in

რისი სწავლა შეუძლიათ UI/UX დიზაინერებს Apple-ის ახალი ინკლუზიური ფუნქციებიდან?

Apple-ის Worldwide Developer Conference-ზე (WWDC) მრავალი ახალი ფუნქციის შესახებ განაცხადეს, ჩვენ კი ახლა მათგან იმ 5 ინოვაციურ დამატებას განვიხილავთ, რომლებიც UI/UX დიზაინერებისთვის საინტერესო გაკვეთილებს იძლევა, რომ აღარაფერი ვთქვათ დეველოპერებზე, რომლებიც აპლიკაციების შექმნაზე მუშაობენ.

PDF-ების ავტომატური შევსება

შესაძლოა, კოგნიტიური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის რთული იყოს PDF ფაილების შევსება, არსებული ველების მიზნების გაგება და მათში შესაბამისი ინფორმაციების შეყვანა. რაც შეეხება მოტორული უნარების პრობლემების მქონე ადამიანებს, შეიძლება მათთვის წერა რთული და დამღლელი პროცესი იყოს, ავტომატური შევსებით კი აღნიშნული პრობლემები მარტივად გვარდება. ავტომატიზაციით კოგნიტიური ტვირთი მსუბუქდება, პროცესი მეტად პირდაპირი, ეფექტური და ხელმისაწვდომი ხდება ფართო აუდიტორიისთვის. 

და რისი სწავლა შეუძლიათ ამისგან დიზაინერებს? AI ავტომატიზაციით ხელმისაწვდომობას მრავალფეროვანი საჭიროებების მქონე მომხმარებლებისთვის გაზრდიან. იმ გამოწვევების გააზრებით კი, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ინდივიდების წინაშე დგას, უფრო მეტი ინკლუზიური ფუნქციის განვითარებამდე მივლენ.

Live Voicemail

სმენადაქვეითებული ან გარკვეული სმენითი პრობლემების მქონე ადამიანებისთვის ხმოვანი შეტყობინებების მოსმენა გამოწვევას წარმოადგენს. Live Voicemail მომხმარებლებს სრულად ხმასა თუ სმენით აპარატებზე დაყრდნობის ნაცვლად, შეტყობინებების ტრანსკრიფციას სთავაზობს და მომხმარებლები პირდაპირ ტექსტს კითხულობენ.

რისი სწავლა შეუძლიათ ამისგან დიზაინერებს? ტექსტზე დაფუძნებული კომუნიკაციის ვარიანტებით ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებენ.

NAMEDROP

ეს ფუნქცია კი უკვე ახალი კონტაქტების გაზიარებას სთავაზობს მომხმარებლებს და მოწყობილობებს შორის საკონტაქტო მონაცემების გადაცემის პროცესს მეტად სწრაფს ხდის. NAMEDROP გამოსადეგია ვიზუალური თუ სხვა მოტორული დარღვევების მქონე ადამიანებისთვის — მათ ახალი კონტაქტების შენახვისას მრავალი ნაბიჯის თავიდან აცილებას სთავაზობს. ამისთვის მოწყობილობა AirDrop-ის ტექნოლოგიას იყენებს და ერთადერთი, რაც მომხმარებლებისგანაა საჭირო, მოწყობილობების ერთმანეთთან ახლოს მოთავსებაა. 

რისი სწავლა შეუძლიათ ამისგან დიზაინერებს? მათ კომპლექსური ამოცანების გამარტივების მნიშვნელობა უნდა გაიაზრონ — მრავალი ინტერაქციის ერთ უხილავ პროცესში გაერთიანებით დიზაინერებს შეუძლიათ, შექმნან ინტერფეისი, რომელიც ინკლუზიურია და მეტად მორგებული ინდივიდების მრავალფეროვან საჭიროებებზე. 

FACETIME APPLE TV-ზე

ტრადიციული ვიდეო შეხვედრები, რომლებიც უმეტესად პატარა ეკრანების მეშვეობით იმართება, სმენადაქვეითებული ან გარკვეული სმენითი პრობლემების მქონე ადამიანებისთვის შეიძლება გარკვეულ გამოწვევას წარმოადგენდეს. ამას ჟესტების ენისა თუ სხვა ვიზუალური საშუალებების ხილვადობის შეზღუდვა შეუძლია, რაც ეფექტურ კომუნიკაციაზეც იქონიებს გავლენას. აი, APPLE TV-ზე Facetime-ის შემოტანა კი უფრო დიდ გამოსახულებას სთავაზობს მათ.

და რისი სწავლა შეუძლიათ ამისგან დიზაინერებს? მათ კომუნიკაციებისთვის საჭირო ხელსაწყოების შექმნისას ხელმისაწვდომობის კონკრეტულ საჭიროებებზე უნდა იზრუნონ. ამ შემთხვევაში კი უფრო დიდი ეკრანები და მკაფიო ვიზუალური ელემენტები ინდივიდებისთვის, რომლებიც არავერბალურ მეთოდებს ეყრდნობიან, კომუნიკაციის გამოცდილებას გააუმჯობესებს. ინკლუზიური დიზაინით ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე ადამიანი მოახერხებს მნიშვნელოვან კომუნიკაციებში ჩართვას. 

მენტალურ ჯანმრთელობაზე თვალყურის დევნების ფუნქცია 

ჩვენი კეთილდღეობისთვის მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა რომ აუცილებელია, ეს უკვე აღარც საჭიროებს აღნიშვნას, მაგრამ ემოციურ მდგომარეობებზე თვალყურის დევნება თუ მათი მართვა ნამდვილ გამოწვევას ჰგავს.

ახლა კი ეფლის მიერ iOS 17-სა და watchOS 10-ზე დამატებული სპეციალური ხელსაწყო მენტალური ჯანმრთელობის შეფასებას მათივე მოწყობილობიდანვე სთავაზობს. ამ ინფორმაციის გაზიარებას კი ჯანდაცვის პროფესიონალებთან ჩვეულებრივ შეძლებენ, რაც საკითხის გაცნობიერებულობასა და ემოციური კეთილდღეობის მართვასაც გაამარტივებს. 

რისი სწავლა შეუძლიათ ამისგან დიზაინერებს? ტექნოლოგიების საშუალებით მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გამკლავება მნიშვნელოვანია. ისეთი ინტერფეისების შექმნა კი, რომლებიც ემოციურ კეთილდღეობაზე დაკვირვების პროცესს გაამარტივებს, მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვასაც გააუმჯობესებს. 

დაბოლოს, ეფლი რომ ინკლუზიური სამყაროს შესაქმნელად მრავალ ნაბიჯს დგამს, ეს ფაქტია… შესაბამისად, მათგან რაღაცების სწავლაც ღირს — უნდა გავიაზროთ, რომ პროდუქტებისა და გამოცდილებების 1%-ით გაუმჯობესებითაც კი, მნიშვნელოვან ცვლილებებამდე მისვლა და იმ სამყაროსთან დაახლოება შეგვიძლია, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.

Müller Yogurt-მა 90-იანების ოპტიკური ილუზია სარეკლამო კამპანიად აქცია

რა უპირატესობა აქვს გამოწერის მოდელს?