ტელეფონს მხოლოდ საათის ან ახალი შეტყობინების შესამოწმებლად ხსნით, თუმცა უცებ აღმოაჩენთ, რომ უკვე ერთი საათი გავიდა და ისევ სელებრითების დრამებს, კატების ვიდეოებს, ნეგატიურ ამბებსა თუ ინფლუენსერების პოსტებს ათვალიერებთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ უაზრო კონტენტზე დროისა და ენერგიის ხარჯვა არ გსურთ, მეორე დღეს ზუსტად იმავეს იმეორებთ. ამ მავნე ჩვევას, როცა სოციალურ ქსელებში გადაჭარბებულ დროს ვატარებთ, „დუმსქროლინგი“ (Doomscrolling) ეწოდება და ის დღეს წარმოუდგენლად ფართოდაა გავრცელებული. შარშანდელი კვლევების თანახმად, ამერიკელების 64% სწორედ ამ პრობლემითაა შეპყრობილი.
ეს აპლიკაციები მათთვისაა, ვისაც სულ რამდენიმე თავისუფალი წუთი აქვს და ტელეფონში უსასრულო სქროლვის ნაცვლად, რამე სასარგებლოს კეთება სურს.
Dudel Draw
თუ გსურთ, დუმსქროლინგისგან დაისვენოთ და რამე კრეატიული სცადოთ, Dudel Draw შესანიშნავი არჩევანია. ყოველდღიურად აპლიკაცია შემთხვევითად გთავაზობთ ფორმას, რომელიც ნახატად უნდა აქციოთ. ეს ფიგურები მარტივი გეომეტრიული ფორმებიდან დაწყებული, რთული აბსტრაქტული დიზაინებით დასრულებული, მუდმივად იცვლება. ამ შემოქმედებით პროცესში მეგობრების ჩართვაც შეგიძლიათ – ერთმანეთის ნამუშევრების შედარება სახალისო კონკურენციას ქმნის და TikTok-ისა თუ Instagram Reels-ის უსასრულო გაზიარებისგან კარგ ალტერნატივას გვთავაზობს. აპლიკაცია უფასოა და ხელმისაწვდომია iOS-ის მომხმარებლებისთვის.
Radio Garden
მათთვის, ვისაც სამყაროსთან კავშირის შენარჩუნება სოციალური ქსელების სქროლვის გარეშე სურს, Radio Garden იდეალური პლატფორმაა. ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მსოფლიოს მასშტაბით 25 000-ზე მეტ რადიოსადგურს პირდაპირ ეთერში მოუსმინონ. აპლიკაციის გახსნისთანავე რუკაზე მწვანე წერტილებით მონიშნულ ქალაქებსა და დასახლებებს დაინახავთ. ნებისმიერ წერტილზე დაჭერით, კონკრეტული ლოკაციიდან მაუწყებელ რადიოს ჩართავთ. ასევე, შესაძლებელია საყვარელი სადგურების მონიშვნა და კონკრეტული ქვეყნების ან ადგილების მოძებნა. აპლიკაცია უფასოა როგორც iOS, ისე Android სისტემებისთვის, თუმცა რეკლამებისგან გასათავისუფლებლად პრემიუმ ვერსიის შეძენაც შეგიძლიათ, რომლის ფასიც თვეში 2.99 დოლარია.
Elevate
კონცენტრაციის, მეხსიერების, კითხვის, მათემატიკური და სხვა კოგნიტური უნარების გასაუმჯობესებლად Elevate ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია. ის აერთიანებს 40-ზე მეტ თამაშს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში საჭირო უნარებს ავარჯიშებს – იქნება ეს ტექსტის სწრაფად წაკითხვა თუ ფასების ეფექტურად შედარება. მომხმარებლებს შეუძლიათ თვალი ადევნონ საკუთარ პროგრესს და დროთა განმავლობაში გონებრივი შესაძლებლობების განვითარება შეაფასონ. უფასო ვერსია დღეში სამი თამაშის ლიმიტს აწესებს, ხოლო ულიმიტო წვდომის მიღება წლიური 39.99-დოლარიანი გამოწერით არის შესაძლებელი ორივე მთავარ ოპერაციულ სისტემაზე: iOS, Android.
