27
Sep
2018

25 წლის ჯესიკა უოლში, რომელმაც Apple-ში ექვსნიშნა შემოსავალზე უარი თქვა და საკუთარი კომპანია შექმნა!

27 Sep 2018

Apple-ის შეთავაზებაზე, ემუშავა 6 ნიშნა შემოსავალზე, ჯესიკა უოლშმა, რომელსაც მკითხველი ქართულ საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალ Ad Black Sea 2018-დან იცნობს, უარი თქვა. ამ დროისთვის ის 25 წლის იყო. ასეთ შემოთავაზებაზე უარის თქმა, თანაც კარიერის ჯერ კიდევ დასაწყისში, გაბედული ნაბიჯია – დღესდღეობით, ჯესიკა პარტნიორი, არტ დირექტორი და დიზაინერია კომპანიაში Sagmeister&Walsh და სრულებით არ ნანობს გადაწყვეტილებას. აღსანიშნავია, რომ უოლშს უმუშავია ისეთ კლიენტებთან, როგორებიცაა: BMW, Snapchat, Barneys New York, Parle Agro და ა.შ.

0.5 ანაბარზე

როგორც თავად ყვება, ჯესიკას თავიდანვე საკუთარი სტუდიის გახსნა სურდა და ასეც მოხდა. Apple-თან დაკავშირებით კი, თვლის, რომ ერთი კომპანიისთვის ერთი სტილის დიზაინი უნდა ეკეთებინა, რისი სურვილიც არ ჰქონდა.

სააგენტო Pentagram-ში მუშაობის შემდეგ, 2008 წელს, ჯესიკა ყოველთვიურ ჟურნალ Print-ს შეუერთდა. ჟურნალში მუშაობის წელიწადნახევრიან გამოცდილებას უოლში მოსაწყენ ისტორიად აფასებს, რომელიც შესაძლებლობად მანვე აქცია. ისწავლა საქმის უფრო ეფექტურად შესრულება, ბიუჯეტის გონივრულად გამოყენება და უფრო ორგანიზებულიც გახდა.

დადგა მომენტი, როდესაც ჯესიკამ დამოუკიდებლად გადაწყვიტა მუშაობა, დაელაპარაკა სტეფან საგმეისტერს, რომელსაც ერთ-ერთ მსხვილ დამკვეთთან ჰქონდა საქმე და დახმარება სჭირდებოდა და 2010 წელს, მასთან ერთად დაიწყო მუშაობა. უოლში იხსენებს, რომ ორი წლის შემდეგ, იგრძნო მზაობა ნამუშევარზე საკუთარი სახელი მიეთითებინა.

ასე გახდა ჯესიკა საკუთარი კომპანიის პარტნიორი, 25 წლის ასაკში.

უოლში ცდილობს, რომ ყოველ მის ნამუშევარს ეტყობოდეს ემოცია, რომელიც ჩადო მასში, ხოლო მაყურებლებს თავი განსხვავებულად აგრძნობინოს: “თუ ვინმემდე ემოციის მიტანა შეგიძლია, შენი ნამუშევარი კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ”. მის პროექტებში მრავლადაა ლამაზი ელემენტები და კრაფტი, რაც მის ხელწერას გამოხატავს და განსხვავებულ სტილზე მიუთითებს.

ყველაზე დიდი შეცდომა

რაც უფრო იზრდება სააგენტო, მით მეტ დაკვეთებს იღებს. თავდაპირველად, უოლშს მათზე უარის თქმა უჭირდა. შემდეგ, ეტაპობრივად, მიეჩვია, აერჩია, რომელი შემოთავაზება მიეღო და რომელი – არა.

გაკვეთილი, რომელიც ისწავლა

ისწავლა, ემუშავა შედარებით ცოტა პროექტზე, მაგრამ კარგად, ვიდრე აეღო ბევრი შეკვეთა და რაიმე გაეფუჭებინა.

 

ჯესიკა თვლის, რომ მნიშვნელოვანია საქმე გააკეთო ბრწყინვალედ და ასევე, მნიშვნელოვანია კარგად გესმოდეს დამკვეთთან ურთიერთობა – როგორ მართო მოლოდინები და როგორ შექმნა ის, რაც რეალურად შეეფერება ბრენდს და არა ის, რაც მხოლოდ შენი პერსონალური სტილია.

მის დღის განრიგში დიდი ნაწილი უჭირავს მოგზაურობას – რამდენიმე დღის წინ, საქართველოში, Ad Black Sea 2018-ზე გამოვიდა სიტყვით და მარკეტერთან ერთად ორგანიზებულ პანელდისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი ვენაში, MAK მუზეუმისკენ აიღო გეზი. სამომავლოდ, სურვილი აქვს, რომ სოციალური თემატიკის პროექტებზე იმუშაოს.

 

განხილვა