Apple კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს, რომ თავისივე უახლესი ტექნოლოგიების მიმზიდველი სთორითელინგით გადმოცემა შესანიშნავად გამოსდის. ახალი M4 ჩიპის პოპულარიზაციისთვის გვაჩვენებს, როგორ არღვევს ძალოსანი ფიზიკის კანონებს, როგორ გარდაქმნის სიმძიმეების აწევას ელეგანტურ, ზუსტ და მომხიბვლელ სანახაობად ზუსტად ისე, როგორც ბალეტსა და ტანვარჯიშში ხდება… ოღონდ არ გეგონოთ, რომ აქ ბალეტის კაბაში გამოწყობილ ძალოსანს იხილავთ…
M4 ჩიპის შესაძლებლობების მეტაფორა რომ არის, ამას სპორტსმენის მაისურის წარწერითაც მარტივად მიხვდებით. ეს სანახაობა კი გვარწმუნებს, რომ ეფლის ახალ ჩიპს ინტენსიურ გამოთვლით ამოცანებთან გამკლავების შესანიშნავი უნარი აქვს. სახელიც შესაბამისია: No Sweat, რაც ირიბად მიგვანიშნებს, რომ ამისთვის ოფლის ერთი წვეთის დაღვრაც კი არ სჭირდებათ…
თუ რეკლამას ტექნოლოგიური კუთხით განვიხილავთ, იგი ეფლის ინოვაციებს ასახავს სილიკონის ტექნოლოგიაში. ხოლო M4 ჩიპის შესაძლებლობების ადამიანის დახმარებით ჩვენება, ეფლს უფრო ფართო აუდიტორიასთან დაკავშირებაში დაეხმარა. ასე მარტივად აჩვენა, თუ როგორ ეხმარება ტექნოლოგია მომხმარებლებს, მარტივად გაუმკლავდნენ რთულ ამოცანებს.
MacBook Pro M4 8 ნოემბერს გამოდის და მოახერხებს თუ არა შტანგის ასე ოსტატურად მართვას, ეს თავად შეგიძლიათ, გამოცადოთ.