26
Mar
2019

საით მიდის Apple, ანუ რა ხდებოდა კომპანიის ოფიციალურ პრეზენტაციაზე

26 Mar 2019

რამდენიმე წუთის წინ, Apple-მა ოფიციალურ პრეზენტაციაზე ახალი პროდუქტები წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებისას გასაჟღერებელ სიახლეებთან დაკავშირებით გარკვეული მოლოდინი არსებობდა, პრეზენტაცია დიდი მოულოდნელობებით იყო სავსე. სტატიაში მოგიყვებით ღონისძიების მიმდინარეობისა და იმ ახალი პროდუქტების შესახებ, რომლითაც Apple მსოფლიო ბაზრის შეცვლას ცდილობს. წინასწარ გეტყვით, რომ ეს მცდელობა მხოლოდ ტექნოლოგიურ სფეროს არ ეხება.

Apple-ის ხელმძღვანელი – ტიმ კუკი, ღონისძიების დასაწყისში განსხვავებულ შოუს დაგვპირდა და სიტყვა შეასრულა. შოუ დაიწყო!

პირველი პროდუქტი, რომელზეც კუკმა ყურადღება გაამახვილა Apple News+ იყო. Apple აპირებს შექმნას მობილური მოწყობილობიდან ჟურნალების კითხვის საუკეთესო გამოცდილება. ამ ეტაპზე, ის აერთიანებს 3000-ზე მეტ ჟურნალს მოგზაურებისთვის, კულინარებისთვის, მოდის მოყვარულებისთვის თუ ნებისმიერი სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის. “All of these magazines come to life in an all-new service we call Apple News+,” – თქვა კუკმა. მომხმარებელს ნიუს აპის პერსონალიზება შეეძლებათ, ინტერესების მიხედვით. პლატფორმა თავისუფალი იქნება რეკლამისგან. Apple News+ ყოველთვიურად, 9.99 დოლარი ეღირება. ის ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა უცნობია, როდის შევძლებთ ამ პროდუქტით სარგებლობას საქართველოში.

Apple-ის შემდეგი ახალი პროდუქტი Apple Card-ია. Apple Pay-ის აქვს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირების გამოცდილება, მათგან ყველაზე შთამბეჭდავი მაჩვენებელი ავსტრალიას აქვს, სადაც საბარათე გადახდების 99% ამ გზით მოხდა. კუკმა აუდიტორიას Apple Card-ის მიზანი გააცნო – Apple-ს სურს, მსოფლიოს მასშტაბით, ყველა საბარათე გადახდა Apple Card-ით მოხდეს.

Apple Pay-ს ვიცე პრეზიდენტმა – ჯენიფერ ბაილეიმ აუდიტორიას Apple Card-ის შესაძლებლობები დეტალურად გააცნო. მისი თქმით, სხვა საკრედიტო ბარათებისგან განსხვავებით, Apple Card-ის ტარება არ დაგჭირდებათ, რადგან ის თქვენს აიფონში იქნება ინტეგრირებული. ბარათის პროგრამული უზრუნველყოფა თქვენს ტელეფონშია და მისი გამოყენება ისეთივე მარტივია, როგორც ტექსტური შეტყობინების გაგზავნა. გარდა ამისა, აპლიკაცია შეძლებს დააჯგუფოს გადახდებთან დაკავშირებული ინფორმაცია გადახდის ლოკაციისა თუ მიზნობრიობის მიხედვით. პროგრამის მიერ მიღებული ინფორმაციის დამუშავება ხდება თქვენს მობილურშივე, ასე რომ, Apple-ის სერვერებს არ აქვთ წვდომა ინფორმაციაზე, სად, ან რაში დახარჯეთ თანხა. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც გადახდის ამ ინოვაციურ მეთოდს უკავშირდება არის Daily cash-ის სისტემა. Apple ამ აპლიკაციით დახარჯული თანხის 2%-ს უკან დაგიბრუნებთ, ხოლო თუ Apple-დან შეიძენთ რამეს, 3%-ს. 

