3
Sep
2019

რა არის Apple Pay და როგორ გამოვიყენოთ ის საქართველოში

3 Sep 2019

Alta
Alta


Apple Pay უკონტაქტო გადახდის მეთოდია, რომელსაც Apple თავის მოწყობილობების (iPhone, Apple Watch,  iPad, Mac) გამოყენებით გვთავაზობს. ის შექმნილია იმისათვის, რომ მომხმარებლებს ანგარიშსწორების პროცესი გაუმარტივოს, იმდენად, რომ სხვადასხვა ობიექტსა თუ ონლაინ მაღაზიაში გადახდის შემთხვევაში, საბანკო ბარათის თან ქონა/გამოყენება არ იყოს საჭირო. Apple Pay-ში ინტეგრირებულია თქვენი საბანკო ბარათი და შესაბამისად, სპეციალური აპლიკაციით, მობილურის, ან Apple-ის სხვა მოწყობილობის გამოყენებით შეგიძლიათ გადახდა. ეს სერვისი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, დღეიდან კი, უკვე საქართველოშიც. სტატიის ფარგლებში მოგიყვებით დეტალებს, რომელიც Apple Pay-ს გასააქტიურებლად და გამოსაყენებლად დაგჭირდებათ. მანამდე კი გეტყვით, რომ საქართველოში Apple Pay-ს მხარდამჭერი ბანკებია – საქართველოს ბანკი, თიბისი, VTB და ლიბერთი.

როგორ გავააქტიუროთ Apple Pay iPhone-ზე, iPad-სა და Apple Watch-ზე?

იმისათვის, რომ Apple Pay iPhone-სა თუ iPad-ზე გაააქტიუროთ, დასაწყისისთვის, საჭიროა აპლიკაცია Apple Wallet-ის ჩამოტვირთვა, აპლიკაციაში უნდა შეიყვანოთ თქვენი საბანკო ბარათის მონაცემები. iPhone-ის შემთხვევაში, უბრალოდ, უნდა გახსნათ Apple Wallet, iPad-ით სარგებლობისას უნდა გადახვიდეთ Settings-ის განყოფილებაში, შემდეგ კი Wallet-ში. Apple Watch-ში Apple Pay-ს გასააქტიურებლად, საჭიროა გახსნათ Watch-ის აპლიკაცია თქვენს აიფონში. My Watch-ის ქვემოთ, Wallet-ისა და Apple Pay-ს პოვნის შემდეგ, ბარათის დამატებას უნდა დააჭიროთ.

Apple Pay-ში საბანკო ბარათის დამატება შეგიძლიათ როგორც მასზე დატანილი მონაცემების შეყვანით, ასევე, დასკანირებით (ფოტოს გადაღებით). ამის შემდეგ, საჭიროა ბანკმა, რომლის მომხმარებელი ხართ, ამ ინფორმაციის ვერიფიკაცია მოახდინოს (თქვენ მიიღებთ უნიკალურ კოდს ბანკიდან, რომელიც სპეციალურ ველში უნდა შეიყვანოთ). პროცესის სისწრაფე კი ბანკზეა დამოკიდებული. ვერიფიკაციის შემდეგ, თქვენ უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ Apple Pay-ს გადახდის სისტემით.

როგორ და სად შეგვიძლია Apple Pay-თი გადახდა?

Apple Pay მუშაობს ინტერნეტის გარეშე, ყველგან, სადაც უკონტაქტო გადახდაა შესაძლებელი – მაღაზიებში, სადაც საბანკო ტერმინალები აქვთ, ონლაინ მაღაზიებში, სადაც ანგარიშსწორებისთვის აქამდე ბარათის მონაცემები უნდა შეგეყვანათ.

Apple Pay იყენებს ახლო მონაკვეთის კომუნიკაციის გადამცემს (NFC) რაც ნიშნავს იმას, რომ მას ფუნქციონირებისთვის ინტერნეტი არ სჭირდება. ასევე, იყენებს Touch ID-სა და Face ID-ს, iPhone 6-სა და მის შემდგომ მოდელებში. გადახდის გზა დამოკიდებულია იმაზე, თუ iPhone-ის რომელი მოდელი გაქვთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ტრანზაქციის შესრულებისას ავტორიზება ხდება Touch ID-ის, Face ID-ის ან თქვენი პაროლის დახმარებით.

Touch ID-ის სისტემის მქონე iPhone-ებში გადახდისას, Apple Wallet-ის გახსნის შემდეგ, Touch ID-ის ნიშანს ორჯერ უნდა დააჭიროთ და გედოთ თითი ნიშანზე, მანამ, სანამ ეკრანზე დაეწერება “Hold Near Reader”. თუ Touch ID თქვენი თითის ანაბეჭდს ვერ ამოიცნობს, მოგიწევთ “Pay with Passcode” ფუნქციის გამოყენება, ანუ, გადახდისას პაროლის მითითება.

