თუ აქამდე Pixar-ის სანათი ციფრული პერსონაჟი იყო, ახლა რეალურ რობოტად იქცა. ამ ამბის ავტორი კი ეფლი გახლავთ მეტად საინტერესო ხედვით რობოტების ინდუსტრიაში…
გასულ თვეში სამომხმარებლო რობოტების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია კვლევის საშუალებით გაგვიზიარა და გვითხრა, რომ ადამიანისა და რობოტების ინტერაქციის ოპტიმიზაციის გასაღები ექსპრესიულ მოძრაობებშია — „როგორც ცხოველების უმეტესობა, ადამიანიც ძალიან მგრძნობიარეა მოძრაობისა და მასში მცირე ცვლილებების შეტანის მიმართ“.
ამ ხედვის საილუსტრაციოდ კი, პატივი Pixar-ს მიაგეს, რომელიც თავის დროზე სტივ ჯობსის დახმარებით შეიქმნა. 1985 წელს Luxo Jr.-ის მოკლემეტრაჟიან ფილმში პიქსარის ლამფის დებიუტი შედგა და მას შემდეგ ანიმაციური სტუდიის მასკოტად გვევლინება. ეფლმაც სწორედ ეს სანათი აირჩია, რადგან ჩვენთვის ე. წ. არაანთროპომორფული მაგალითის ჩვენება სჭირდებოდა.
მართალია, ადამიანის მსგავს თვისებებს არ ფლობს, მაგრამ ისეა შექმნილი, რომ მსგავსად იმოქმედოს. ამგვარად, ეფლი ჩვეულებრივ ლამფას კი არ გვთავაზობს, არამედ რობოტის პროტოტიპს, რომელიც ჩვენთან ჩვენივე მოძრაობებისა და ჟესტების შესაბამისად ურთიერთქმედებს. მაგალითად იმ ადამიანისკენ ბრუნდება, რომელიც ხელს უქნევს… თუმცა უფრო მეტად საყვარელი შინაური ცხოველის მსგავსია და არა, ტექნოლოგიური რობოტის.
„რობოტებმა ადამიანებთან ბუნებრივად ურთიერთქმედება რომ შეძლონ მისი მოძრაობის დიზაინი ექსპრესიულ თვისებებს უნდა აერთიანებდეს, იქნება ეს ემოციები, ყურადღება თუ განზრახვა, ტრადიციულ ფუნქციურ მახასიათებლებთან ერთად, რაშიც დავალების შესრულება შეგვიძლია, მოვიაზროთ“, — ვკითხულობთ ნაშრომში.
რადგან დავალებები ვახსენეთ, ერთ მაგალითს გაგიზიარებთ: Pixar-ის ლამფას ჰკითხეს, გარეთ როგორი ამინდიაო და მან პასუხის გაცემამდე, გარემოს გასაანალიზებლად ფანჯრისკენ გაიხედა… მოკლედ, ასე ეფლი ფარდების მიღმა არსებულ რეალობას გვაჩვენებს და მიგვანიშნებს, რას აპირებს რობოტების ინდუსტრიაში.