ამიერიდან, Apple ფლობს პატენტს პროგრამის შესაქმნელად, რომელიც შესაძლებელს გახდის ჯგუფური სელფები სოციალური დისტანცირების პირობებშიც გადავიღოთ. ნაშრომში წერია, რომ Apple-ის მოწყობილობების მომხმარებლებს შეეძლებათ ვირტუალურად მოიწვიონ მეგობრები ჯგუფური სელფის გადასაღებად, ხოლო პროგრამა მათ ერთ ფოტოზე განლაგებას უზრუნველყოფს. დაზუსტებული არაა, iPad-ებსა და iPhone-ებიდან რომელზე გავრცელდება ეს პროგრამული სიახლე, თუმცა, თუ ორივეზე არა, რთული გამოსაცნობი არაა, რომელ ერთზე.
მსგავსი ჯგუფური სელფი, რომელსაც სოციალური დისტანცირების პირობებში გადაიღებთ, შეიძლება იყოს ფოტო, ან ვიდეო. მეტიც, პირდაპირ ეთერშიც შეძლებთ ჯგუფურად, ერთი გამოსახულების სახით გახვიდეთ. გარდა ამისა, სელფის რედაქტირება გადაღების პროცესშიც შესაძლებელი იქნება. მაგალითად, თუ გინდათ სხვა მეგობრის გვერდით იდგეთ, ან სხვანაირ პოზიციაში. პატენტის მიხედვით, ეს შემდეგნაირად შეიძლება გამოიყურებოდეს:
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებში მსგავსი პროგრამის ქონა აქტუალურია, Apple-ს ამ იდეაზე მუშაობა 2020 წელს არ დაუწყია. მან პატენტზე განაცხადი 2018 წელს შეიტანა, ხოლო დასტური 2020 წლის 2 ივნისს მიიღო. როგორც პატენტებს შეეფერებათ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიცით როდის შეიძლება გადაწყვიტოს Apple-მა იდეის სისრულეში მოყვანა და მით უფრო, როდის შეიძლება Apple-ის მოწყობილობებით დისტანციური ჯგუფური სელფების გადაღება შევძლოთ. თუმცა, 2020 წელს ეს იდეა ნამდვილად აქტუალურია.