გასული კვირის პარასკევს Apple-მა თავისი ინოვაციური პროდუქტი, Vision Pro ჩაუშვა ბაზარზე — მისი ფასი $3499-დან იწყება. როგორც ბრენდი ირწმუნება, მოწყობილობა „სივრცითი გამოთვლების“ დასაწყისია, ვინაიდან ჰედსეტის მეშვეობით, თითოეული აპლიკაცია ჩვენს რეალურ სივრცეში გადმოინაცვლებს. ეფლის რეკლამებს თუ დავუჯერებთ, მსგავსი შესაძლებლობით მოწყობილობა ადამიანების განუყოფელ ნაწილად იქცევა — სამსახურში, ბავშვებთან თამაშისას, ყოველდღიური საქმიანობების შესრულებისას…
ეფლი დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ გაფართოებული რეალობა ბევრად ღირებული ტექნოლოგიაა, ვიდრე VR. უახლესი ჰედსეტი კი ორივეს იდეალურ სინთეზს წარმოადგენს — ეს არის „კომპიუტერი“, რომელიც გარშემო არსებულ სივრცეში მუშაობს. ცოტა მარტივად რომ წარმოიდგინოთ, მისი მეშვეობით შესაძლებელია როგორც სხვადასხვა სამუშაო პროგრამის გამოყენება, ისე ფილმებისა და სატელევიზიო შოუების ყურება გიგანტურ ვირტუალურ 4K HDR ეკრანზე.
გარდა ამისა, მაღალი დონის ჰედსეტისთვის ეფლმა Developer Strap წარადგინა — აქსესუარი, რომელიც დამატებით $299 ღირს და შექმნილია Vision Pro-ს კომპიუტერთან დასაკავშირებლად. USB-C პორტის მეშვეობით, პირდაპირ უკავშირდება მაკს, რაც დეველოპერებს საშუალებას აძლევს, უფრო კომფორტულად იმუშაონ ინტენსიურ აპლიკაციებში.
ამავდროულად, ამ უკანასკნელს აპლიკაციების ტესტირებისა და გამართვის დასაჩქარებლად გამოიყენებენ — Developer Strap მონაცემთა გადაცემის სისწრაფეს უზრუნველყოფს, რაც აუცილებელია გაძლიერებული რეალობის გამოცდილების შესაქმნელად.