Apple Music Replay გამოვიდა, პასუხი Spotify-ის პოპულარულ Wrapped-ის ფუნქციაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ეფლიც აძლევს საშუალებას მომხმარებლებს, დააკვირდნენ, როგორი იყო მათი გამოცდილება სიმღერების მოსმენისას წლის განმავლობაში. ამგვარად იმ ტოპ სიმღერებს, არტისტებსა და ალბომებს უზიარებს მათ, რომლებსაც წლის მანძილზე სიამოვნებით უსმენდნენ.
წლევანდელი ვერსია უფრო მეტად მოსმენის ჩვევებზეა ორიენტირებული, ამიტომაც მომხმარებლებს Discovery-ის, Loyalty-სა და Comebacks-ის ფუნქციებს სთავაზობს. პირველი იმ ახალ არტისტებზე უსვამს ხაზს, რომელსაც მომხმარებლები უსმენდნენ, მეორე იმ შემსრულებლებს, რომელთა ერთგულებიც არიან ყოველწლიურად, ხოლო მესამე იმ მუსიკოსებს, რომლებიც გარკვეული დროის შემდეგ დააბრუნეს მომხმარებლებმა თავიანთ ფლეილისტებში.

მომხმარებლებს ასევე შეეძლებათ ნახონ, წლის მანძილზე ჯამში რამდენი წუთის მანძილზე უსმენდნენ აპლიკაციაში, რამდენ არტისტს, რომელ ჟანრებსა და ა. შ. Apple Music Replay-ის დეშბორდზე წვდომას Home-ის ჩანართში მიიღებთ მუსიკალური სტრიმინგის სერვისშივე.
წლიური სტატისტიკის გარდა, მომხმარებლებს შეუძლიათ ყოველთვიური მოხსენებაც ნახონ, ამასთან წინა წლების მონაცემებიც. ყველაზე მიმზიდველი კი მაინც Replay All Time უნდა იყოს, რომელიც Apple Music-ის გამოყენების დაწყებიდან დღემდე არსებულ მუსიკებს მოიცავს და ნოსტალგიებსაც აღვიძებს.

რაც შეეხება უშუალოდ არტისტებს, ისინი წვდომას მიიღებენ ახალ საზომებზე, მათ შორის გვხვდება მსმენელთა ზრდა და წლიდან წლამდე შედეგების შეჯამებები. ამასთან, ისინი კვლავ ნახავენ მსმენელების, ქვეყნების, ქალაქებისა და წუთების საერთო რაოდენობას.
ეფლის მიხედვით, 2025 წლის ტოპ სიმღერებში ROSÉ და ბრუნო მარსის APT გვხვდება, რასაც მოსდევს კენდრიკ ლამარი და SZA Luther-ით. საუკეთესო სამეულში ლედი გაგასა და ბრუნო მარსის Die With A Smile-იც მოხვდა, როცა აღნიშნულმა YouTube Music Recap-ის ფარგლებში საუკეთესო სიმღერის ტიტული მოიპოვა… მეოთხე ადგილი კენდრიკ ლამარის Not Like Us-მა დაიკავა, ხოლო მეხუთე ადგილზე ბილი აილიშის სიმღერა Birds of a Feather გავიდა.










