Apple-ის CEO-ს, ჯონ ტერნუსს, თითქმის იგივე გამოწვევა აქვს, რაც 25 წლის წინ თვით სტივ ჯობსს ჰქონდა – დაამტკიცოს, რომ მათი პროდუქტი ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება.
ტერნუსმა CEO-ს რანგში გამართულ პირველ პრეზენტაციაზე, კომპანიის ერთ-ერთი უმთავრესი პროდუქტის პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა – iPhone Apple-ის პროდუქტის სტრატეგიის ცენტრში რჩება, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის ეპოქაშიც. მისი ხედვით, მსოფლიოში ძნელად მოიძებნება პროდუქტი, რომელიც მომხმარებლისთვის iPhone-ზე უკეთ არის შექმნილი.
ეს მიდგომა გარკვეულწილად განსხვავდება Apple-ის ყოფილი CEO-ს, ტიმ კუკის სტრატეგიისგან. კუკი წლების განმავლობაში ცდილობდა უოლ-სტრიტისთვის დაემტკიცებინა, რომ Apple მხოლოდ iPhone-ის კომპანია არ იყო.
ტერნუსის პოზიცია ასევე პასუხია იმ მოსაზრებებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში iPhone-ის მომავალს ეჭვქვეშ აყენებდა. ზოგი ანალიტიკოსი უკვე საუბრობს იმაზე, რომ სმარტფონების ეპოქა დასასრულს უახლოვდება, ზოგი კი მიიჩნევს, რომ Apple-ის მთავარი გამოწვევა სწორედ iPhone-ის შემდეგი ეტაპის პოვნაა.
თუმცა ტერნუსის ხედვა მხოლოდ მოწყობილობას არ ეხება. მან iPhone Apple-ის „ინტელექტუალური პერსონალური ასისტენტის“ სტრატეგიის ცენტრში მოაქცია. ეს არის ხედვა, რომელმაც შესაძლოა, კომპანიის მიმართულება წლების განმავლობაში განსაზღვროს.
მსგავსი მიდგომა Apple-ს უკვე ჰქონდა. 2001 წელს, iPod-ის წარდგენამდე რამდენიმე თვით ადრე, სტივ ჯობსმა Mac-ზე დაახლოებით იგივე აქცენტი გააკეთა.
იმ პერიოდში ბევრს მიაჩნდა, რომ პერსონალური კომპიუტერის ეპოქა დასასრულს უახლოვდებოდა. Macworld New York-ის პრეზენტაციაზე ჯობსმა იმდროინდელი ინდუსტრიის სკეპტიკოსების მოსაზრებები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ PC კი არ ქრება, არამედ ვითარდება.
ჯობსის ხედვით, პერსონალური კომპიუტერი „ციფრული ჰაბის“ როლს შეასრულებდა და სხვადასხვა მოწყობილობას: ციფრულ კამერებს, ვიდეოკამერებს, DVD-ფლეერებს და სხვას, ერთმანეთთან დააკავშირებდა. შედეგად, Mac მხოლოდ ცალკეული მოწყობილობა კი არა, მთლიანად ციფრული ეკოსისტემის ცენტრალური ნაწილი გახდებოდა.
იმავე წლის ბოლოს ჯობსმა ჯიბიდან iPod ამოიღო – მოწყობილობა, რომელმაც Apple-ისთვის უდიდესი კომერციული წარმატება მოიტანა, კომპანიის მოგება მნიშვნელოვნად გაზარდა და, საბოლოოდ, იმ ტექნოლოგიურ გზასაც გაუხსნა კარი, რომელმაც iPhone-ის შექმნამდე მიიყვანა.
ახლა, როდესაც iPhone-ის გამოჩენიდან თითქმის 20 წელი გავიდა, ტერნუსი ჯობსის 2001 წლის მსგავსი გამოწვევის წინაშე დგას: რა იქნება iPhone-ის შემდეგ?
ჯერჯერობით უცნობია, აქვს თუ არა Apple-ს iPod-ის მსგავსი ახალი პროდუქტი, რომელიც iPhone-ს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში კომპანიის ეკოსისტემის ცენტრში დატოვებს. თუმცა, ტერნუსი აშკარად არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ iPhone-ის საუკეთესო პერიოდი უკვე წარსულში დარჩა.
iPhone-ს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პერსონალური მოწყობილობაა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია AI-ს ეპოქაში, როდესაც ხელოვნურ ინტელექტს დიდი გამოთვლითი რესურსი სჭირდება. ამასთან, მისი მრავალფუნქციურობა მას ბევრი ადამიანისთვის ერთადერთ საჭირო კომპიუტერულ მოწყობილობადაც აქცევს.
ლეპტოპისა და iPad-ის მფლობელებსაც კი ხშირად სწორედ iPhone მიაჩნიათ იმ მოწყობილობად, რომლის გარეშეც ყოველდღიურობის წარმოდგენა რთულია. ადამიანები სახლიდან ლეპტოპის გარეშე ხშირად გადიან, ტელეფონის გარეშე კი – თითქმის არასდროს.
ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ Apple-მა iPhone გვერდზე გადადოს და ყურადღება მორიგ, უფრო „ფუტურისტულ“ მოწყობილობაზე გადაიტანოს, ტერნუსი საპირისპირო მიმართულებით მიდის – კომპანია iPhone-ის შესაძლებლობებზე კიდევ უფრო მეტად აკეთებს აქცენტს.












