in

Apple-ის ახალი რეკლამა „ონლაინთვალთვალის” პრობლემას კრეატიულად გვიჩვენებს

Apple ონლაინთვალთვალის პრობლემას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და ამჯერად ამას საკმაოდ უჩვეულო ვიზუალური გადაწყვეტით აკეთებს. მის ახალ კამპანიაში ინტერნეტში მოქმედი მონაცემთა ტრეკერები ადამიანების გვერდით მუდმივად მდგომ პერსონაჟებად არიან წარმოდგენილი, რომლებიც მათ ყოველ ნაბიჯზე აკვირდებიან.

M2

რეკლამა, სახელწოდებით „Privacy on iPhone: Safari helps block data trackers“, Apple-ის მრავალწლიანი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიხედვითაც კონფიდენციალურობა კომპანიის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად და პროდუქტის უპირატესობად არის წარმოჩენილი.

ვიდეოში ადამიანები ყოველდღიურ საქმიანობას ეწევიან: სტუმრობენ კაფეებს, ბიბლიოთეკებს, სპორტდარბაზებსა თუ კემპინგებს, თუმცა მათ ყველგან თან დაჰყვებიან უცნაური, მეტალის ფიგურები, რომლებიც პირად სივრცეში იჭრებიან და თითოეულ მოქმედებას აკვირდებიან. Apple ამით აჩვენებს, რომ ინტერნეტში მომხმარებლის აქტივობა ხშირად გაცილებით ნაკლებად პირადულია, ვიდრე ბევრს ჰგონია.

განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ტრეკერების ვიზუალმა. მათი ქრომირებული, ამრეკლავი ზედაპირი ბევრისთვის Google Chrome-ის პირდაპირ ასოციაციას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ Apple კონკურენტს პირდაპირ არ ახსენებს, რეკლამის ეს ელემენტი ფართოდ აღიქმება, როგორც ირონიული მინიშნება Google-ის ბრაუზერზე და ზოგადად, ონლაინრეკლამებისა და თვალთვალის ეკოსისტემაზე.

რეკლამის კულმინაცია მაშინ დგება, როდესაც მომხმარებლები Safari-ზე გადადიან. ბრაუზერის გახსნისთანავე მათ გარშემო მდგომი ტრეკერები ვერცხლისფერი ნამსხვრევების აფეთქებით ქრებიან, რაც Safari-ს კონფიდენციალურობის მექანიზმების სიმბოლურ გამოხატულებას წარმოადგენს.

კამპანია ასევე მიანიშნებს, რომ მხოლოდ „ინკოგნიტო რეჟიმის“ გამოყენება ყოველთვის საკმარისი არ არის მომხმარებლის დასაცავად. Apple ამტკიცებს, რომ ონლაინთვალთვალისგან რეალური დაცვისთვის უფრო კომპლექსური მექანიზმებია საჭირო.

რეკლამა ეფუძნება Safari-ში უკვე არსებულ ფუნქციებს, მათ შორის “Intelligent Tracking Prevention-ს”, რომელიც მოწყობილობაზე მონაცემების დამუშავებით ცდილობს სხვადასხვა საიტზე მოქმედი ტრეკერების აღმოჩენასა და შეზღუდვას. კამპანია სააგენტო TBWA\Media Arts Lab-მა შექმნა. Apple ახალი კონცეფციის გავრცელებას მხოლოდ სატელევიზიო რეკლამით არ გეგმავს – „ქრომის” ტრეკერები სოციალური მედიის კამპანიებში, გარე რეკლამებში, კინოთეატრებსა და სხვა ციფრულ პლატფორმებზეც გამოჩნდებიან, სანამ საბოლოოდ Safari მათ არ „გააქრობს“.

„ავერსი“: „სფოთლაითი“ არის გარემო, სადაც ცოდნა, კრეატიულობა და მაღალი პროფესიონალიზმი ერთიანდება“

VESPA LOVER – ახალი კოლექცია ლეგენდარული ბრენდისგან