Face ID-ის ფუნქციის მქონე iPhone-ებისთვის, გადახდისას საჭიროა sleep/wake ნიშანისთვის მარჯვენა მხარეს, ორჯერ დაჭერა, იმისათვის, რომ ეკრანზე Apple Pay ფუნქცია გამოჩნდეს. რაც შეეხება ავტორიზაციას, ის Face ID-ის დახმარებით მოხდება, თუმცა, რა თქმა უნდა შეგიძლიათ ალტერნატივა – პაროლით გადახდის ფუნქციაც აირჩიოთ. ავტორიზების შემდეგ კი თქვენს ეკრანზე დაეწერება – “Hold Near Reader”. როგორც კი ეს წარწერა გაჩნდება ეკრანზე, შეგიძლიათ მიიტანოთ თქვენი სმარტფონი უკონტაქტო გადახდის ტერმინალთან, გადახდის დასრულებას კი აპლიკაცია ვიბრაციის დახმარებით გამცნობთ. ტრანზაქციების ისტორია Wallet-ის აპლიკაციაში ინახება, შესაბამისად, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მას. გარდა ამისა, შეგიძლიათ Apple Pay-ში რამდენიმე ბარათი გქონდეთ რეგისტრირებული, გადახდისას კი აირჩიოთ, რომლით გინდათ ტრანზაქციის შესრულება.

Apple Watch-ით გადახდის შემთხვევაშიც, ორჯერ უნდა დააკლიკოთ ეკრანს, თქვენი საბანკო ბარათი გაჩნდება საათის ეკრანზე, წარწერით “Hold Near Reader to Pay”. ამის შემდეგ, შეგიძლიათ მიიტანოთ საათი უკონტაქტო გადახდის ტერმინალთან, ხმოვანი სიგნალის მეშვეობით საათი გამცნობთ გადახდის დამთავრების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ Apple Pay-ის დახმარებით, ბანკომატებიდან თანხის განაღდებაც შესაძლებელია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა თქვენს Visa, ან Mastercard ბარათს ჰქონდეს სამგზავრო ფუნქცია, Apple Pay-ს დახმარებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის საფასურს ვერ გადაიხდით.

აქვს თუ არა ლიმიტი Apple Pay-თი გადახდას და საქართველოში, შეგვიძლია თუ არა Apple Pay-ს App Store-ში გამოყენება?

Apple Pay-თი გადახდისას თანხის რაოდენობა ლიმიტირებული არ არის. ლიმიტი მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის თქვენს საბანკო ბარათს აქვს, რომელიც ამ გადახდის სისტემაში გაქვთ ინტეგრირებული. Apple Pay-ს App Store-ში გამოყენება ჯერჯერობით, არ შეგვიძლია, რადგან ქართული App Store არ გვაქვს. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ მალე გვექნება.

რამდენად უსაფრთხოა Apple Pay-ს გამოყენება?

Apple ამბობს, რომ თქვენი ტრანზაქციების ისტორია და თქვენი ბარათების მონაცემები არ ინახება მათ სერვერებზე, მეტიც, ეს ინფორმაცია თქვენი მოწყობილობის სისტემის იქით არ გადის. თქვენი მონაცემები თქვენს მოწყობილობაში, მხოლოდ კონკრეტულ აპლიკაციაში ინახება და მუშავდება. Apple Pay იყენებს დანომრილ საბანკო ინფრასტრუქტურას, რაც ნიშნავს იმას, რომ Apple Pay-ს სერვისის გააქტიურების მომენტში, ის მოწყობილობის მიხედვით ქმნის სპეციალურ კოდს, რომელიც მონაცემთა ბაზებში ანაცვლებს თქვენი საბანკო ბარათის მონაცემების, ან ანგარიშის შესახებ ინფორმაციას. Apple-ის თქმით, მოწყობილობის ანგარიშის ნომერი (Device Account Number) დაშიფრულად ინახება სპეციალურ ჩიპზე, რომელიც iPhone-სა თუ Apple Watch-შია ჩაშენებული. მაშინაც კი, როცა ამა თუ იმ სალაროსთან თანხას იხდით, არავის აქვს წვდომა თქვენი ბარათის მონაცემებზე, ისინი მას ვერც ხედავენ.

რა მოხდება, თუ iPhone-სა თუ Apple Watch-ს დაკარგავთ? რა მოუვა Apple Pay-ს?

iPhone-ისა თუ Apple Watch-ის დაკარგვა ძალიან სტრესულია და ხშირად, უფრო მეტი ნერვიულობის საფუძველი ჩნდება, თუ მათში Apple Pay-ს სისტემა გქონდათ გააქტიურებული. ცნობილია, რომ ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელსაც Apple Pay-ს დახმარებით ახორციელებთ, თქვენი თითის ანაბეჭდის, სახის ამოცნობის ტექნოლოგიის, ან სპეციალური პაროლის დახმარებით ხდება. ასე რომ, ვინც არ უნდა მოიპაროს/იპოვოს თქვენი მოწყობილობა, ის მაინც ვერ შეძლებს თქვენი გადახდის სისტემით სარგებლობას. იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების სათანადო სისტემას არ იყენებთ, ისინი შეძლებენ ნახონ თქვენი ბარათების ბოლო 4 ციფრი. თუმცა, მეტს ვერაფერს მოიმოქმედებენ. გარდა ამისა, Apple-ს აქვს ფუნქცია, რომელსაც Find My iPhone ჰქვია. მისი გამოყენებით, სხვა iOS მოწყობილობიდან შეგიძლიათ ჩართოთ თქვენს iPhone-ზე „დაკარგული რეჟიმი“ (Lost Mode). ამ შემთხვევაში, მთლიან მოწყობილობას დაბლოკავთ და მასზე არსებული ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია წაიშლება.

ავტორი: ხატია თორდუა

განხილვა