12
Sep
2018

ქართული App Store, ახალი სმარტფონები და სხვა სიახლეები Apple-ის პრეზენტაციიდან!

12 Sep 2018

veon
veon


Apple-ის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების დროც მოვიდა – მომენტი, რომელსაც ბრენდის ყველა გულშემატკივარი სულგანაბული ელოდა. სტივ ჯობსის თეატრში შეკრებილი საზოგადოება და მილიონობით ადამიანი, ინტერნეტის საშუალებით, ჯერ კიდევ თვალს ადევნებს ბრენდის ახალი პროდუქტების Live პრეზენტაციას. საღამო, ტრადიციულად, ტიმ კუკმა გახსნა. საღამოს პროგრამაში სამი სმარტფონის, iPhone XS, iPhone XS Max და iPhone XR, წარდგენა შედიოდა.

ღონისძიება Apple Watch-ით დაიწყო. ყურადღება მის სამ ძირითად მახასიათებელზე: კავშირუნარიანობაზე, ფიტნესსა და ჯანმრთელობაზე გამახვილდა. ახალი მოდელი ვიზუალურად უფრო თხელია, ხოლო ეკრანი შედარებით დიდი, დინამიკები 50%-ით უფრო ძლიერია, ხოლო პროგრამული უზრუნველყოფა – 2-ჯერ სწრაფი.

წარადგინეს აპლიკაცია Homecourt, რომელიც კალათბურთელებს მაჩვენებლების გაუმჯობესებაში შეუწყობს ხელს.

iPhone XS-ს 12 მეგაპიქსელიანი 2 უკანა და 7 მეგაპიქსელიანი წინა კამერა აქვს, რომელსაც 1 ტრილიონი ოპერაციის ჩატარება შეუძლია 1 ფოტოზე. ფუნქცია smart HDR ერთ მომენტში გადაღებული სხვადასხვა ფოტოებიდან არჩევს იდეალურ ფრაგმენტებს და მათგან სრულყოფილ ფოტოს ქმნის. ვიდეოს გადაღების რეჟიმში, კამერას აქვს სტერეო ხმა და უმკლავდება საკმაოდ დაბალ განათებასაც კი. iPhone XS Max-ის ბატარეა 90 წუთით უფრო დიდხანს ძლებს.

iPhone XR – ალუმინისა და შუშისგან შექმნილი მოდელი, iPhone X-ის მსგავსად, edge ეკრანითაა აღჭურვილი. ზომა 6.1 ინჩი. თუმცა, სმარტფონს არ აქვს 3D Touch. A12 Bionic ჩიპი, XS-ის მსგავსად, XR-საც აქვს და მსგავსებას კამერაშიც აღმოაჩენთ. XR-ს ერთი 12 მეგაპიქსელიანი კამერა აქვს. მას არ სჭირდება telephoto, რადგან არსებული კამერა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით აღწევს სასურველ შედეგს.

წინასწარი შეკვეთებისთვის ცნობილია შემდეგი ფასები:

iPhone XS [64GB] – $999

iPhone XS Max [64GB] – $1099

iPhone XR [64 GB] – $749

აღსანიშნავია, რომ 28 სექტემბრიდან ოპერაციული სისტემის განახლება იგეგმება და შესაძლოა, app store-ის ქართული ვერსიაც გახდეს ხელმისაწვდომი.

განხილვა