თუ ბოლო ოცი წლის ისტორიასა და ფასწარმოქმნას გადავხედავთ, მარტივად დავრწმუნდებით, რომ Apple მხოლოდ პრემიუმ სეგმენტზე არასდროს ყოფილა ფოკუსირებული. მართალია, კომპანია ყოველთვის ძვირს აფასებდა თავის MP3 ფლეიერებს, კომპიუტერებსა თუ სმარტფონებს, მაგრამ ამავდროულად, კარგად აცნობიერებდა, რომ მაღალმა ფასებმა ეკოსისტემის მიღმა შეიძლება ძალიან ბევრი პოტენციური მომხმარებელი დატოვოს. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა კატეგორიაში ხელმისაწვდომი ალტერნატივები მუდმივად ჩნდებოდა.
მაგალითად, ჯერ კიდევ 2005 წელს, როცა Mac-ის დესკტოპების საშუალო ფასი 1000 დოლარს აჭარბებდა, Apple-მა პირველი Mac mini გამოუშვა, რომელიც სულ რაღაც 499 დოლარი ღირდა. დღეს კი, 20-წლიანი ინფლაციის შემდეგაც, ის მხოლოდ 599 დოლარად იყიდება. იმავე წელს, როცა iPod დაახლოებით 300 დოლარი ჯდებოდა, ბაზარზე 99-დოლარიანი iPod shuffle გამოჩნდა. მოგვიანებით, 2016 წელს, სმარტფონების ხაზს 399-დოლარიანი iPhone SE დაემატა, მაშინ როცა საშუალო iPhone თითქმის 700 დოლარი ღირდა. 2017 წელს ვიხილეთ 329-დოლარიანი მეხუთე თაობის iPad, რომლის საბაზისო ფასი დღესაც მხოლოდ 20 დოლარით არის გაზრდილი. ხოლო 2020 წელს, როცა Apple Watch-ის ფასები 400-დან 900 დოლარამდე მერყეობდა, კომპანიამ 279-დოლარიანი Apple Watch SE წარმოადგინა.
MacBook Neo
მიუხედავად იმისა, რომ Apple წლების განმავლობაში ცდილობდა ხელმისაწვდომობის შეტანას დესკტოპების, ფლეიერების, სმარტფონების, პლანშეტებისა და ჭკვიანი საათების ხაზში, ერთი მთავარი კატეგორია მაინც ხელშეუხებელი რჩებოდა – ლეპტოპები.
MacBook-ის ხაზის საწყისი ფასი, რომელიც აქამდე მხოლოდ Air და Pro მოდელებს აერთიანებდა, სტაბილურად 999 დოლარის ფარგლებში ტრიალებდა და ესეც მხოლოდ ყველაზე საბაზისო მონაცემების მქონე მოდელებს ეხებოდა. უმაღლესი კონფიგურაციის მქონე MacBook Pro-ს ფასი კი ხშირად 3000 დოლარსაც სცდება.
თუმცა, სურათი რადიკალურად შეიცვალა MacBook Neo-ს გამოჩენით. ეს არის Apple-ის პირველი ჭეშმარიტად ხელმისაწვდომი ლეპტოპი, რომლის ფასიც 599 დოლარიდან იწყება. ამ ფასად მომხმარებელი იღებს ნამდვილად გამორჩეულ კომპიუტერს, რომელსაც 13-ინჩიანი ეკრანი და ძლიერი A18 Pro ჩიპი აქვს. ის მუშაობს ზუსტად იმავე macOS ოპერაციულ სისტემაზე, რაზეც კომპანიის პროფესიონალური ლეპტოპები და აღჭურვილია რიგითი მომხმარებლისთვის საჭირო ყველა პორტით თუ კავშირით. რაც ყველაზე საინტერესოა, სტუდენტებისთვის ეს მოდელი კიდევ უფრო იაფი – 499 დოლარი ღირს.
სრულიად ახალი Apple-ის ლეპტოპი 2026 წელს 500 დოლარად არის ხელმისაწვდომი. როდესაც Neo-ს სხვა ბიუჯეტურ ვარიანტებთან, როგორიცაა iPhone 17e, M4 Mac mini, iPad და Apple Watch SE 3, ერთად განვიხილავთ, უკვე შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ Apple მხოლოდ ლუქს-ბრენდია. კომპანია ახლა უკვე ყველა ძირითად პროდუქტში გვთავაზობს ისეთ ხელმისაწვდომ ალტერნატივას, რომელიც რიგითი მომხმარებლების საჭიროებების 90%-ს სრულად აკმაყოფილებს.
ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ აკეთებს Apple ამას მაინცდამაინც ახლა? თუ კომპანიას აქამდე არ უჭირდა 1000-დოლარიანი ლეპტოპების გაყიდვა, რატომ გამოუშვა მსგავსი ფუნქციების მქონე მოწყობილობა ასე იაფად?
ამის უკან ორი მთავარი მიზეზი იმალება. პირველ რიგში, ისევე როგორც თავის დროზე Mac mini და iPod shuffle, MacBook Neo-ც ეკოსისტემაში მომხმარებლის შესატყუებელი ერთგვარი ძლიერი ინსტრუმენტია. როგორც წესი, როცა ადამიანები Apple-ის დესკტოპ ოპერაციულ სისტემას ეჩვევიან, Windows-თან მუშაობა უკვე დაუხვეწავი და მოუქნელი ეჩვენებათ. Apple-მა ზუსტად იცის, რომ თუ 599-დოლარიანი ლეპტოპით ახალ მომხმარებელს თავის პლატფორმაზე მიაჯაჭვებს, მომავალში, როცა ამ ადამიანის საჭიროებები და შემოსავალი გაიზრდება, ის აუცილებლად უფრო ძვირადღირებულ MacBook-ს შეიძენს.
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი შემოსავალია. მზარდი ინფლაციის ფონზე მომხმარებლები ფასების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი გახდნენ. მათთვის, ვისაც კომპიუტერი მხოლოდ მუსიკის მოსასმენად, ტექსტზე სამუშაოდ და ინტერნეტში ბრაუზინგისთვის სჭირდება, ბაზარზე უამრავი ბიუჯეტური PC და Chromebook მოიძებნება, მით უმეტეს, რომ ყოველდღიური სამუშაოს დიდი ნაწილი ახლა უკვე ქლაუდზეა გადატანილი.
წყარო: Fastcompany













