13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Apple-მა Final Cut X გამოუშვა. ახლა კი, როგორც იქნა, Final Cut Pro 11-ის მოდელს გვაცნობენ. თანაც მისი გადმოწერა უკვე შესაძლებელია. არსებული მომხმარებლები Final Cut Pro 11-ის უფასო განახლებას მიიღებენ, ხოლო ახალი მომხმარებლები მის ჩამოტვირთვას Mac App Store-დან შეძლებენ. 90 დღე საცდელი პერიოდია, შემდეგ კი 300 დოლარის გადახდა მოუწევთ.
და რას უნდა ველოდოთ განახლებული პროგრამისგან? პასუხი სულ ორი სიტყვისგან შედგება და დიახ, ეს ხელოვნური ინტელექტია. გამორჩეული აქ Magnetic Mask გახლავთ, რომელიც ვიდეოდან, მწვანე ეკრანზე დაყრდნობის გარეშე, ჩამოჭრის ადამიანებსა და ობიექტებს — „ეს ძლიერი და ზუსტი ავტომატური ანალიზი დამატებით მოქნილობას გვთავაზობს ფონებისა და გარემოს დასარედაქტირებლად. მომხმარებლებს შეუძლიათ, Magnetic Mask ფერების კორექციასა და ვიდეოს ეფექტებთანაც გააერთიანონ, რაც მათ თითოეული პროექტის უკეთ კონტროლის საშუალებას მისცემს“.
კიდევ ერთი ტოპ AI ფუნქცია Transcribe to Captions გახლავთ, რომელიც ტრანსკრიფციას გთავაზობთ და ტექსტს Final Cut-ს ამატებს. ეფლის თქმით, ეს ფუნქცია მათივე დიდ ენობრივ მოდელს ეყრდნობა.
შემდგომი განახლება კი ეფლის შერეული რეალობის ყურსასმენს ეხება — მას შემდეგ, რაც უახლეს iPhone-ებზე Spatial Video დაამატეს, ამ კონტენტის დარედაქტირებას მომხმარებლები Final Cut-ით შეძლებენ…
ახალი პროგრამა დროის დაზოგვასაც გვთავაზობს და ამისთვის სპეციალურ ფუნქციებს გვაცნობს, მათ შორის ერთ-ერთია Magnetic Timeline, რომელიც კადრების სწრაფად გადალაგებისა და აუდიოს ვიდეოსთან სინქრონიზაციის საშუალებას იძლევა.
დაბოლოს, აღსანიშნავია, რომ Final Cut Pro 11-თან ერთად, Apple Final Cut Pro-ს iPad 2.1-ისთვისაც უშვებს. პირობები აქაც იგივეა.