Apple Card თანამშრომლობს „მასტერქარდთან“, ეს პარტნიორობა კი გადახდის ახალბედა სისტემის გლობალურობას უზრუნველჰყოფს. გარდა ამისა, თვითონ Apple Card, რომლის მიღებაც ტრადიციული ბარათის ფორმითაც შეგიძლიათ, მინიმალისტური დიზაინისაა. მასზე თქვენი პირადი ინფორმაცია – სახელი, გვარი, ბარათის ნომერი – დატანილი არ არის, რაც კიდევ უფრო დაცულს ხდის ამ სერვისს. Apple Card-ით გადახდა შესაძლებელი იქნება ზაფხულიდან, სხვადასხვა ქვეყანაში. თუმცა, უცნობია, როდის გახდება ხელმისაწვდომი საქართველოში.

პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ Apple თამაშების გამოწერის (Game Subscription) სერვისს ნერგავს. App Store-ზე არსებული თამაშების პოპულარობიდან გამომდინარე, ის აპირებს შექმნას Apple Arcade, თამაშების გამოწერის სერვისი სხვადასხვა მოწყობილობისთვის, იქნება ეს მობილური, კომპიუტერი თუ ტელევიზორი. ეს იქნება მსოფლიოს პირველი თამაშების საბსქრიბირების სისტემა მობილურისთვის. აქ შეხვდებით ექსკლუზიურ თამაშებს, რომელსაც სპეციალურად Apple Arcade-სთვის შექმნიან. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეფლი თამაშების მწარმოებელ სტუდიას ხსნის, თუმცა, ეს ხაზგასმით არ უთქვამთ პრეზენტაციაზე. პლატფორმაზე თამაში ნებისმიერი Apple-ის მიერ წარმოებული მოწყობილობით შეგეძლებათ. ამ პლატფორმაზეც ვერ შეხვდებით რეკლამას და გარდა ამისა, ის არ შეაგროვებს ინფორმაციას თქვენ შესახებ. აქაც, Apple პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე ზრუნავს. Arcade 2019 წლის შემოდგომაზე, 150 ზე მეტ ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა, მისი ფასი უცნობია.

შემდეგ საუბარი Apple TV App-ს შეეხო. ეს არის შესაძლებლობა ნახოთ ფავორიტი შოუები, სერიალები, თუ ფილმები სხვადასხვა მოწყობილობაზე და არამხოლოდ მათზე, რასაც Apple აწარმოებს. აპლიკაციის გამოყენება შეგეძლებათ Samsung-ის, LG-ის, Sony-ისა და Vizio-ს სმარტ ტელევიზორებზე. აქ შეგიძლიათ ნახოთ ექსპერტების რეკომენდაციები. ასევე, აპლიკაციას შეუძლია შეგატყობინოთ თქვენი ფავორიტი სპორტული გუნდის შედეგები, აქვს ბავშვების განყოფილება და რაც მთავარია, მისი ყურება 4K ხარისხშია შესაძლებელი. 

ამჟამად, ეს სერვისი 10 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, თუმცა სულ მალე 100-ზე მეტი ქვეყნის მოსახლეობა შეძლებს მისით სარგებლობას. 

ღონისძიების დიდი ნაწილი Apple-სთვის რევოლუციურ სიახლეს Apple TV+ -ს დაეთმო და ფაქტობრივად, პასუხი გაეცა კითხვას, უმიზნებს თუ არა Apple Netflix-ის კონკურენტობას. Apple შექმნის კონტენტს, ფილმებს, სხვადასხვა ტიპის შოუს, მოჰყვება ამბებს, რომლებიც მსოფლიოს გააერთიანებს.

ეს ამბავი უფრო დამაჯერებელი გახდა მას შემდეგ, რაც სცენაზე გამოსული სტივენ სპილბერგი დავინახეთ. რეჟისორი Apple TV+-თან ითანამშრომლებს. მის შემდეგ, სცენაზე ინთებოდნენ და ქრებოდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები – ჯენიფერ ენისტონი, რიზ უიზერსპუნი, ჯეისონ მომოა, ელფრი ვუდარდი და ა.შ. 

