in

ვისთვის არის Apple-ის ახალი Creator Studio?

Apple-მა ახლახან წარადგინა Creator Studio – საკუთარი სააბონენტო სერვისი, რომელიც აერთიანებს ისეთ ინსტრუმენტებს, როგორებიცაა Final Cut Pro, Logic Pro, Pixelmator Pro, Motion, Compressor და MainStage, ასევე ახალ, ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებულ აპლიკაციებს: Pages-სა და Numbers-ს.

ბაზარზე უკვე ორი გიგანტი დომინირებს: Adobe Creative Cloud და Canva. პირველი აშკარად მაღალი კლასის პროფესიონალებზე და კორპორაციულ სექტორზეა გათვლილი თავისი მძიმეწონიანი Photoshop-ით, Premiere-ითა და Illustrator-ით. მეორე კი ინდივიდუალურ მომხმარებლებსა და მცირე კომპანიებზე ფოკუსირდება, რომლებიც მარტივ, შაბლონებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს ეძებენ. Creator Studio-თი Apple-მა, თითქოს, სხვადასხვა ინსტრუმენტი ერთ დიდ ტომარაში ჩაყარა: ეს ნაკრები Canva-ს აუდიტორიისთვის ზედმეტად რთულია, Adobe-ისთან შედარებით კი – არასაკმარისად მძლავრი.

კონკურენცია და ბაზრის რეალობა

Adobe CC ეფექტურია კრეატორებისთვის, რომელიც დიზაინს, ვიდეოს, აუდიოსა და საოფისე პროდუქტიულობასაც კი ფარავს. თვეში რამდენიმე ათეულ დოლარად მომხმარებელი იღებს ყველაფერს, რაც სჭირდება (და იმაზე მეტსაც, ვიდრე ოდესმე დასჭირდება), პლიუს Adobe-ის AI-ს, Firefly-ს. სწორედ ეს სიჭარბე და გამოწერის მოდელია მიზეზი, რის გამოც ბევრს Adobe მობეზრდა, თუმცა მას მაინც 41 მილიონამდე გადამხდელი მომხმარებელი ჰყავს.

მეორე მხრივ, გვყავს Canva – ყოველისმომცველი ტიპის პლატფორმა, რომელიც ბრაუზერზეა ორიენტირებული და არაპროფესიონალებს დიზაინის შექმნას უმარტივებს. მისი უფასო ვერსია საკმაოდ სოლიდურია, ფასიანი გეგმები კი (ინდივიდებისთვის თვეში $15) AI-ინსტრუმენტებსაც მოიცავს. ახლახან Canva-მ Affinity-ს უფასო ლიცენზიებიც დაამატა, რაც მას უკვე სერიოზულ მოთამაშედ აქცევს Adobe-ის წინააღმდეგ.

ორივე კონკურენტი თავის ნიშაში თანმიმდევრულია. სამწუხაროდ, ამას ვერ ვიტყვით Apple-ის ახალ, თვეში $13-იან პაკეტზე. Apple გვთავაზობს აპლიკაციების „მიქსს“, სადაც მისი ფლაგმანი ვიდეო რედაქტორი, Final Cut Pro (FCP), შესაძლოა, უკვე მეორე ადგილზეც აღარ იყოს. ბაზრის ლიდერია Adobe Premiere Pro (დაახლოებით 30 მილიონი მომხმარებლით), უმაღლეს სეგმენტში Avid დომინირებს, ხოლო ბევრი რედაქტორი დღეს საუკეთესოდ უფასო Blackmagic Design’s Resolve-ს მიიჩნევს. შედარებისთვის, Apple-ის ბოლო მონაცემებით (2018 წელს), Final Cut-ს 2.5 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა.

კიდევ ერთი მთავარი კომპონენტი ახლად შეძენილი Pixelmator Pro-ა, რომელსაც Apple, სავარაუდოდ, Photoshop-ის კონკურენტად მოიაზრებს. თუმცა, თუ რეალურ ალტერნატივას ვეძებთ, Affinity (ახლა უკვე Canva-ს მფლობელობაში) გაცილებით ძლიერია. მან ერთ კვირაში მილიონი მომხმარებელი დაიმატა, რასაც Pixelmator უბრალოდ ვერ შეეჯიბრება. მისი შედარება Adobe-ის პროფესიონალურ ინსტრუმენტებთან ისეთივე უადგილოა, როგორც კარტინგის შედარება ფორმულა 1-ის ბოლიდთან – კი, ბორბლები ორივეს აქვს, მაგრამ სულ სხვა ლიგაა. სხვათა შორის, თუ უკვე ფლობთ Pixelmator Pro-ს, მოგიწევთ Creator Studio-ს გამოწერა, რადგან Apple-ის განცხადებით, თქვენი არსებული ლიცენზია განახლებებს ვეღარ მიიღებს.

ამ ყველაფრის საკომპენსაციოდ, Apple „ექსკლუზიურ ინტელექტუალურ ფუნქციებს“ გვთავაზობს. მაგალითად, Logic Pro-ს ახალი სესიის დამკვრელები და Final Cut-ის „მაგნიტური ნიღაბი“ მხოლოდ გამოწერის შემთხვევაში იქნება ხელმისაწვდომი. ეს სუსტი სვლაა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ჩამორჩა Apple AI-რბოლაში.

რაც შეეხება Pages-ს, Numbers-სა და Keynote-ს – მათი აქ ყოფნაც გაუგებარია. ეს აპლიკაციები ისედაც უფასო იყო და არასდროს ითვლებოდა პროფესიონალური დონის ინსტრუმენტებად. რატომ უნდა გადაიხადოს კრეატიულმა ადამიანმა ფული ტექსტურ რედაქტორში, რომელიც წლებია არ განვითარებულა, ან „ექსელის“ ჩრდილში მყოფ ცხრილებში?

ვისთვისაა Creator Studio? ერთადერთი სავარაუდო მომხმარებელი ტიპური „იუთუბერია“ – სოლო შემოქმედი, რომელიც ვიდეოებს ამონტაჟებს, ხმას Logic-ში არეგულირებს და „თამბნეილებს“ Pixelmator-ში აწყობს. მათთვის წლიური $129 მართლაც „საჩუქარია“ Adobe-ის $600-თან შედარებით. მაგრამ ეს 56-მილიარდიანი კრეატორთა ეკონომიკის მხოლოდ ვიწრო ნაწილია. მუსიკოსს, რომელიც Logic Pro-ს იყენებს, სავარაუდოდ, არ სჭირდება ვიდეო რედაქტორი, და პირიქით.

Reddit-სა და Apple-ის ფორუმებზე მომხმარებლები თანხმდებიან, რომ ეს ცუდი სვლაა – ხალხი დაიღალა გამოწერებით. Apple-ის ერთგული ფანები შიშობენ, რომ კომპანია საბოლოოდ გააუქმებს ერთჯერად ლიცენზიებს და ყველას სააბონენტო მოდელზე გადაიყვანს. მართალია, Apple-ს ამაზე ოფიციალური პასუხი ჯერ არ გაუცია, მაგრამ აქციონერებისთვის ეს ნამდვილად სასურველი ნაბიჯი იქნებოდა.

წყარო: Fastcompany

საქართველოს ბანკის მენეჯმენტის გუნდში სიახლეებია

Heinz-მა კარტოფილი ფრის ყუთების დიზაინი შეცვალა