Apple-ის ხედვა, უფრო კერძო ვებგვერდებთან დაკავშირებით, სულაც არ არის ინტერნეტ კომპანიებისთვის მომგებიანი, რომლებიც რეკლამის შემოსავალზეა დამოკიდებული. ეს აშკარაა Meta-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მაგალითზეც — მარკ ზაკერბერგის თქმით, ეფლის მიერ გასულ წელს შემოღებული კონფიდენციალურობის ფუნქციების გამო, შესაძლოა, მას 10 მილიარდი დაუჯდეს დაკარგული გაყიდვები.
ამ ამბებმა, გაზრდილ ხარჯებთან ერთად, Meta-ს აქციების 26%-ზე მეტით დაცემა გამოიწვია — ეს ყველაფერი მაშინ, როცა კომპანია ცდილობს, ახალ მეტავერსიულ იდეაზე ფოკუსირდეს. როგორც ზაკერბერგი აღნიშნავს, ეფლის ცვლილებები და კონფიდენციალურობის ახალი წესები ევროპაში “ნათელ ტენდენციას წარმოადგენს, სადაც პერსონალიზებული რეკლამის მისაწოდებლად ნაკლები მონაცემია ხელმისაწვდომი”. ინტერნეტ კომპანიების უმეტესობაზე კი, რომელიც წლების განმავლობაში ავითარებდა რეკლამის გაყიდვის ბიზნესს, ამ ცვლილებებმა დიდი გავლენა იქონია.
“აღარ შეიძლება მიზნობრივი ჯგუფების იგივე ხერხებით დადგენა, როგორც ეს ადრე იყო. ეს არღვევს მოდელს და იქმნება უხერხულობა, რომლის გამოსწორებაც მხოლოდ რამდენიმე ხრიკით ვერ ხერხდება. შესაბამისად, ბიზნესის ფუნდამენტური აღდგენაა საჭირო”, — ამბობს მედია სტრატეგი ერიკ სეუფერტი.
რასაკვირველია, რეკლამაზე დამოკიდებულ სხვა ინტერნეტ კომპანიებსაც შეეხო ცვლილებები. მაგალითად, გასულ კვირას Snap-ის აქციები დაახლოებით 17%-ით დაეცა. ამასთან, დაეცა Twitter-ისა და Pinterest-ის აქციების ფასებიც. ამრიგად, ეფლის მიერ განხორციელებულ ქმედებებს შორსმიმავალი შედეგები აქვს, რომლებიც, შესაძლოა, მომხმარებლებზეც ნეგატიურად აისახოს — უფრო კონკრეტულად, ზოგიერთმა ბრენდმა, რომლის რეკლამები ვეღარ იზიდავს აუდიტორიას, პრობლემის გადაჭრა ფასების ზრდით გადაწყვიტეს…
შეგახსენებთ, რომ Apple-მა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა მობილური ოპერაციული სისტემის კონფიდენციალურობის პარამეტრებში, რაც iPhone-ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, აირჩიონ, სურთ თუ არა რეკლამების ნახვა. რაღა თქმა უნდა, უმეტესობამ რეკლამების ნახვის ფუნქციის დაბლოკვა არჩია. მიუხედავად იმისა, რომ რეკლამის განმთავსებლებში ამან უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია, კონფიდენციალურობის დამცველები სიხარულით შეხვდნენ სიახლეს.
საგულისხმოა ისიც, რომ გასულ თვეში Google-მაც გადადგა მსგავსი ნაბიჯები — კომპანიამ ისაუბრა იდეებზე, რომელთა მეშვეობითაც Chrome-ში საბოლოოდ აღმოიფხვრება რეკლამებთან დაკავშირებული “თვალთვალის” ტრადიციული მექანიზმები. მან ახალი სისტემა დანერგა, რომელიც რეკლამის განმთავსებლებს მომხმარებელთა ინტერესის სფეროების შესახებ ამცნობს, როგორიცაა “ფიტნესი” ან “მანქანები”. ეს კი ბოლო სამი კვირის ვებგვერდების ძიების ისტორიის საფუძველზე ხდება შესაძლებელი.