Apple-ს თქვენთვის ახალი ამბავი აქვს — Apple Maps ახლა უკვე ვებზე საჯარო ბეტა ვერსიითაა ხელმისაწვდომი, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე წვდომას პირდაპირ თქვენი ბრაუზერიდან მიიღებთ. ამ ამბით კი Apple Google Maps-ის პირდაპირი კონკურენტი ხდება, რომელიც უკვე დიდი ხანია, რაც ვებშია ხელმისაწვდომი.
Maps-ზე წვდომას ინგლისურ ენაზე მიიღებთ როგორც Safari-ზე, ისე Chrome-ზე Mac-სა და iPad-ზე, ასევე Windows PC-ის Chrome-სა და Edge-ზე. ეფლი კი მომავალში უფრო მეტი ენის, ბრაუზერისა და პლატფორმის მხარდაჭერას გეგმავს.
Apple Maps ვებზეც ზუსტად ისე მუშაობს, როგორც მობილურ აპლიკაციაში. მიმართულებებიც შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც მანქანით, ისე ფეხით გადაადგილებისთვის, საკვებიც შეუკვეთოთ, შეფასებებიც დაწეროთ და ა. შ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, Apple დამატებითი ფუნქციების შესახებაც გვამცნობს, რომლებსაც მომავალში აპლიკაციაში გაგვიზიარებს. ასეთია, მაგალითად, Look Around-ის ფუნქცია, რომელიც 360-გრადუსიან პანორამულ ხედვას გვთავაზობს და ვებვერსიას მომდევნო რამდენიმე თვეში დაემატება.
კომპანია აღნიშნავს, რომ დეველოპერებს შეუძლიათ Maps-ს ვებზე დაუკავშირდნენ, რაც მათ მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, სწორი მიმართულებები მიიღონ, დეტალური ინფორმაციები ნახონ კონკრეტული ადგილების შესახებ და სხვა.
საინტერესოა, რომ Apple Maps-ის ვებვერსია 12 წლის მერე ჩაეშვა მას შემდეგ, რაც ეფლმა ეს სერვისი iPhone-ზე შემოგვთავაზა. ახლა კი Apple Maps-ის ხელმისაწვდომობის გაფართოებით კომპანიას სურს, უფრო მეტ მომხმარებლამდე მიაღწიოს და Google Maps-ის ადგილიც დაიკავოს ადამიანებში, რომლებისთვისაც ეს უკანასკნელი მშვენიერ მეგზურს წარმოადგენს. თუმცა, როგორ ფიქრობთ, რამდენად მოახერხებს?