ბოლო წლებში Apple-ის სარეკლამო კამპანიები ხშირად ადამიანურ ოსტატობასა და ხელით შექმნილ დეტალებზე აკეთებს აქცენტს. თუმცა კომპანიის ახალი პროდუქტის, Apple HomeView-ის სარეკლამო რგოლმა ეს წარმოდგენა შეცვალა: ტექნოლოგიური სიახლის წარმოჩენის ნაცვლად, ვიდეომ ოჯახური ქაოსი და დილის რუტინის სცენა გვიჩვენა.
HomeView Apple-ის ახალი პროდუქტების ხაზია, რომელიც Vision Pro-ს წარდგენის შემდეგ კომპანიის ერთ-ერთ პირველ ახალ კატეგორიას წარმოადგენს. მოწყობილობა მათთვისაა, ვისაც სახლში კიდევ ერთი ეკრანი სჭირდება, იქნება ეს შეტყობინებების შესამოწმებლად, AI-ასისტენტთან სასაუბროდ, ჭკვიანი მოწყობილობების სამართავად თუ ვიდეოების საყურებლად.
HomeView ორი ფორმით გამოვა: მაგიდაზე დასადგმელი და კედელზე დასამონტაჟებელი. ორივე მოდელს 7-დუიმიანი Liquid Retina ეკრანი აქვს. მაგიდის ვერსია რეგულირებად ეკრანსა და დინამიკის ბაზას აერთიანებს და დიზაინით ზოგიერთს ძველ G4 iMac-საც მოგვაგონებს.
მოწყობილობის მთავარი თავისებურება ისაა, რომ ის ერთი მომხმარებლისთვის კი არა, ოჯახის საერთო გამოყენებისთვის შეიქმნა. HomeView-ს ექვსამდე ადამიანის ამოცნობა შეუძლია და ინტერფეისს იმის მიხედვით ცვლის, ვინ დგას ეკრანის წინ და რა მანძილზეა მისგან. მოშორებით მყოფ მომხმარებელს უფრო მარტივ ინფორმაციას აჩვენებს, მიახლოებისას კი მეტ დეტალს უზიარებს. მომხმარებლებს ეკრანის ვიზუალის პერსონალიზებაც შეეძლებათ.
მოწყობილობა ყველასთვის ხელმისაწვდომ საერთო ფუნქციებსაც მოიცავს, მათ შორის Siri-ს AI-ასისტენტთან საუბარს. პირადი შეტყობინებები და კალენდრის ინფორმაცია კი მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, როცა სისტემა რეგისტრირებულ მომხმარებელს ამოიცნობს და მის დაკავშირებულ iPhone-ს ან iPad-ს ახლომახლო აღმოაჩენს.
HomeView მხარს უჭერს Apple Music-ს, Apple Podcasts-ს, Apple TV-სა და მესამე მხარის სხვადასხვა მედიაპლიკაციას. 12-მეგაპიქსელიანი Center Stage კამერა FaceTime-ისთვისაა განკუთვნილი, ხოლო Handoff მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ზოგიერთი აქტივობა iPhone-ზე გააგრძელოს. Apple-ის ინფორმაციით, მომავალში სერვერზე დაფუძნებული AI-ფუნქციების გაფართოებული წვდომისთვის, შესაძლოა, ცალკე გამოწერის საფასურის გადახდაც გახდეს საჭირო.
როცა ჭკვიანი სახლი კიდევ უფრო სტრესული ხდება
პროდუქტს მალევე მოჰყვა სახალისო სარეკლამო რგოლი. ვიდეოში ნაჩვენებია ოჯახი, რომლის დილის რუტინაც ისედაც ქაოსურია – დაკარგული გასაღები, კვერცხის ნაჭუჭები, გადაძახილები, არეულობა…მოყვითალო ფერთა გამა და დაძაბული სცენები ამ განწყობას კიდევ უფრო ამძაფრებს. ამ ფონზე, HomeView, რომელიც თითქოს ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებას უნდა ემსახურებოდეს, საბოლოოდ, დილის სტრესის კიდევ ერთ წყაროდ იქცევა.
სარეკლამო რგოლის პერსონაჟები დილის რუტინით არიან გადაღლილი, ხოლო სამზარეულოს სამუშაო ზედაპირზე სპეციალურად ამ ეკრანისთვის გაჭრილი ხვრელი მოწყობილობას ამ ოჯახის ცხოვრების ცენტრად აქცევს.
შესაძლოა, HomeView ჭკვიანი სახლისთვის მართლაც სასარგებლო მოწყობილობა აღმოჩნდეს. თუმცა მისი სარეკლამო კამპანია ურთიერთსაწინააღმდეგო შთაბეჭდილებას ტოვებს: თითქოს ეს იდეალური ტექნოლოგიაა ოჯახისთვის, რომლის წევრებსაც ერთმანეთი უკვე მობეზრებული ჰყავთ. Apple-ისთვის, რომელიც აქამდე ცნობილი იყო ესთეტიკური რეკლამებით, სადაც სისუსფთავე და წესრიგი ჩანს, ეს ქაოსური რგოლი ცოტა უჩვეულო, თუმცა საყურებლად ბევრად სახალისოა.












