in

ერთ-ერთი პირველი ხმოვანი ასისტენტის ისტორია – Apple SIRI

მოლაპარაკე ვირტუალური ასისტენტი, რომელიც  Apple-ის ყველა მომხმარებელმა იცის და არა მარტო, უკვე 13 წელია, რაც არსებობს. SIRI-ს მეშვეობით ციფრული მოწყობილობების გამოყენების მეთოდი შეიცვალა და ის უფრო ახალ სიმაღლეებზე აიყვანა. მან დიდი გავლენა მოახდინა სხვა გიგანტურ ტექკომპანიებზეც, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის ნაწილია, ცალკე ქვებრენდადაც ჩამოყალიბდა.

istoriebi
istoriebi

თვალი გადავავლოთ SIRI-ს განვითარებასა და მის გავლენას ტექნოლოგიურ ლანდშაფტზე.

SIRI-ს გამოჩენა

რეალურად,  SIRI-ს გამოჩენა უკავშირდება აპლიკაციას iOS-ისთვის, რომელიც გამოვიდა 2010 წლის თებერვალში. ეს აპი იყო ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ცენტრისა და აშშ-ს თავდაცვის კვლევითი პროექტების სააგენტოს მიერ დაფინანსებული CALO-ს ერთ-ერთი ინიციატივა. მიზანი იყო ხელოვნური ინტელექტის პროდუქტის შექმნა, რომელიც მრავალი AI ტექნოლოგიის ინტეგრირებას ცდილობდა სხვადასხვა ხელსაწყოში. აპლიკაცია შექმნეს დაგ კიტლაუსმა, ტომ გრუბერმა და ადამ ჩეიერმა. 

სახელწოდება

„ბრწყინვალე გამარჯვება” – ასე ითარგმნება სახელი ნორვეგიული ენიდან, რომელიც მისი ერთ-ერთი შემქმნელის პატივსაცემად შეურჩიეს აპლიკაციას. ზოგიერთი გადმოცემით, ეს სახელი „საიდუმლოსაც” ნიშნავს.

პირველი მოწყობილობები

თავდაპირველად, დეველოპერებს სურდათ Siri-ს გამოშვება Android და BlackBerry მოწყობილობებისთვის, თუმცა, როცა 2010 წელს აპლიკაცია Apple-მა შეიძინა, მისი მიმართულება ავტომატურად სხვაგან წავიდა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო სტივ ჯობსის შენაძენი, რომელიც გარდაიცვალა 2011 წლის 5 ოქტომბერს, iPhone 4S-ის გამოცხადების მეორე დღეს. სწორედ  iPhone 4S-ში ინტეგრირდა პირველად ეს ხმოვანი ასისტენტი.

ვინ ახმოვანებს Siri-ს

Siri-ს რამდენიმე გამორჩეული ხმა ჰქონდა წლების განმავლობაში. ადრეულ დღეებში, iOS 7-ამდე, 2013 წლის სექტემბერში, მან გამოიყენა მომღერალ სიუზან ბენეტის ხმა, მოგვიანებით კი, როცა უკვე iOS 11 გამოვიდა, იგი სხვადასხვა ხმას იყენებდა, რათა ასისტენტი უფრო ადამიანურად და ბუნებრივად ჟღერდეს თავისი პასუხებით.

2021 წლის iOS 14.5 განახლების შემდეგ, Siri ასევე აღარ გთავაზობთ თავის არჩეულ ხმას, არამედ თქვენ გაძლევთ საშუალებას, რომ აირჩიოთ ერთ-ერთი. 

როგორი იყო Siri 13 წლის წინ

ჯერ კიდევ 2011 წელს, Siri არ იყო ისეთი დახვეწილი, როგორც ახლა. მიუხედავად იმისა, რომ ხმოვანი ასისტენტი იმ დროს ნამდვილად ინოვაცია იყო და, თუნდაც, მინიმალური ფუნქციონალით, მრავალ ადამიანს აკვირვებდა, დღევანდელი გადმოსახედით, ის არ იყო ისეთი მძლავრი ინსტრუმენტი.

მთავარი მინუსი, რაც ასისტენტს მაშინ ჰქონდა, მომხმარებლის ხმის ამომცნობი იყო, რომელსაც ხშირად რამდენჯერმე სჭირდებოდა გამეორება ბრძანების აღსაქმელად. მნიშვნელოვანი იყო ისიც, თუ რამდენად სწორად ჩამოუყალიბებდით მას კითხვას. როგორც ბევრი ადრეული ჭკვიანი ასისტენტის შემთხვევაში, Siri-საც არ ესმოდა ადამიანის ენა, ამიტომ ზუსტ მითითებებს ითხოვდა.

ამის მიუხედავად, მას ჰქონდა დიდი პოტენციალი, რომ დახვეწილიყო და გადაესწრო კონკურენტებისთვის.

პრობლემები, რომლებიც შეექმნა Apple-ს Siri-ს გამო

გამორჩეული აქცენტის მქონე მომხმარებლები, მათ შორის შოტლანდიური, ბოსტონური და სამხრეთამერიკული ინგლისურის მცოდნე ადამიანები ვერ აგებინებდნენ Siri-ს თავიანთ ბრძანებებს. ამის გამო ბრენდს ბევრი აკრიტიკებდა. ყველაზე მეტს აქტიურობდნენ ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ პრობლემაზე მუშაობდნენ. ჯერ კიდევ 2016 წელს, Fast Company-მა დააფიქსირა, რომ Siri ერთმანეთში ურევდა სიტყვებს: „აბორტი” და „შვილად აყვანა”. ამ და მსგავსი უხერხული შენიშვნების გამო Apple-ს ხშირად უწევდა ხმოვანი ასისტენტის განახლება.

როგორ შეიცვალა Siri წლების განმავლობაში

Siri-ს ახლა ბევრად უკეთესად ესმის და ინტერპრეტაციას უკეთებს მომხმარებლის ნათქვამს. მას დაემატა ბევრი ფუნქციონალი, როგორებიცაა: სიმღერების იდენტიფიცირება, განტოლებების ამოხსნა, დახმარება ნავიგაციაში, Apple Pay-ს მეშვეობით თანხის გადახდა და სხვა. ის კარგადაა ინტეგრირებული Apple-ის ახალი ფუნქციების უმეტესობასთან.

iOS 15-ს გამოსვლიდან მოყოლებული, მეტყველების დამუშავება და პერსონალიზაცია ახლა ხდება მოწყობილობაზე და არა ღრუბლის საშუალებით, რაც უფრო აჩქარებს ბრძანებების დამუშავებას. ის ასევე ხდის მას ბევრად უფრო უსაფრთხოს, რადგან აუდიომოთხოვნების უმეტესობა მთლიანად ინახება მოცემულ მოწყობილობაზე.

დღესდღეობით Siri ხელმისაწვდომია შემდეგ მოწყობილობებზე: iPhone, iPad, Mac, Apple Watch და HomePod. 

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Dirty Vegan რებრენდინგით ვეგანობის ახალ იმიჯს ქმნის

როგორ დავხვეწოთ ტექსტი, სამი სავარჯიშოს დახმარებით