Vocabulary
ახალი სიტყვების ყოველდღიურად სასწავლად აპლიკაცია Vocabulary გამოგადგებათ. შეგიძლიათ თავად აირჩიოთ სირთულის დონე და თქვენთვის საინტერესო კატეგორიები – მაგალითად, ემოციები, ადამიანის სხეული, ბიზნესი და სხვა. თითოეულ სიტყვას ახლავს განმარტება, გამოყენების მაგალითები და გამოთქმის ინსტრუქცია. ნასწავლი მასალის გადასამეორებლად აპლიკაციაში მინი-თამაშებიცაა ჩაშენებული. მომხმარებელს შეუძლია კვირის განმავლობაში შესასწავლი სიტყვების რაოდენობის მიზანი დაისახოს და სასწავლო რუტინა გამოიმუშავოს. უფასო საცდელი პერიოდის შემდეგ, სერვისის ღირებულება თვეში 4.99, ხოლო წელიწადში 59.99 დოლარია. აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS-სა და Android-ზე.
Seterra
გეოგრაფიის მოყვარულებისთვის ან უბრალოდ ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავების მსურველებისთვის Seterra ზედგამოჭრილია. ის 300-ზე მეტ თამაშს მოიცავს რუკის ცოდნის შესამოწმებლად. აქ შეგიძლიათ გამოიცნოთ მსოფლიოს ქვეყნების დროშები, აღმოაჩინოთ ოკეანეები, ზღვები თუ მდინარეები და შეისწავლოთ მთიანეთები და ვულკანები. აპლიკაცია გაძლევთ საშუალებას, თვალი ადევნოთ პროგრესს კატეგორიების მიხედვით და თითოეულ თამაშში საუკეთესო მოთამაშეების რეიტინგები ნახოთ. ეს სრულიად უფასო აპლიკაციაა და ხელმისაწვდომია როგორც iOS-ზე, ისე Android-ზე.
NYT Games
New York Times-ის აპლიკაცია NYT Games ყოველდღიურად განახლებად სიტყვების, ლოგიკურ და ციფრულ თამაშებს გვთავაზობს გონების სავარჯიშოდ. შეგიძლიათ ითამაშოთ კროსვორდები, სცადოთ სიტყვების გამოცნობა Wordle-ში, დააჯგუფოთ საერთო თემის მქონე სიტყვები Connections-ში ან მოსინჯოთ, რამდენი სიტყვის შედგენას შეძლებთ 7 ასოსგან Spelling Bee-ს დახმარებით. ულიმიტო წვდომა და არქივი თვეში 5.99 დოლარი ღირს, თუმცა ისეთი პოპულარული თამაშები, როგორიცაა Wordle, Strands და მინი-კროსვორდები, სრულიად უფასოა ორივე ოპერაციულ სისტემაზე: iOS, Android.
Drops
თუ ახალი ენის შესწავლა გსურთ და Duolingo-ს ალტერნატივას ეძებთ, Drops მშვენიერი არჩევანია. ის ვიზუალურად მიმზიდველ მინი-თამაშებს იყენებს, რათა 45-ზე მეტ ენაზე ლექსიკა და ყოველდღიური ფრაზები მარტივად აითვისოთ. მოკლე გაკვეთილები დღეში დაახლოებით 5 წუთს იკავებს და იდეალურია როგორც დამწყებთათვის, ისე მათთვის, ვისაც უცხოენოვანი ლექსიკის გამდიდრება სურს. უფასო ვერსია დღეში ხუთწუთიან გაკვეთილებს გვთავაზობს, ხოლო ულიმიტო პრემიუმ წვდომის ფასი თვეში 11.99 ან წელიწადში 79.99 დოლარია, iOS და Android პლატფორმებზე.
წყარო: Techcrunch














