in

Apple-სა და OpenAI-ს პარტნიორობა სასამართლო დავაში გადაიზარდა

Lenovo
Lenovo

Apple-ისა და OpenAI-ს პარტნიორობა სასამართლო დავაში გადაიზარდა. კომპანიებმა ერთობლივად იმუშავეს ChatGPT-ს ფუნქციების Apple-ის მოწყობილობებში ინტეგრირებაზე, თუმცა ახლა მათ შორის სამართლებრივი დავა დაიწყო, რომელიც, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენის მომხდენი აღმოჩნდეს.

Apple-მა სარჩელი ოფიციალურად შეიტანა. კომპანია თავის ორ ყოფილ თანამშრომელს ადანაშაულებს კონფიდენციალური ტექნოლოგიური ინფორმაციისა და კომერციული საიდუმლოებების მითვისებაში.

სარჩელის მიხედვით, Apple ამტკიცებს, რომ ბრალდებულებმა კომპანიის საკუთრებაში არსებული ინფორმაცია OpenAI-ს სამომხმარებლო სისტემის განვითარების დასაჩქარებლად გამოიყენეს. Apple-ის მტკიცებით, ყოფილმა თანამშრომელმა, ტენგ ტანმა კომპანიის დატოვებამდე საკუთარ ელექტრონულ ფოსტაზე გადააგზავნა კონფიდენციალური ინფორმაცია მომწოდებლების შესახებ და შიდა დოკუმენტების შეჯამებები. მოგვიანებით კი, ახალი თანამშრომლების შერჩევის პროცესში, კანდიდატებს, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ ოფიციალურად დაუანონსებელი Apple-ის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გაზიარებისკენ უბიძგებდა. ინფორმაცია მოიცავდა მონაცემებს პროტოტიპების, წარმოების პროცესების, მომწოდებლებთან ურთიერთობისა და სხვა კონფიდენციალური საკითხების შესახებ, რომელიც შემდეგ OpenAI-ს პროექტებში უნდა გამოეყენებინათ.

Apple სასამართლოსგან კომპენსაციას, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განხილვასა და იმ ინფორმაციის გამოყენების აკრძალვას ითხოვს, რომელიც, მისი მტკიცებით, უკანონოდ იქნა მოპოვებული.

OpenAI-მ ბრალდებები უარყო. კომპანიის განცხადებით, მათ სხვა კომპანიების კომერციული საიდუმლოებები არ აინტერესებთ, რადგან მათუ ყურადღება ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნაზეა მიმართული, რომლებიც ადამიანებს შესაძლებლობებს გაუზრდის.

Apple-ის სასამართლო სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ ამჟამად OpenAI-ში 400-ზე მეტი Apple-ის ყოფილი თანამშრომელი მუშაობს, რაც ცხადყოფს, რამდენად გამწვავდა კონკურენცია ორ კომპანიას შორის არა მხოლოდ მომხმარებლების, არამედ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვის მიმართულებითაც.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ჯერ Apple-ის ბრალდებების საფუძვლიანობა არ შეუფასებია, სარჩელი ნათლად აჩვენებს, რამდენად შეიცვალა ურთიერთობა ორ კომპანიას შორის, რომლებიც ცოტა ხნის წინ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით პარტნიორები იყვნენ, ახლა კი ამ სფეროში სხვადასხვა გზით და ერთმანეთის კონკურენტებად აგრძელებენ განვითარებას.

როგორ ქმნის ხელოვნური ინტელექტი მოდურ სამოსს ქსოვილის ნარჩენებისგან

სამი ღამე, ერთი საყვირი: როგორ აღნიშნა ბათუმმა Miles Davis-ის ასი წლის იუბილე