ისინი საუბრობდნენ სოციალური და კულტურული მნიშვნელობის შოუების, სერიალებისა თუ დოკუმენტური ფილმების შესახებ. საუბრობდნენ პროექტების შესახებ, რომელზე მუშაობაც უკვე დაწყებულია. მაგალითად, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალზე, სადაც მომავლის კაცობრიობა მხედველობის გარეშე ვითარდება. ასევე, საუბარი იყო შოუზე, რომლის მიზანიც მაყურებლისთვის იმიგრანტების ცხოვრების გაცნობა იქნება, ასევე, ყურადღება დაეთმო შოუს, რომელიც ქალთა უფლებებზე გააკეთებს აქცენტს. Apple TV+ ასევე აწარმოებს საბავშვო  და მუსიკალურ შოუებსაც. 

„დოკუმენტური ფილმიდან დრამებამდე, მულტფილმებიდან შოუებამდე, ეს Apple Tv +-ია, მსოფლიოს უდიდესი სთორითელერებისთვის“. 

Apple TV+ თავისუფალი იქნება რეკლამისგან. TV App-ის რედიზაინი მაისშია დაგეგმილი, თუმცა, Apple TV+ თავისი მზა პროდუქტებით საზოგადოების წინაშე შემოდგომაზე წარდგება. აღსანიშნავია ის, რომ ამ შემთხვევაში, არავის უხსენებია აპლიკაციის ფასი.  

ეს ყველაფერი არ არის, რისი თქმაც Apple Tv+-თან დაკავშირებით შეიძლება. ტიმ კუკმა უდიდეს სთორითელერად წარადგინა ამერიკელი ტელეწამყვანი და მსახიობი Oprah. ის ბავშვობაში სიღარიბისა და ძალადობის გადატანის მიუხედავად, გახდა აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი აფროამერიკელი ქალი. ოფრა უინფრიმ აღნიშნა, რომ უერთდება Apple-ის ამ პლატფორმას, რადგან ის აძლევს შესაძლებლობას, აკეთოს ის რასაც აკეთებდა, ოღონდ, ახლებურად. ის დოკუმენტური ფილმების მიმართულებით იმუშავებს. 

„ჩვენთვის ყოველთვის მომხმარებელი იქნება ცენტრი იმისა, რასაც გავაკეთებთ“, –  თქვა ტიმ კუკმა, თუმცა, მის სიტყვებს ტაში არ მოჰყოლია. შემდეგ მან დასძინა, რომ Apple მსგავსი რამის გაკეთებას გეგმავს, რასაც HBO, Disney თუ Sony Pictures აკეთებს.
“Everyone who works at HBO or Disney or Sony Pictures or whatever has to be like, yep, this is the exact same thing we do”.

ცოტაარიყოს გასაკვირია, რომ Apple აპირებს შექმნას სოციალურ-კულტურული კონტენტი, ნაცვლად იმისა, რომ დახვეწოს ინსტრუმენტები ამ სახის პროდუქტების შესაქმნელად. საით მიდის Apple? ღონისძიების პირდაპირ ეთერს ბრენდის რამდენიმე ლოიალურ მომხმარებელთან ერთად ვუყურეთ. მათი პირველადი შეფასება (რომელიც ჩვენ არ გვითხოვია) ასეთია:

“ჰარდვეარის განვითარება დამთავრდა…”

“ეს სერვისები ჩვენთვის არ არის და არც იქნება, სხვა პლანეტის ხალხისთვისაა”.

“ეს არის ნეტფლიქსი ეფლის სტილში”.

ვნახოთ, რას მოგვიმზადებს ტექნოლოგიური გიგანტი შემდეგი პრეზენტაციისთვის. თუმცა მანამდე, ნიშნავს თუ არა Apple-ის ამჟამინდელი აქცენტები ტენდენციას, რომ მსოფლიოს უმსხვილესი ბრენდები სოციალურ-კულტურულ პროცესებით სულ უფრო მეტად ინტერესდებიან? ინტერესდებიან იმდენად, რომ საკუთარ ძირითად მიმართულებებს მიღმა ტოვებენ? თუ ეს განვითარების მაღალი ეტაპია?

განხილვა

2 Responses

  1. 24/04/2019

    […] გაფართოებას ცდილობენ (მაგ, Apple), აღიარებს, თუ არა Google სოციალური ქსელის […]

  2. 26/04/2019

    […] გაფართოებას ცდილობენ (მაგ, Apple), აღიარებს, თუ არა Google სოციალური ქსელის […]