ახლახან ეფლმა თავისი ახალი M5 ჩიპი წარადგინა, ახალ iPad Pro, MacBook Pro-სა და Vision Pro-სთან ერთად, რომლებიც უახლესი ჩიპით იქნება გაუმჯობესებული. თითოეული წინასწარი შეკვეთით არის ხელმისაწვდომი, მაღაზიებში კი 22 ოქტომბრიდან გამოჩნდება.
M5 ჩიპი ახალ მოწყობილობებს, წინამორბედებთან შედარებით, უფრო სწრაფად მუშაობის შესაძლებლობას მისცემს — Apple-ის თქმით, ჩიპს, M4-თან შედარებით, ოთხჯერ მეტი GPU აქვს, რაც Apple-ის სილიკონისთვის AI შედეგების თვალსაზრისით უდიდეს ნახტომს წარმოადგენს.

ახალი iPad Pro-ს შემთხვევაში ჩიპის განახლება 3.5-ჯერ უკეთეს AI შედეგებს ნიშნავს. იგი 5.6-ჯერ უფრო სწრაფიც გახდება, M1 ჩიპით აღჭურვილ iPad Pro-სთან შედარებით.
განახლებები მოიცავს Apple-ის C1X ფიჭურ მოდემს, რომელიც 50%-მდე უფრო სწრაფ ფიჭურ მონაცემებს გადასცემს. აქვეა N1 ჩიპი Wi-Fi-სთვის, Bluetooth-ისთვის და Thread-ისთვის. ამასთან, ახალ iPad Pro-ს მეხსიერების წაკითხვა და ჩაწერა უფრო სწრაფად შეუძლია და უფრო მალეც იმუხტება — 30 წუთში 50%-მდე აღწევს.

Apple-ის მხრიდან iPad Pro-სთვის მეტი სიმძლავრის დამატება ლოგიკურია, გამომდინარე იქიდან, რომ ტექნოლოგიური გიგანტი ცდილობს, იგი მეტად ტოვებდეს ლეპტოპის შთაბეჭდილებას. ახლა iPadOS 26-ით პლანშეტს უფრო ინტუიციურად შეუძლია ფანჯრების ჩვენება, Preview აპლიკაციაც აქვს და უკეთესი ორგანიზებისთვის ფაილების შექმნაც არ არის მისთვის პრობლემა.
11-ინჩიანი მოდელის ფასი 999 დოლარია, 13-ინჩიანი კი 1299 დოლარი ღირს. ფერები შავ და ვერცხლისფერშია ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება ახალ 14-ინჩიან MacBook Pro-ს, წინა მოდელზე უფრო სწრაფი უნდა იყოს, გაუმჯობესებული გრაფიკით, მეხსიერებითა და ტევადობით. ბატარეის ხანგრძლივობა კი 24 საათამდე აღწევს! ფასი 1599 დოლარიდან დაიწყება და მის შეძენას კვლავ შავ და ვერცხლისფერ ფერებში შეძლებთ.

როგორც ზემოთ გითხარით, ახალი ჩიპი Vision Pro-საც დაემატა, M5 მანამდე არსებულ M2 ჩიპს შეცვლის — M5 ჩიპი 10%-ით აუმჯობესებს ეკრანის რენდერინგს, მხარს უჭერს განახლების სიხშირეს 120 ჰერცამდე და აჩქარებს AI ფუნქციებს, რითაც მას 50%-ით უფრო სწრაფს ხდის. ბატარეის ხანგრძლივობა კი 30 წუთით უმჯობესდება, რაც ზოგადი გამოყენების 2.5 საათს და ვიდეოს სამი საათის მანძილზე შეუფერხებლად ჩვენებას ნიშნავს. ფასი კვლავ 3499 დოლარია.












