გავრცელებული ინფორმაციით, Apple მნიშვნელოვან, თუმცა მხოლოდ კოსმეტიკურ განახლებას განიხილავს თავისი პოპულარული ტაბლეტებისთვის, რითაც. სავარაუდოდ, ასახავს იმ გზას, რომლითაც მომხმარებლები დღეს მოწყობილობასთან ურთიერთობენ…
თავდაპირველად თუ iPad პორტრეტის ორიენტაციაზე იყო მორგებული, ახლა ეფლმა ამაყად დაიწყო iPad-ის პოზიციონირება ლეპტოპის შემცვლელად. შესაბამისად, გამოყენების ფორმაც შეიცვალა და ახლა საკმაოდ ბევრი მომხმარებელი უპირატესობას ლანდშაფტის რეჟიმს ანიჭებს. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა iPad-ებს ეფლის სხვა აქსესუარებთან აკავშირებენ, მაგალითად Magic Keyboard-თან.
ამჟამად ეფლის ლოგო iPad-ის უკანა მხარეს ჩვეულებრივ იმ ფორმითა და მიმართულებითაა წარმოდგენილი, როგორც ტელეფონებზე. რაღაც მხრივ ლოგიკურიცაა, მაგრამ, როცა iPad ჰორიზონტალურად გამოიყენება, ლოგოსაც გვერდიდან ვუყურებთ. ეფლს კი, სავარაუდოდ, სწორედ ამ მცირე დისონანსის მოგვარება ენდომება. ამაზე საუბრები ბრენდის დიზაინერთან მოლი ანდერსონთან ჩატარებული ინტერვიუს შემდგომ დაიწყო. მან ახსენა, რომ ვერტიკალური ლოგო მომავალში უნდა შეცვლილიყო…
და, როგორც ჩანს, ყველაფერი მათი გეგმების მიხედვით ვითარდება. iPadOS 14.5-ის განახლება პროგრამულ შესწორებას სთავაზობს მომხმარებლებს, სადაც ეფლის ლოგო მოწყობილობის ორიენტაციას ესადაგება… შესაძლოა, ამგვარი კოსმეტიკური განახლება ძალიან მიზერულად გესახებოდეთ, მაგრამ ამას სიმბოლური დატვირთვაც აქვს — მიგვანიშნებს, რომ ეფლი მუდამ აკვირდება და ერგება მომხმარებელთა განვითარებად ჩვევებს.