21
Aug
2019

Apple-მა ფილმებსა და სერიალებზე $6 მილიარდი დახარჯა 

21 Aug 2019

Apple-მა, თავისი სერიალებისა და ფილმების გადასაღებად, $6 მილიარდზე მეტი დახარჯა. კომპანია ორიგინალ კონტენტს ახალი პლატფორმისთვის Apple TV+ ამზადებს. Bloomberg-ის ცნობით, სერვისი 2019 წლის ნოემბრიდან „გაეშვება“ და წინასწარი გათვლებით, 2020 წლისთვის, მისი გაყიდვები $50 მილიარდს მიაღწევს.

 

 

უნიკალური კონტენტის შესაქმნელად, კომპანიამ, ჯერ $1 მილიარდი გამოყო, შემდეგ კი ბიუჯეტი 6-ჯერ გაზარდა. როგორც თავად ამბობენ, უფრო მეტი ფილმისა და სერიალების წარმოებას გეგმავენ, ვიდრე თავიდან იყო დაგეგმილი. Apple-მა,  “The Morning Show”/ „დილის შოუს“ 2 სეზონის გადასაღებად $300 მილიონი დოლარი დახარჯა. სერიალში მთავარ როლებს ჰოლივუდის ვარსკვლავები ჯენიფერ ენისტონი, რიზ უიზერსპუნი და სტივ კარელი ასრულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, თითო ეპიზოდი „სამეფო კარის თამაშების“ ერთ სერიაზე ძვირადღირებულია და  $15 მილიონს აღემატება. გარდა ამისა, პლატფორმაზე  Apple TV+ საბავშვო შოუ, მუსიკალური სერიალი, ოპრა უინფრის შოუ და სტივენ სპილბერგის სერიალის ახალი ეპიზოდები გავა.

თუმცა, პოტენციურ კონკურენტებთან შედარებით, Apple მაინც ნაკლებ რესურსს ხარჯავს. Bloomberg-ის ინფორმაციით, ორიგინალი, უნიკალური პროდუქტების კონტენტისთვის, 2018 წელს Netflix-ის ბიუჯეტი $14 მილიარდი იყო, Disney-ის კი, 2019 წელს, $24 მილიარდი აქვს გათვლილი. მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსების აზრით, სავსებით შესაძლებელია, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში Apple-ის ახალი პლატფორმის გამომწერთა რაოდენობამ 100 მილიონს მიაღწიოს და Apple TV+ ბაზრის ლიდერი გახდეს, ისე რომ რეიტინგით Netflix-სა და Amazon-საც აჯობოს.

 

განხილვა