in

რა შესაძლებლობები აქვს Apple-ის განახლებულ ოპერაციულ სისტემა iOS 27-ს

Apple-მა ოპერაციული სისტემის მასშტაბური განახლება, iOS 27 წარადგინა, რომელიც ოფიციალურად შემოდგომაზე გახდება ხელმისაწვდომი. ახალ სისტემაზე გადასვლა ყოველთვის ახალი სმარტფონის შეძენის სურვილს ბადებს, რადგან არსებული მოწყობილობა უამრავ ახალ ინსტრუმენტსა და შესაძლებლობას სთავაზობს მომხმარებელს. თუმცა, ამჯერად, სექტემბრამდე ცდა აუცილებელი არ არის, რადგან კომპანიამ უკვე გამოუშვა საჯარო ბეტა ვერსია, რომლის გამოცდაც ნებისმიერ მსურველს დღესვე შეუძლია.

განახლებული Siri AI

ახალი განახლების ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე სრულიად გარდაქმნილი ასისტენტია. აქამდე Siri-ს ორი მთავარი პრობლემა ჰქონდა. ერთი მხრივ, მას მარტივი მოთხოვნების შესრულებაც კი უჭირდა და არ გააჩნდა ცალკე აპლიკაცია. ახალ ვერსიაში ასისტენტი Google-ის Gemini-ზე ბაზირებული მოდელებით მუშაობს, რაც მას ბევრად უფრო სწრაფს, ჭკვიანსა და აკურატულს ხდის. გარდა ამისა, შეიქმნა ცალკე აპლიკაცია, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ჩატბოტის ინტერფეისით ისარგებლონ და წინა დიალოგების ისტორია შეინახონ.

ფოტოების უკეთესი რედაქტირება

ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციამ ფოტოების რედაქტირების პროცესიც საგრძნობლად დახვეწა. ფოტოების აპლიკაციაში არსებული დასუფთავების ინსტრუმენტი ბევრად უფრო ზუსტი გახდა და კადრიდან ზედმეტი ობიექტების მოცილებას ისე ახერხებს, თითქოს ფოტო თავიდანვე იდეალურად იყო გადაღებული.

ამასთანავე, გაუმჯობესდა ვიზუალური ინტელექტის ინსტრუმენტიც, რომელსაც კამერის ობიექტივში მოხვედრილი კერძის გაანალიზება შეუძლია. სისტემას შეუძლია განსაზღვროს საკვების ენერგეტიკული ღირებულება, მისი ინგრედიენტბი და დამუშავების დონე, თუმცა კალორიების ზუსტ რაოდენობას არ ითვლის.

ცვლილებების შეტყობინება

მნიშვნელოვანი სიახლეებია Safari ბრაუზერშიც, სადაც მომხმარებელს შეუძლია ჩართოს შეტყობინება კონკრეტულ ვებგვერდზე სიახლის გამოჩენის შესახებ, იქნება ეს საყვარელი ბლოგის ახალი პოსტი თუ ონლაინ მაღაზიაში პროდუქტის ფასის ცვლილება.

დიზაინის კუთხით კი ყურადღებას იპყრობს თხევადი მინის ვიზუალური ეფექტის მართვის ახალი ფუნქცია. სპეციალური მორგების ხელსაწყოს დახმარებით, მომხმარებელს შეუძლია თავად დაარეგულიროს მინის გამჭვირვალობის ხარისხი და გახადოს ის უფრო მკვეთრი ან უფრო დანისლული.

ბეტა ვერსიის დაყენება

სისტემის საჯარო ბეტა ვერსიის ჩამოსატვირთად საჭიროა Apple-ის შესაბმის პროგრამაში დარეგისტრირება, რის შემდეგაც პარამეტრების მენიუდან პროგრამული განახლების განყოფილებაში გამოჩნდება ბეტა ვერსიის არჩევის ოფცია.

თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ბეტა ვერსიები ხშირად შეიცავს ტექნიკურ ხარვეზებს, რამაც შესაძლოა მონაცემების დაკარგვა გამოიწვიოს. ამიტომ, სისტემის დაყენებამდე აუცილებელია ფაილების სარეზერვო ასლის შექმნა, ხოლო მათ, ვისაც რისკების გაწევა არ სურს, უმჯობესია საბოლოო ოფიციალურ რელიზს დაელოდონ.

წყარო: Fastcompany

დავით ნატროშვილი კავკასიის უნივერსიტეტის „ცოდნის ელჩების“ პროგრამას შეუერთდა – განათლებაში გრძელვადიანი ინვესტიციის მხარდასაჭერად

კრისტოფერ ნოლანი: „AI ტროას ცხენია, რომელშიც ჯერ არ ვიცით, რა იმალება”