Apple Maps არასოდეს ითვლებოდა ნავიგაციის აპლიკაციებს შორის საუკეთესოდ (ეს ტიტული აშკარად Google Maps-ს ეკუთვნის), ახლა კი მისი მომხმარებლის გამოცდილება შესაძლოა რეკლამებითაც შეივსოს. ამის შესახებ ცნობილი გამოცემა Bloomberg წერს.
Apple ამ ცვლილების დანერგვას წლის ბოლოსთვის გეგმავს, რეკლამები iOS-ის Maps აპში შეიძლება ზაფხულიდან გამოჩნდეს.
ამ მოდელის მიხედვით, კომპანიები აუქციონის გზით შეეცდებიან თავიანთი ბიზნესების რეკლამირებას აპში შესაბამისი საძიებო სიტყვების გამოყენებისას. მაგალითად, Maps-ის მომხმარებლებს, რომლებიც ეძებენ რესტორნებს, ბარებს ან მაღაზიებს, შესაძლოა პირველ რიგში გამოუჩნდეთ იმ ბიზნესების რეკლამები, რომლებმაც აუქციონში გაიმარჯვეს.
ასეთი ცვლილება Apple-სთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს. Google უკვე წლებია იყენებს რეკლამებს თავის სანავიგაციო აპლიკაციაში. ასევე Bing Maps-იც სთავაზობს მსგავს სარეკლამო შესაძლებლობებს ადგილობრივ კომპანიებს.
აღსანიშნავია, რომ წლების წინ მომხმარებლები Maps-ს აკრიტიკებდნენ მისი შეზღუდული ფუნქციონალის გამო. თუმცა ბოლო წლებში Apple-ის ნავიგაციის აპმა მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა და დაემატა ახალი ფუნქციები, მათ შორის ინტეგრაციები ისეთ პლატფორმებთან, როგორიცაა MICHELIN Guide და Golf Digest. გასულ ზაფხულს WWDC-ზე Maps-მა ახალი ფუნქცია წარადგინა, რომელიც მომხმარებლებს მეტ სატრანსპორტო მონაცემსა და ყოველდღიური მგზავრობის კონტექსტს აწვდის.
ჯერ უცნობია, როგორ იმოქმედებს საძიებო რეკლამების ინტეგრაცია იმ ფუნქციებზე, რომლებიც მომხმარებლებს მოსწონთ, მაგალითად, კონფიდენციალურობის დაცვის მექანიზმებსა და ლოკაციის ისტორიაზე. თუმცა, თუ რეკლამებთან დაკავშირებული განცხადება მალე გაკეთდება, იმედია, ამ საკითხებზეც მეტს გავიგებთ.













