2 წლის წინ FineWoven-ის წარუმატებელი ქეისების შემდეგ, ეფლი კვლავ ცდილობს თავისივე ტყავის ქეისები ეკომეგობრული მასალით ჩაანაცვლოს, იმაზე მეტად მოდური და პრემიუმ კლასის გახადოს, ვიდრე ამას სილიკონის ვარიანტები გვთავაზობს — მოკლედ, iPhone 17-ის ახალი ხაზისთვის ამჯერად TechWoven Case-ს უშვებს, თანაც MagSafe-ით.
100%-ით გადამუშავებული პოლიესტერისგან არის მოქსოვილი, Jacquard-ის ქსოვილზე სხვადასხვა ფერის ძაფებითაა წარმოდგენილი, რითაც თითქოს განზომილებიანი ტექსტურა იქმნება და ფერსაც სიღრმეს მატებს. ქეისის გვერდები მსუბუქი ტექსტურის მქონე TPU-თი არის დაფარული, რათა მოჭიდება უკეთესი იყოს. ხოლო ანოდირებული ალუმინის ღილაკები მის მოხმარებას მეტად კომფორტულს ხდის.

ორი შემაერთებელი წერტილით ქეისი უსაფრთხოდ მაგრდება Crossbody Strap-ზე და საშუალებას გაძლევთ, თქვენი ახალი iPhone ხელების ჩართულობის გარეშე ატაროთ. ხოლო ჩაშენებული მაგნიტებით, რომლებიც იდეალურად ერგება iPhone 17 Pro Max-ს, ქეისი მიმაგრების ჯადოსნურ გამოცდილებას გთავაზობთ, უფრო სწრაფ უსადენო დამუხტვასთან ერთად. ამგვარად, როცა ტელეფონი დასატენი გექნებათ, იგი უბრალოდ თქვენს ქეისში უნდა იყოს მოთავსებული, შემდეგ კი მასზე MagSafe-ის დამტენი უნდა მოათავსოთ. დამუხტვისთვის კიდევ ერთი ვარიანტი iPhone-ის Qi2 25W-ზე ან Qi-სერტიფიცირებულ დამტენზე მოთავსებაა.

ფასი 59 დოლარია და 5 ფერშია წარმოდგენილი როგორც iPhone 17 Pro-სთვის, ისე Pro Max მოდელებისთვის, მათ შორისაა შავი, მწვანე, სტაფილოსფერი, იასამნისფერი და მუქი ლურჯი.
ზუსტად ისე, როგორც ეფლის შექმნილი სხვა ქეისების შემთხვევაში, აქაც დიზაინისა და წარმოების პროცესის ათასობით საათი გაიარეს. ამიტომ, მხოლოდ შესანიშნავად კი არ გამოიყურება, არამედ თქვენი iPhone-ის ნაკაწრებისა და წვეთებისგან დაცვასაც გვპირდება.
მართალია, FineWoven-ის სახით ეფლს ცუდი გამოცდილება აქვს, მაგრამ TechWoven Case-ის პოტენციალიც აშკარაა. თუმცა რამდენად წარმატებული გამოდგება, ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს…












