მუსიკას ჩვენი განწყობის მიხედვით ვირჩევთ, ზოგჯერ კი ვერ ვპოულობთ ზუსტად იმას, რაც გვინდა… თუმცა Apple Inc.-მა გამოსავალი იპოვა — კომპანიამ სტარტაპი AI Music შეისყიდა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს კონკრეტულ ადამიანზე მორგებული მუსიკის შესარჩევად იყენებს.
2016 წელს ლონდონში დაფუძნებული ბიზნესის — AI Music-ის შესყიდვა ბოლო კვირებში დასრულდა. გარიგებამდე კომპანიას ორი ათეული თანამშრომელი ჰყავდა.
AI Music-ის მიერ შემუშავებულ ტექნოლოგიას, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, კონკრეტულ ადამიანზე მორგებული მუსიკის შეთავაზება შეუძლია. იდეა დინამიკური მუსიკის გენერირებაა, რომელიც მომხმარებლის ურთიერთქმედების საფუძველზე იცვლება. მაგალითად, ვიდეო თამაშში სიმღერა განწყობის შესაბამისად შეიცვლება. მეტიც, ის, შესაძლოა, მომხმარებლის ვარჯიშის ინტენსივობასაც მოერგოს.
AI Music-ის გარდა, Apple-მა მუსიკალური კომპანია Primephonic შეისყიდა, რომელიც კლასიკური მუსიკის სტრიმინგის სერვისს უშვებს. თუმცა ამის პარალელურად აცხადებენ, რომ კომპანიამ შესყიდვის ხარჯები მკვეთრად შეამცირა.