Apple-ის iOS 19 უკვე ოფიციალურად გახდა iOS 26, თუმცა წლევანდელ WWDC-ის ღონისძიებაზე ამაზე დიდი ამბავი რედიზაინი გახლავთ — Liquid Glass ახალ iOS-ზე გამჭვირვალე ვიზუალებს შემოგთავაზებთ. ხოლო იმისდა მიხედვით, თუ რას აკეთებს მომხმარებელი ეკრანზე, ვიზუალებიც შესაბამისად ადაპტირდება. მაგალითისთვის iOS 26-ზე ვიჯეტები ოთხკუთხედ ფორმებში მკვეთრი კუთხეებით აღარ შეგვხვდება, ამის ნაცვლად, მომრგვალებული გახდება და ტელეფონის ფორმასაც მოერგება.
რედიზაინი ყველაზე შესამჩნევი დაბლოკილ ეკრანზე იქნება, სადაც დროსა და სხვა მახასიათებლებს Liquid Glass-ის დიზაინით დავინახავთ. დროისა და თარიღის შრიფტი კი ეკრანზე არსებულ ფონს მიესადაგება. ამასთან, დაბლოკილ ეკრანზე 3D ფოტოების გამოყენებასაც შეძლებთ. ხოლო მუსიკის მოსმენისას ეკრანზე ალბომის ანიმაციური ვერსია ჩაირთვება.
მთავარ ეკრანზე არსებული სიმბოლოები კი ახლა Liquid Glass-ის დიზაინით იქნება ნაჩვენები. ხოლო ინტერფეისი მუქ რეჟიმთანაც ადაპტირდება. ამას ემატება ახალი, სრულიად გამჭვირვალე რეჟიმი, რომელიც რეალურად ასახავს, რა არის Liquid Glass.
რედიზაინი ეფლის აპლიკაციებსაც შეეხო — კამერის აპლიკაციაში ახლა ხაზგასმული იქნება მისი ყველაზე ხშირად გამოყენებული რეჟიმები: ფოტო და ვიდეო. რეჟიმების მენიუებში გადასვლისას კი Portrait და Spatial დაგხვდებათ, ხოლო თუ კამერის აპლიკაციას ასქროლავთ, სხვა პარამეტრებიც გამოჩნდება, იქნება ეს წამმზომი თუ დახრილობა.
Safari-ში კი ვებგვერდები კიდიდან კიდემდე გაფართოვდება და მთლიან ეკრანს დაიკავებს. ამასთან, ჩანართების ზოლი ვებგვერდის ზემოთ ნახევრად გამჭვირვალე დიზაინით განთავსდება. რაც შეეხება სურათების აპლიკაციას, აქ ახლა კოლექციების ჩანართსაც ვიხილავთ. სურათების აპლიკაციაში ე. წ. სივრცული ფოტოებიც გამოჩნდება.
აღსანიშნავია, რომ FaceTime აპლიკაციაში ვიდეო შეტყობინებები ახლა ბადის სახით იქნება წარმოდგენილი და ავტომატურად ჩაირთვება…
WWDC 2025 კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება, ამიტომ, თვალი ადევნეთ მარკეტერის სიახლეებს.