის გათვალისწინებით, iCloud+ ამატებს 6TB და 12TB გეგმებს.

ერთი დღე ACER ES-თან ერთად — იცხოვრე შენი სისწრაფით

როგორ იყენებენ კრიპტოს ავტო იმპორტიორები?